Logo

მოსკოვში, ქართველი ბიზნესმენის მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლეს

მოსკოვში, ქართველი ბიზნესმენის მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლეს

10/04/2026

ტექსტის ზომა

მოსკოვში 53 წლის ქალისა და მისი 19 წლის ქალიშვილის მკვლელობას იძიებენ.

საქმეზე დაკავებულია 47 წლის მამაკაცი, რომელსაც რუსული მედია ქართველ ბიზნესმენ თეიმურაზ გოგიაშვილად მოიხსენიებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 3 ოქტომბერს მოსკოვში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში ადამიანის დანაწევრებული სხეულის ნაწილები იპოვეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვლილი 53 წლის ქალი იყო. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლებმა სისხლის კვალიც აღმოაჩინეს და გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ელენაელენა

რუსული მედიის ცნობით, გარდაცვლილი ელენა წერეთელია. გამოცემები წერენ, რომ ის მოსკოვში მოღვაწე ქართველი რესტორატორისა და ბიზნესმენის, მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე იყო. მათ საერთო ქალიშვილი, 19 წლის დარია ჰყავდათ.

მამუკა წერეთელი მოსკოვის სარესტორნო ბიზნესში 2000-იანი წლების ბოლოდან საქმიანობს. 2010 წლისთვის მისი კომპანია მოსკოვში Subway-ის ფრენჩაიზის შვიდ რესტორანს მართავდა. მოგვიანებით ბიზნესმენმა საკუთარი გასტრონომიული პროექტებიც განავითარა. მათ შორის იყო მოსკოვის „დეპოში“ გახსნილი Beer Pairing, რომლის შემქმნელად და იდეის ავტორად მამუკა წერეთელი სახელდებოდა.

ღია ბიზნესრეესტრების მიხედვით, წერეთელი მოსკოვში სხვა კომპანიებსა და უძრავი ქონების ბიზნესთან დაკავშირებულ პროექტებშიც ფიგურირებს.

მამუკა წერეთელი

რუსული გამოცემა MSK1-ის ინფორმაციით, ელენა და მამუკა წერეთლები რამდენიმე წლის განმავლობაში განქორწინებულები იყვნენ. ამავე წყაროს ცნობით, ისინი ერთ-ერთ კომპანიაში ბიზნესპარტნიორებადაც რჩებოდნენ.

გამოძიება მალევე მივიდა ელენა წერეთლის პარტნიორ მამაკაცამდე. სამართალდამცველებმა ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ავტოფარეხი, რომელსაც ეჭვმიტანილი იყენებდა.

მისი დათვალიერებისას იპოვეს გარდაცვლილი ქალის 19 წლის ქალიშვილის ცხედარი და იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავი. რუსული მედია, მათ შორის ТАСС-ზე დაყრდნობილი გამოცემები, ეჭვმიტანილად 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილს ასახელებენ. თუმცა ოფიციალური უწყებების განცხადებებში მისი ვინაობა საჯაროდ არ სახელდება.

მამაკაცი ვორონეჟის ოლქში დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სამართალდამცველებმა მისი გადაადგილების მარშრუტი ვიდეოთვალთვალის ჩანაწერების მიხედვით აღადგინეს. დაკავებულთან ერთად იმყოფებოდა 1986 წელს დაბადებული ქალიც, რომლის შესაძლო კავშირი დანაშაულთან ამჟამად მოწმდება.

ამ დროისთვის ოფიციალურად უცნობია, რა გახდა დანაშაულის მოტივი და რა ვითარებაში დაიღუპნენ ელენა წერეთელი და მისი 19 წლის ქალიშვილი. გამოძიება გრძელდება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბიზნესმენიელენა წერეთელიმამუკა წერეთელიმკვლელობამოსკოვი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026