
10/14/2026
ქორეოგრაფი თეონა ჩარკვიანი საჯაროდ იშვიათად ჩნდება. ამიტომ გელა ჩარკვიანის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულმა მისმა ვიდეომ, ინტერესი გამოიწვია.
გელა თავის წიგნში "ნაცნობ ქიმერთა ფერხული" მეორე შვილის დაბადებას ასე იხსენებს.
"25 ივლისს გოგო შეგვეძინა. თეონას მაშები არ დასჭირვებია, ადვილად დაიბადა. ყურების მიმართ გულგრილი არა ვარ. ბავშვებსა და ცხოველებს მეტწილად ყურებზე ვეფერები. როცა სამშობიაროში ნახევარი საათის დაბადებული თეონა მაჩვენეს, ყურებზე შევხედე, ნამდვილი ჩარკვიანია-მეთქი, ვთქვი და მედდას თეთრი ხალათის ჯიბეში ორმოცდაათმანეთიანი ჩავუტენე."

თავად თეონა კი მამაზე და ძმაზე საუბრობს.
თეონა ჩარკვიანი: ყველაფერი, რაც მახსოვს, გელასგან მახსოვს. სულ რაღაცას გვასწავლიდა. იტყოდა ლექსის ფრაზას, ჩვენ უნდა გაგვეგრძელებინა.
ყოველთვის რაღაცას აკეთებდა. იყავი სასარგებლო - Be Useful. არასდროს მინახავს მამა უბრალოდ, უქმად დამჯდარი. დილას 10 საათიდან 2 საათამდე იჯდა და წერდა. მერე ლანჩი ჰქონდა. და 4-დან 7 საათამდე ისევ წერდა. 7 საათზე ვახშამი გვქონდა. მერე ისევ ან წერდა ან კითხულობდა, ან პიანოზე უკრავდა.
გელას თვითონ ისე უყვარდა წიგნი, მისთვის წიგნი იყო მთავარი.

მის წიგნებში ყველაფერია - დრამატიზმიც, სატირაც, რომანტიზმიც. გააჩნია, რომელ წიგნს აიღებ. "ნაცნობ ქიმერთა ფერხული" მთელი მისი ცხოვრებაა, ყველანაირი ამბავია იქ, ჩვენი ოჯახისაც, პოლიტიკაც.
გელას ჩამოჰქონდა დიდი ფირფიტები, ერთად ვუსმენდით "პინქ ფლოიდს", "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის", "თმების" კინომუსიკას. ერთნაირი მუსიკა მოგვწონდა.
ირაკლის მუსიკა ჩემთვის პირველია. ასეთი მუსიკა არ არსებობს. ჩემთვის მუსიკაში მართლა მეფეა. ასეთი მელოდისტი იშვიათობაა. მის მელოდიას ისე იმახსოვრებ, თითქოს არანაირი პრობლემა არ არის.


ყველაზე საინტერესო მოგონებაა, მე და გელა მარტოები რომ ვისხედით და ვვახშმობდით. თითო ჭიქა თეთრი ღვინო გვქონდა და ვსაუბრობდით. ეს ყველაზე კარგად მახსენდება და ძალიან მენატრება.
უფრო ფილოსოფიური საუბარი გვქონდა, ვეძებდით ცხოვრების აზრს. ვეტყოდი, რომ მიყვარს და ძალიან მენატრება მასთან გატარებული საღამოები და მთელი ცხოვრება, რომელიც მასთან ერთად ვიცხოვრე.
ძალიან მინდა რომ აქ იყოს ახლაც, მაგრამ...

გააზიარე სტატია