Logo

მსახიობი, რომელმაც ცხოვრება განდეგილობით დაასრულა

მსახიობი, რომელმაც ცხოვრება განდეგილობით დაასრულა

10/15/2026

ტექსტის ზომა

ჯოზეფ ვან დენ ბერგი (1949 – 13 ოქტომბერი, 2023) — ცნობილი ნიდერლანდელი მსახიობი, რეჟისორი და თოჯინების თეატრის ხელოვანი, რომელმაც შემოქმედებითი წარმატების მწვერვალზე უარი თქვა თეატრალურ კარიერაზე და საბოლოოდ მართლმადიდებელი განდეგილის ცხოვრება აირჩია.

  • მისი ცხოვრების ისტორია მოგვითხრობს ადამიანზე, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში სცენაზე განასახიერა სხვადასხვა პერსონაჟი, მაგრამ ბოლოს ისეთი ჭეშმარიტება აღმოაჩინა, რომლის წარმოდგენად ქცევაც შეუძლებლად მიიჩნია. მან დატოვა პროფესიული დიდება, მატერიალური კეთილდღეობა და ჩვეული ცხოვრების წესი, რათა მთელი თავისი არსებობა ქრისტესთვის მიეძღვნა.

ჯოზეფ ვან დებერგი

  • 1989 წელს ჯოზეფ ვან დენ ბერგი ბელგიაში თავისი ახალი სპექტაკლის, „კმარა ლოდინი“, პრემიერისთვის ემზადებოდა. წარმოდგენა მან მიუძღვნა ძმას, რომელიც ერთი წლით ადრე თავის ტვინის სიმსივნით გარდაცვლილიყო. სწორედ ამ პერიოდში მის ცხოვრებაში მოხდა მოვლენა, რომელმაც მისი შემდგომი გზა სრულიად შეცვალა.

როგორც თავად მოგვიანებით იხსენებდა, იმ დღეებში მან ღვთის განსაკუთრებული სიახლოვე განიცადა.

ჯოზეფ ვან დებერგი

ერთხელ ჯოზეფი სასტუმრო ოთახში იჯდა და წერილს წერდა, რომლის გამოყენებასაც იმ საღამოს, სპექტაკლის მსვლელობისას, პირველად აპირებდა. მოულოდნელად ფურცელზე ასეთი შეკითხვა დაწერა:

„რატომ ვერ ხვდები, რომ მე მოსვლა არ შემიძლია, რადგან უკვე აქ ვარ?“

  • მოგვიანებით ამ უჩვეულო გამოცდილებას იგი ასე აღწერდა:

„სწორედ იმ წამს, სრულიად მოულოდნელად, თითქოს არსაიდან, ღმერთმა თავისი ხელი ჩემს გულს დაადო. იმ სიყვარულის წყალობით, რომელიც მან მომმადლა, მთელი არსებით ვიგრძენი, რომ ფურცელზე ვწერდი შეკითხვას, რომელსაც თავად ღმერთი მისვამდა“.

ამ განცდის მიუხედავად, ჯოზეფმა პრემიერა მაინც გამართა. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, ეს მისი უკანასკნელი თეატრალური გამოსვლა აღმოჩნდა.

თავად ჯოზეფის რწმენით, ღმერთმა მას მოუწოდა და ამ მოწოდებისთვის პასუხი უნდა გაეცა.

ჯოზეფ ვან დებერგი

1989 წლის 14 სექტემბერს, ანტვერპენის ხელოვნების ცენტრში დაგეგმილი საღამოს წარმოდგენის წინ, მან ხელში ბიბლია აიღო და უფალს ჰკითხა, როგორ უნდა მოქცეულიყო. წმინდა წერილი სწორედ იმ ადგილას გადაეშალა, სადაც პავლე მოციქული ბრძანებს:

„გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყჳს უფალი“ (2 კორ. 6:17).

ამ სიტყვებმა მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე

სპექტაკლის დაწყებამდე ჯოზეფი სცენაზე გამოვიდა, მაყურებლის წინაშე დადგა და სრულიად მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

  • „შევეცდები, აგიხსნათ, რაც ხდება. იმედი მაქვს, პატივისცემით მოეკიდებით როგორც ჩემს პიროვნებას, ისე ჩემს გადაწყვეტილებას.

ჯოზეფ ვან დებერგი

მე სცენაზე აღარასოდეს გამოვალ.

მე მივუახლოვდი ჭეშმარიტებას, რომლის განსახიერებაც სცენაზე შეუძლებელია.

ძალიან დიდხანს ვეძებდი. ყველგან ვიყავი, ყველგან ვცდილობდი მეპოვა ის, რასაც ვეძებდი. ბოლოს კი ერთ რამეს მივხვდი: ადამიანი ეძებს, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ თავად კი არ პოულობს, არამედ მას პოულობენ.

სწორედ ამიტომ ვდგავარ დღეს თქვენს წინაშე უკანასკნელად.

მინდოდა დამედგა სპექტაკლი სახელწოდებით „კმარა ლოდინი“...

თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ სიმართლეს არ ვამბობ“.

