Logo

"მოერიდეთ ხელოვნურ ინტელექტს" - 78 წლის მეცნიერის გაფრთხილება

"მოერიდეთ ხელოვნურ ინტელექტს" - 78 წლის მეცნიერის გაფრთხილება

09/17/2026

ტექსტის ზომა

ბრიტანულ გამოცემა „დეილი მეილში“ (Daily Mail) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს: „ზეგონიერ სისტემებს შეუძლიათ, ადამიანების გადაშენება გამოიწვიონ“ და მთავრობას მოუწოდებს, რომ მათი შემუშავება აკრძალოს“ (ავტორი - შივალი ბესტი).

მართლაც, რამდენად საშიშნი არიან ზეინტელექტუალური რობოტები? რას გამოიწვევს მათი განვითარების აკრძალვა - რეგრესს თუ პროგრესს?

ადამიანი, რომელსაც „ხელოვნური ინტელექტის ნათლიას“ უწოდებენ, კაცობრიობას ახალი მოსალოდნელი უბედურების შესახებ აფრთხილებს - „მოერიდეთ ხელოვნურ ინტელექტს!“

ჯეფრი ჰინტონი

დოქტორი ჯეფრი ჰინტონი - კომპიუტერული მეცნიერების სფეროში ბრიტანელ-კანადელი სწავლული, ხელოვნური ნეირონული ქსელების ცნობილი მკვლევარი, კაცობრიობას დაუფარავად ეუბნება, ხელოვნურ ინტელექტს, თუ ის „ზეინტელექტუალი გონიერი არსება“ გახდება, შეუძლია პლანეტაზე ადამიანების გადაშენება გამოიწვიოს.

„ზეინტელექტი“ - ეს ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ხელოვნური სისტემა ბევრად უფრო ძლიერი ხდება, ვიდრე ნებისმიერი ცალკეული ადამიანი, კომპანია და, გნებავთ - მთელი ერი.

ხელოვნური ინტელექტი

„უკიდურესი უგუნურება იქნებოდა დღეს ზეინტელექტის შექმნა-შემუშავება, როცა ჯერ არ არსებობს მეცნიერული კონსენსუსი - რამდენად შეიძლება მისი გაკონტროლება და რა გზებით, ან საერთოდ, შეიძლება თუ არა მისი უსაფრთხო განვითარება.

თუ ჩვენ კონტროლს დავკარგავთ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც თავისი ნეირონულ-ელექტრონული ტვინით ადამიანის გონების შესაძლებლობას აჭარბებს, ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს“, - ამბობს 78 წლის დოქტორი ჯეფრი ჰინტონი.

ჯეფრი ჰინტონი

მეცნიერის განცხადებამ იმ კანონპროექტის მხარდასაჭერად გაიჟღერა, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციის - ControlAI-ის მიერ არის შემუშავებული და რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში ლეიბორისტმა დეპუტატმა ალექს სობელმა შეიმუშავა.

კანონპროექტი ხელოვნური ზეინტელექტის უსაფრთხოების შესახებ კრძალავს დიდ ბრიტანეთში ზეინტელექტუალური ხელოვნური ინტელექტის შემუშავებას.

ControlAI-ის მონაცემებით, ამ კამპანიას მხარი დაუჭირა უკვე 135-ზე მეტმა ბრიტანელმა პარლამენტარმა, სხვადასხვა პარტიიდან.

„ნობელის პრემიების ლაურეატები, ხელოვნური ინტელექტის დარგის წამყვანი სპეციალისტები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები პოლიტიკოსებს აფრთხილებენ, რომ კაცობრიობის გადაშენების რისკების შემცირება გლობალური პრიორიტეტი უნდა გახდეს“, - ნათქვამია ControlAI-ის განცხადებაში.

„ხელოვნური ინტელექტის სპეციალიზებული სისტემები - ისეთები, რომლებიც ხელს უწყობენ სხვადასხვა დარგის, ვთქვათ, მედიცინის განვითარებას - სტიმულს აძლევენ ეკონომიკის ზრდას, ინოვაციებს და სახელმწიფო სამსახურების მაღალხარისხოვან ტრანსდორმაციას. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ზეინტელექტური სისტემები, პირიქით, ეროვნულ და გლობალურ უსაფრთხოებას ემუქრებიან. დიდ ბრიტანეთს შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რისკებისა და მუქარების განეიტრალებაში“, - ხაზგასმულია დოკუმენტში.

ხელოვნური ინტელექტი

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საკვანძო ფიგურები ხელოვნური ინტელექტის სფეროში - ისეთები, როგორებიც არიან OpenAI -ის დირექტორი სემ ალტმანი, ეწინააღმდეგებიან კანონპროექტის პრინციპებს და აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებისადმი კონტროლი, ამ დარგის განვითარებას ხელს შეუშლის.

„თუ ჩვენ ეკონომიკის სწრაფი წინსვლა და ზრდა გვჭირდება, ამის გაკეთება მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის განვითარების წყალობით მოხდება“, - ამბობს სემ ალტმანი. მისი მტკიცებით, შეუძლებელია თავდაცვის ზომების მიღება მანამ, სანამ „პრობლემა არ წარმოიქმნება“.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026