Logo

ინტერვიუ

"მოვიდა, მკერდზე თავი დამადო და ატირდა... ქართველი ხომ არ ხარ, რატომ მოხვედიო?" - თათა ვარდანაშვილი სასწაულზე გვიყვება

"მოვიდა, მკერდზე თავი დამადო და ატირდა... ქართველი ხომ არ ხარ, რატომ მოხვედიო?" - თათა ვარდანაშვილი სასწაულზე გვიყვება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თათა ვარდანაშვილი"ზმნას" სასწაულზე უყვება, რომელიც 16 წლის წინ ეგვიპტეში გადახდა. დიზაინერი მაშინდელი პრემიერ-მინისტრის დელეგაციის წევრი იყო, სურდა ეგვიპტეში წმინდა გიორგის საძვალე მოენახულებინა. იქ კი მისტიკური დრამატურგია განვითარდა...

თათა ვარდანაშვილი: ეგვიპტეში წმინდა გიორგის საძვალე ვიპოვე. ამ სასწაულ ისტორიას მოგიყვებით.

2010 წელი იყო. ჯერ არ მქონდა წარმოება სახელმწიფოზე გადაცემული. სავაჭრო პალატა გამოფენით დუბაიში მიემგაზვრებოდა. პრემიერ-მინისტრის, ბატონი ნიკა გილაურის ოფიციალური ვიზიტი იყო დაგეგმილი. ნათლისღებას გავფრინდით. მაგრამ მანამდე, 23 ნოემბერს ქაშვეთში უწმინდესი უნდა მობრძანებულიყო და მე დაფარნები შევწირე ტაძარს. გამგზავრების წინ მივირბენდი და კურთხევას ვიღებდი მოძღვრისგან. დუბაიში გამგზავრებამდეც მივედი. მამა გიორგი გეთიაშვილი დამხვდა. მას ვთხოვე დალოცვა. წმინდა გიორგის პარაკლისს გადავიხდი და ისე წადიო. ასე მოულოდნელად, რატომ გადაწყვიტა წმინდა გიორგის პარაკლისის წაკითხვა, კაცმა არ იცის. გულმოდგინედ დამაყენა. მომცა საკითხავი. წმინდა გიორგის პარაკლისი ვილოცეთ, ზეთი მცხო და წავედი. დამიბრუნეს პასპორტი, ვხედავ დუბაის ნაცვლად ეგვიპტის ვიზა მირტყია. დუბაიში წყალდიდობა მომხდარიყო, რომელიც ას წელიწადში ერთხელ ხდება. ამიტომ შეიცვალა მიმართულება და წავედით ეგვიპტეში...

წინა პერიოდში არაბებმა ჩახოცეს კოპტები და დედაღვთისმშობლის გამოცხადება დაიწყო.

თვითმფრინავში ერთი ქალბატონი გადმომიჯდა და მითხრა, ვიცი, მორწმუნე ხართ, მაგრამ ჯვარი არ გამოგიჩნდეს, ქუჩაში შემთხვევით ვინმეს არ გადაეყარო, შეიძლება რამე დაგიშავონო. მოკლედ, ჯვარი დამალეო, მირჩია. ტრაპთან დაგვხვდა ოფიციალური დელეგაცია და იყო აღლუმი. ისევ მოვიდა ეს ქალი და მეუბნება, აქედან ისე არ წახვიდე, წმინდა გიორგის საძვალე რომ არ მოილოცოო. ვინ არის ეს ქალბატონი-მეთქი რომ ვიკითხე, ელჩის მეუღლეო, მითხრეს. მერე ელჩს ვთხოვე ამ საძვალის მისამართი. მან ფურცელზე დამიწერა და ამ დროს დაიძახეს - პრემიერთან სადილიაო.

მე უკვე ამ სუფრიდან დაძვრომა და მოცემულ მისამართზე წასვლა მინდა. ვიღაცამ დაურეკა გილაურს. წამოდგა და ავედევნე, ბატონო ნიკა, წავალ და საათნახევარში ისევ შემოგიერთდებით-მეთქი. მოკლედ, სუფრიდან გამოვიპარე და ამედევნა ერთი მამაკაცი, დელეგაციის წევრია, მაგრამ არ ვიცნობ და მეკითხება, შემთხვევით წმინდა გიორგის საძვალის სანახავდ ხომ არ მიდიხარო? მისმენდა თურმე. უკან კიდევ ერთი ქალბატონი მოდის, მეც თქვენთან ერთად წამოვალო. სამნი ვართ. წავედით. ტაქსის მძღოლი ემიგრანტი რუსი აღმოჩნდა. გვითხრა, რომ 4 საათზე იკეტება ის ადგილი, სადაც მივდივართ. უკვე 4-ის ნახევარი იყო, წინ კი დიდი გზა გვედო. საცობები იქნებაო, ვერ მივალთ ოთხი საათიო, მძღოლი გვაფრთხილებს. მაგრამ პატარა ქუჩებით, ბარდიურებზე გადავლით 5-ის 15 წუთზე მივედით.

სვეტიცხოველს რომ გალავანი არტყავს, ასეა შემოსაზღვრული დიდი სამონასტრო კომპლექსი. ცხრაკლიტული ადევს ალაყაფის კარებს. როგორც მუზეუმი დაიკეტა, მაგრამ როგორც მერე გავარკვიე, კომპლექსში სხვადასხვა მონასტრებია სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის - მართლმადიდებლური, კოპტური, გრიგორიანული, კათოლიკური... ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა წმინდანების სანაწილეებია დაცული და მათ სახელზე აგებულია სამონასტრო კომპლექსები.