ამ დროს დარბაზში სიცილი გაისმა. მაყურებელს ეგონა, რომ მსახიობი მორიგ როლს ასრულებდა და მისი სიტყვებიც წარმოდგენის ნაწილი იყო.

ჯოზეფმა განაგრძო:

„ცდებით! სწორედ ამაში მდგომარეობს თეატრის მაცდუნებელი ბუნება. თეატრი სიცრუეა.

თქვენ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით, რომ სიმართლეს გეუბნებით. ფიქრობთ, თითქოს გატყუებთ და ახლა რაღაც მოულოდნელს მოვიმოქმედებ.

ჯერ კიდევ არ გჯერათ ჩემი“.

დარბაზში სიცილი კვლავ გრძელდებოდა.

„ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ წუთიდან, დღევანდელი საღამოდან, სცენაზე აღარასოდეს გამოვიდე.

ქალბატონებო და ბატონებო, სწორედ ამ ადამიანის — ქრისტეს — გამო ვქმნიდი ამ სპექტაკლს.

ახლა უკვე ვიცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა, ამიტომ ამ პროფესიას ვტოვებ.

ჩემთვის ყველაფერი დასრულდა.

აღარ შემიძლია ყოველ საღამოს აქ გამოსვლა და ერთი და იმავე ამბის მოყოლა.

ამას იმიტომ გეუბნებით, რომ დღეს თქვენ და მე ერთად ვიმყოფებით აქ.

ჩემთვის ყველაფერი დასრულდა. მე ჭეშმარიტებას ვეძებ. აღარ შემიძლია იმის თქმა, რაც სიმართლე არ არის. ამიტომ ყველას გემშვიდობებით.

ჩემი თეატრალური ცხოვრება დასრულებულია. მე მივდივარ.

ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ.

ბილეთებში გადახდილი თანხის დაბრუნებას სალაროში შეძლებთ“.

ამ სიტყვების შემდეგ ჯოზეფ ვან დენ ბერგმა სცენა დატოვა.

ჯოზეფ ვან დებერგი

დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მაყურებელი თანდათან მიხვდა, რომ ეს არც წარმოდგენა იყო და არც მსახიობის მორიგი იმპროვიზაცია. მის განცხადებას დარბაზში მყოფთა მძაფრი ემოციური რეაქცია მოჰყვა.

ასე დასრულდა 1989 წლის სექტემბერში ჯოზეფ ვან დენ ბერგის თეატრალური კარიერა.

პირველი ნაბიჯები მართლმადიდებლობისკენ

თუმცა ქრისტესკენ მის შემობრუნებას წინ უძღოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა.

ჯოზეფის ნაცნობი ქალი, რომელიც გურჯიევის მოძრაობის მიმდევართა წრეს ეკუთვნოდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. გიორგი გურჯიევი მისტიკური და ეზოთერული მოძღვრების წარმომადგენელი იყო, რომლის სწავლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდევრები ჰყავდა.

გარდაცვლილ ქალს ანდერძად დაეტოვებინა, რომ მართლმადიდებლური წესით დაეკრძალათ.

დაკრძალვა 17 აგვისტოს, ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში გაიმართა.

სწორედ იქ მოისმინა ჯოზეფმა პირველად ნიდერლანდურ ენაზე შესრულებული სამწმიდაო საგალობელი — „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგვიწყალენ ჩუენ“.

ამ გამოცდილებამ მასზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც თავად მიიჩნევდა, სწორედ მაშინ გააცნობიერა გურჯიევის მოძღვრების მცდარობა.

თეატრალური კარიერის დასრულების შესახებ საჯარო განცხადების შემდეგ, 1989 წლის სექტემბრის მიწურულს, ჯოზეფი ინგლისში გაემგზავრა. ესექსის საგრაფოს ქალაქ მალდონში მდებარე წმინდა იოანე ნათლისმცემლის მართლმადიდებლურ მონასტერში იგი შეხვდა ცნობილ სულიერ მოძღვარს, არქიმანდრიტ სოფრონს (სახაროვს).

ეს შეხვედრა მისი სულიერი ძიების მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა.

1990 წლის იანვრის დასაწყისში ჯოზეფი ათენში ჩავიდა, სადაც კიდევ ერთ დიდ სულიერ მოღვაწეს, ღირს პორფირი კავსოკალიველს შეხვდა.

ღირსმა პორფირიმ დაუდასტურა, რომ ანტვერპენში განცდილი მოვლენა ღვთის მოწოდება იყო. ამასთან, უთხრა, რომ ამიერიდან „ქრისტეს მსახიობი“ უნდა გამხდარიყო.

ჯოზეფ ვან დებერგი

მამა პორფირიმ იგი წმინდა ათონის მთაზეც გაგზავნა, სადაც ჯოზეფი ღირს პაისი ათონელს შეხვდა.

  • ნიდერლანდებში დაბრუნების შემდეგ ჯოზეფი მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა.

გარკვეული ხნის განმავლობაში იგი კვლავ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ახლობლებს მისი სულიერი არჩევანის გაგება უჭირდათ.

