საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნუცა შანშიაშვილი, თავისი გამომწერებისთვის, ვიდეობლოგებს ხშირად წერს. ის, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თავის გამოცდილებას ყველას უზიარებს და გულით აძლევს რჩევებს. ამჯერად მომღერალი ჰყვება სასწაულზე, რომელიც წლების წინ, მის ქმარს, მის თვალწინ შეემთხვა...
ნუცა შანშიაშვილი: მე იმას გიზიარებთ, რაც გამოვიარე. ადამიანები იმისთვის ვარსებობთ, რომ რაღაცები ერთმანეთს გავუზიაროთ. დავეხმაროთ, გვერდში ამოვუდგეთ ერთმანეთს. ჩვენი არსებობა არის საიდუმლოებებით სავსე. აი, რა ისტორიას გიამბობთ.
დიდი ხნის წინ, ასეთი რამ მოხდა. მოსკოვში, ჩვენი, ჩემი და თემურის სახლის წინ არის ულამაზესი, დიდი ტაძარი. რატომღაც, სულ რემონტი მიმდინარეობდა ამ ტაძარში. ბელორუსი კაცი იყო მფლობელი, ცოლი უკრაინელი ჰყავდა. თბილი ხალხი იყო... სულ დავდიოდით, სანთლებს ვანთებდით, ვლოცულობდით. ჩემი ქმარი, თემოც მართლმადიდებელი ქრისტიანია. ერთხელ წავედით ტაძარში. შევედით, დავინახეთ სამი ქალი გალობს, მამაო ლოცვას კითხულობს. უცებ ეს ბელორუსი კაცი მოვიდა და თემურს ხელზე დაეჭიდა, წამოდი, სასწრაფოდ მჭირდებიო. მისცეს ტექსტი, ეს უნდა წაიკითხო, უნდა დაგვეხმაროო. სერიოზული ლოცვა გვაქვს და წაიკითხეო. კიდევ კარგი მე არ მომცეს წასაკითხად, კი იდეალურად ვფლობ ამ ენას, მაგრამ ძველი ასოებით წაკითხვა გამიჭირდება.
თემური სასწაული ტემბრის პატრონია, ტელევიზიის და რადიომაუწყებლის ტემბრი აქვს. რომ ლაპარაკობს, უნიკალური ხმა ამოსდის. მოკლედ, ამ თავისი ხავერდოვანი ხმით დაიწყო ლოცვა. კითხულობს, კითხულობს... ამ ლოცვებში ერთი საათი გავიდა. იქით ქალბატონები გალობენ... გამოსვლის წინ მამაოს ვკითხე, რასთან დაკავშირებით ვლოცულობდით-მეთქი? ჩვენი ჯანმრთელობის პარაკლისია და დღეს უნდა წაგვეკითხაო.

გამოვედით ტაძრიდან და რეკავს ტელეფონი. ამერიკიდან გვირეკავდა ახლობელი, გადავრჩითო, ეუბნება თემურს. დავიბენით, რა ხდებათქო? სიკვდილის პირას იყო დედაშენიო, თემურს ეუბნება, გულზე პროცედურა ჩაუტარეს კლინიკაში და ხელი მომაწერინესო. არც ვიცოდით, როგორ იქნებოდაო... თემური თან ელაპარაკება, თან გაოცებულ-გაოგნებული მე მიყურებს. როდის გამოკეთდაო, ეკითხება. აი, ერთი საათია, რაც გამოკეთდა, გადარჩა და კარგადააო.
აი, წარმოიდგინეთ. თემურს დედა გაუხდა ცუდად, ოკეანის გადაღმა, ზემოთა სტრუქტურამ ისეთი ჯადოსნური ქმედება ჩაატარა, რომ აი, საიდან - სად, ამერიკაში ცუდად იყო დედა და შვილს მოსკოვში წააკითხინა ერთ საათიანი ჯანმრთელობის ლოცვა... ზუსტად შვილის ამ ლოცვამ გამოგლიჯა სიკვდილს დედა...!
ეს რატომ მოვყევი - ჩვენს მიღმა იმდენი სასწაული ხდება... ისეთი საიდუმლო სამყარო არსებობს, იმდენად უდიდესია ჩვენი შემოქმედის მიერ შექმნილი ფანტასტიკური სტრუქტურა, რომელშიც ვართ... რაღაც რომ მოდის, ამის არ გაკეთება, შეუძლებელია. რაც უფრო დავინტერესდებით ჩვენი სარწმუნოებით, მრწამსით, რწმენით, რა საოცარ სამყაროში ვიმყოფებით, მით უფრო გაგვიადვილდება არსებობა...

01/27/2026