მოკლედ, წავედითო მეუბნებიან ჩემი მხლებლები. რა გქვიათ-მეთქი ამ მამაკაცს ვეკითხები, ვინც გამომყვა. ნიკოლოზიო, ამ ქალბატონს - მანანა. მერედა, ნიკოლოზ, არ იცი, წმინდა ნიკოლოზმა ხუთი წუთით ადრე იცის ჩვენი სურვილი. თუ აქამდე მოგვიყვანა იცის, რატომაც მოვედით. ეს კარი გაიღება, შიგნით შევალთ და ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. დადექი და წმინდა გიორგის გალობა იგალობეთ-მეთქი. დაიწყო გალობა. ამ ქალბატონმა მეორე ხმა მისცა. თურმე ტაძარში გალობს. კინოებში რომ გაგიგია, დიდი ურდულები რომ ჩხაკუნით იხსნება, ასე გაიღო კარები. თავი გამოყო დაცვამ. ვევედრე და არ გვიშვებს. ამ დროს კარში გამოდის ჯმუხი, მსუქანი ეგვიპტელი ქალი, ხელში უჭირავს გასაღებების აცმა და 20 დოლარიანი ჩავუკუჭე, შემიყვანეთ-მეთქი. ესენი ჩემთან არიანო, დაცვას უთხრა, მომკიდა ხელი და შეგვიყანა. კატაკომბასავით იყო ის გვირაბი, რაშიც შევედით. მაგრამ ამ ქალმა, მე ჩემი საქმე მაქვსო და წავიდა. გავიხედეთ-გამოვიხედეთ და სადღაც შორს ელვარე შუბი დავინახე. თქვენ გალობა არ შეწყვიტოთ, წმინდა გიორგი მიგვიყვანს თავის ადგილას-მეთქი. მივედით წმინდა გიორგის ქანდაკებასთან. ისევ დაკეტილ კართან აღმოჩნდით. ესენი გალობენ... ახლა წმინდა ნიკოლოზის ტროპარი იგალობეთ-მეთქი. მე გალობა არ შემიძლია, მედავითნე ვარ, მსახურება მიმყავს, მაგრამ გალობა არ შემიძლია, თორემ ავყვებოდი.

მოკლედ, ვლოცულობ, ღმერთო, აქამდე თუ მომიყვანე, იყოს ნება შენი და გაიხსნეს ეს კარი-მეთქი და ისევ ის გასაღებებიანი ქალი არ მოვიდა?! წეღან რომ არ ეცალა. კარი გაგვიღო და გგონია, ყურადღება მოგვაქცია? ისევ თავის საქმეზე წავიდა...

ზუსტად ვიცი, მარიამ მეგვიპტელი შემეწია, ან ეგ ქალი თვითონ იყო მარიამ მეგვიპტელი. ცოცხალი...

მესმის ხმა, მოძღვარი რომ მოძღვრავს ვიღაცას, ოღონდ ქალის ხმაა. ვიფიქრე, დედა მონასტრის მონაზონია-მეთქი. მივყვები ხმას. ვხედავ, იღუმენიაა, ოქროს ჯვრით, წინ მუხლებზე დაჩოქილი მამაკაცი დგას და ტუქსავს. შემხედა, მოვიდა, მკერდზე თავი დამადო, ამომხედა და ატირდა. იცით, როგორი გარემოება შეიქმნა, ადამიანი მთელი ცხოვრება რომ რაღაცას ელოდება და ღმერთი რომ მოუვლენს. მე სახტად დავრჩი. არ ვიცი, სად ვარ, რას ვაკეთებ და რა მინდა. წინ ვხედავ, რომ არის საკურთხეველი, თავზე კიდია წმინდა გიორგის ხატი. კედელზე ჯაჭვი და უღელია. როგორც მივხვდი, წმინდა გიორგის წამების ნაწილები...

ეს ქალი შემობრუნდა, იმ ახალგაზრდა კაცს რაღაც უთხრა და ის წავიდა. მე მომიბრუნდა და ინგლისურად მეკითხება, ქართველი ხომ არ ხარ? აქ რატომ მოხვედიო? მე მოვუყევი და დავამატე, ისე არ მინდა წავიდე, წმინდა გიორგის საძვალე არ მოვილოცო-მეთქი. საკურთხეველში შევიდა, კიოტი ახსნა და სქელ პარკში და დაფარნაში გადახვეული წმინდა გიორგის სხივის ძვალი ამოიღო. ისეთი კეთილსურნელება ამოჰყვა მირონს, მღველვარებისგან, შთაბეჭდილებისგან და კეთილსურნელებისგან, თავბრუდამეხვა. ბამბით მირონი შემიგროვა, ნაკურთხი წყალი გამომიტანა. იმ ნიკოლოზს უღელი დაადგა და ისე დააჭერინა წმინდა გიორგის სიწმინდე. ეს კაცი მღელვარებისგან ვერ ლაპარაკობდა. მე მგონი, სამყაროს განწმენდის დღე იყო. ეგვიპტეში გამოფრენის წინ ისეთი თოვლი მოდიოდა თბილისში, არაფერი ჩანდა. რომ დავბრუნდით, ისევ ისეთი თოვლი დაგვხვდა.

და სასწაული - ქაშვეთის ტაძარს როგორი დაფარნაც შევწირე, ისეთ დაფარნაში იყო გახვეული წმინდა გიორგის ძვალი... მეწამული - ოქროსფერი, იგივე ორნამენტით. სასწაულებრივად ზუსტად იდენტური...

ავტორი: თამარ გონგაძე

03/06/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024