ამ პერიოდში ჯოზეფი ცდილობდა, ღირსი პორფირის კურთხევა ისე აღესრულებინა, როგორც თავად ესმოდა. მას სურდა, თეატრალური ხელოვნება ქრისტიანული რწმენის საქადაგებლად გამოეყენებინა და დაედგა წარმოდგენები, რომლებიც ღმერთსა და იესო ქრისტეს მიეძღვნებოდა.

თავდაპირველად მუშაობდა სპექტაკლზე „თავდაყირა დამდგარი სამყარო“, შემდეგ კი — „შეხვედრაზე“.

თუმცა მის ჩანაფიქრს არც კულტურის სამინისტრომ დაუჭირა მხარი და არც მეგობრებმა. ჯოზეფი მძიმე შინაგან წინააღმდეგობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, სურდა, თავისი შემოქმედებითი ნიჭი ქრისტეს მსახურებისთვის მიეძღვნა, მეორე მხრივ კი, სულ უფრო ძლიერად გრძნობდა, რომ მისგან სრულიად განსხვავებულ ცხოვრებას მოითხოვდნენ.

ჯოზეფ ვან დებერგი

სახარების სიტყვები, რომლებმაც მისი ცხოვრება შეცვალა

1991 წლის 2 ივნისს, სწორედ ასეთ სულიერ მდგომარეობაში მყოფი, იგი სენ-იუბერში მდებარე წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის პატარა მართლმადიდებლურ მონასტერში მივიდა.

საღვთო ლიტურგიის დროს მან მოისმინა, როგორ კითხულობდა არქიმანდრიტი პახომი მაცხოვრის სიტყვებს:

„რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს იგი ჩემდა ღირს. რომელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი“ (მათ. 10:37–39).

სახარების ამ სიტყვებმა ჯოზეფზე განსაკუთრებული ზემოქმედება მოახდინა. მან ისინი საკუთარი ცხოვრებისადმი მიმართულ მოწოდებად მიიღო.

ტაძრიდან გამოსვლისას შესაწირავ ყუთში მთელი ფული ჩადო, რაც თან ჰქონდა, და უფალს მიმართა:

„უფალო, ამიერიდან შენ უნდა იზრუნო ჩემზე. მთლიანად შენს ნებას ვემორჩილები!“

ჯოზეფ ვან დებერგი

ლიტურგიის დასრულებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ ჯოზეფი ასტენის მახლობლად მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მართლმადიდებლურ მონასტერში გაემგზავრა, სადაც გარკვეული ხნით დარჩა.

მონასტრიდან წამოსვლისას იქვე დატოვა თავისი „მერსედესი“, რომელიც გაურკვეველი მიზეზით აღარ იქოქებოდა.

შემდეგ თავისი ნივთები მსახიობის პატარა ჩემოდანში ჩაალაგა, ველოსიპედზე შეჯდა და სახლი დატოვა.

თავდაპირველად მთელი მსოფლიოს შემოვლა ჰქონდა განზრახული, მაგრამ როდესაც სოფელ ნერინენში შეჩერდა, განსაკუთრებული სიცხადით იგრძნო, რომ სწორედ იქ უნდა დარჩენილიყო.

ოცდაათწლიანი განდეგილური ცხოვრება

ამგვარად დაიწყო მისი განდეგილური ცხოვრება.

ჯოზეფ ვან დენ ბერგმა ოცდაათ წელზე მეტი პატარა, უბრალო ქოხში გაატარა, სადაც განმარტოებით ცხოვრობდა და დროს ლოცვასა და სულიერ ღვაწლს უთმობდა.

ადამიანი, რომელიც ოდესღაც თეატრის სცენაზე იდგა, მაყურებლის აღფრთოვანებას იწვევდა და საყოველთაო აღიარებით სარგებლობდა, ახლა ყოველგვარი გარეგნული დიდების გარეშე ცხოვრობდა.

ჯოზეფ ვან დებერგი

მან უარი თქვა იმაზე, რასაც მრავალი ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ესწრაფვის: სახელზე, წარმატებაზე, მატერიალურ კეთილდღეობასა და საზოგადოებრივ აღიარებაზე.

მისთვის ცხოვრების უმთავრესი მიზანი ქრისტესთან ერთობა გახდა.

ჯოზეფ ვან დებერგი

უკანასკნელი დღეები და გარდაცვალება

ჯოზეფ ვან დენ ბერგი 2023 წლის 13 ოქტომბერს, 74 წლის ასაკში, საბერძნეთში, თესალონიკის მახლობლად მდებარე სოხოსის ფერისცვალების მონასტერში გარდაიცვალა.

გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე იგი ნიდერლანდებიდან საბერძნეთში ჩავიდა. ამ დროს უკვე სიმსივნით იყო დაავადებული.

ასე დასრულდა ადამიანის მიწიერი ცხოვრება, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში სცენაზე სხვადასხვა როლი განასახიერა, ბოლოს კი გადაწყვიტა, ყოველგვარი როლისა და გარეგნული დიდების გარეშე ეცხოვრა. დატოვა თეატრი, ცხოვრება კი, ქრისტეს მიუძღვნა.

საუკუნოდ იყოს მისი ხსენება!

ჯოზეფ ვან დებერგი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026