საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნინო კასრაძე 23 წლის იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი და რობერტ სტურუას რჩეული რომ გახდა. ვარსკვლავად აღიარეს პირველივე როლით სპექტაკლში - „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“.
თეატრის კრიტიკოსი, თეატრმცოდნე ნოდარ გურაბანიძე წერდა: „ამ ახალგაზრდა, უკვე ვარსკვლავად აღიარებული მსახიობი ქალის შესრულებაში განსაცვიფრებელი გრადაცია იგრძნობა, ეს არის შინაგანი გარდაქმნა, ახალი ადამიანის დაბადება. თანდათანობით, როცა ნამდვილი ღრმა გრძნობა გაიტაცებს, ამ მეძავში ქალწული იბადება. კდემამოსილების, უბიწობის შუქს ასხივებს არა მარტო მისი თვალები, არამედ მთელი სხეული… ისე, მსუბუქად მოძრაობს ნინო კასრაძე, თითქოს მართლაც სიზმრისეულია. მას ახასიათებს მოცეკვავის გრაცია, პლასტიკა და სხეულის სიმკვრივე. მისი მსუბუქად სტილიზებული მოძრაობა, რომელიც იაპონელი აკვარელისტების მიერ შექმნილი გეიშების სილუეტს გვაგონებს, სწორედ თეატრალურად არის სტილიზებული, მკლავებისა და ხელის მტევნების პლასტიკა მისი სულის მოძრაობას გამოხატავს“.

ნინო კასრაძემ პოდკასტში "ვიკასთან", მაყურებელზე თეატრის გავლენაზე საუბრისას, ერთი ფაქტი გაიხსენა, რომელიც ზუსტად ამ სპექტაკლს უკავშირდება.
ნინო ჰყვება, თუ როგორ იხსნა მისმა პერსონაჟმა მამაკაცის სიცოცხლე თვითმკვლელობისგან.
ნინო კასრაძე: 90-იან წლებში რუსთაველის თეატრი დიდი გასტროლით იმყოფებოდა რუსეთში. ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამიანი" ვითამაშეთ, სადაც მე მთავარი პერსონაჟის როლში ვარ, ქალიც და კაციც, ბოროტებაც და სიკეთეც, ეს გმირი გარდაისახება. სპექტაკლს დიდი წარმატება ჰქონდა.
2015 წელს ფალიაშვილზე რაღაცას ვყიდულობდი და მოვიდა ვიღაც კაცი და მეუბნება, უკაცრავად, რომ არ გამოგელაპარაკოთ არ შემიძლია. მე მოსკოვში ვნახე ეს სპექტაკლი და მან მე თვითმკვლელობას გადამარჩინაო. საშუალო ასაკის კაცი იყო და ისეთი გრძნობით მითხრა... მე რომ მაშინ თავი არ მოვიკალი, ეს იყო ამ სპექტაკლის დამსახურებაო. ასეთი რამ მითხრა...
მე მწამს და მჯერა, რომ ეს ასეც იყო. ეს ისეთი რაღანაირი ნათქვამი იყო, თვალები, ყველაფერი... გამომართვა ნომერი. მერე დამირეკა და მითხრა, სამშენებლო ბიზნესში ვარ და თუ რამეში დაგჭირდეთ, დაგეხმარებითო...
ეს ერთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში და წარმოიდგინეთ, როგორ უყვარდა ხალხს ძველი თაობის მსახიობები. რომელიმე მათგანი, ვთქვათ, რამაზ ჩხიკვაძე ან კარლო საკანდელიძე რომ შემოსულიყო, მომკვდავი ხალხი კარგად ხდებოდა... დიდი გავლენა აქვს თეატრს, მსახიობს...
03/11/2026