Logo

ჯანმრთელობა

"მშობლებზე საუბარი არ არის სასამართლო პროცესი" - ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

"მშობლებზე საუბარი არ არის სასამართლო პროცესი" - ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ფსიქოთერაპიების დროს, ბავშვობის ტრავმებზე საუბარი, ზოგჯერ გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

ხშირად ადამიანებს ჰგონიათ,რომ მშობლების საქციელის განხილვით, მათ დადანაშაულებას უწყობენ ხელს.

ფსიქოლოგი ირმა (მუშკი) კვაჭაძე დეტალურად ხსნის, რატომ არ უნდა შევადაროთ ფსიქოთერაპია სასამართლოს და როგორ უნდა აღვიქვათ ეს პროცესი სწორად.

ბავშვობის ტრავმები

ირმა კვაჭაძე - მცირე ჩანახატი ფსიქოთერაპიაში ბავშვობის ოჯახისა და მშობლების "დადანაშაულების" მითზე.

ფსიქოთერაპიულ პროცესს ხშირად ახლავს შფოთვა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „არ მინდა მშობლების დადანაშაულება“, „არ იფიქროთ, რომ ცუდი ხალხია“ და ა.შ.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თერაპიისას წარსულში დამნაშავეების საძიებლად არ ვბრუნდებით. ჩვენ ვბრუნდებით იქ, სადაც ნერვულმა სისტემამ პირველად ისწავლა გადარჩენა; იქ, სადაც თვითგამოხატვა და გრძნობების გამჟღავნება უსაფრთხო არ იყო.

ფსიქოთერაპიაში მშობლებზე საუბარი არ არის სასამართლო პროცესი. ეს არის მცდელობა, გავიგოთ, რა პირობებში ყალიბდებოდა მიჯაჭვულობა, რადგან სწორედ ის ხდება ზრდასრულობის ყველა ახლო ურთიერთობის მატრიცა:

* პარტნიორებთან,

* შვილებთან,

* საკუთარ თავთან.

ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მშობლები „ცუდები“ იყვნენ. ბავშვის ფსიქიკა ურთიერთობებში ყალიბდება. ყველაფერი, რაც ამ პროცესში გაუცნობიერებელი რჩება, ხდება ჩვენი არაცნობიერი სცენარი, რომელიც მართავს მთელ ზრდასრულ ცხოვრებას.

ბავშვობის ტრავმები

ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი ტრავმული გამოცდილება სიტყვის კლასიკური გაგებით. მოვლენა ტრავმად რომ იქცეს, ხშირად საკმარისია ემოციური უკუკავშირის არქონა გადამწყვეტ მომენტში — ის, რომ გვერდით არ აღმოჩნდა ზრდასრული, რომელიც შეძლებდა ბავშვის განცდების დატევას (კონტეინირებას). სწორედ მაშინ, კონტაქტის შესანარჩუნებლად, ბავშვი სწავლობს მორგებას (ადაპტირებას), გაჩუმებას, „მოხერხებულობასა“ და საკუთარ თავზე უარის თქმას. როდესაც საბაზისო ემოციური საჭიროებები — უსაფრთხოება, მიმღებლობა და დაცულობა — არ კმაყოფილდება, ფსიქიკა ქმნის გადარჩენის სქემებს. ამ პატერნებს კი მოგვიანებით „ხასიათს“, „ჩვევას“ ან „უბრალოდ ასეთი ვარ-ს“ ვუწოდებთ.

ადრეული გამოცდილება აყალიბებს ჩვენს საბაზისო რწმენებს:

* ვინ ვარ მე?

* როგორია სამყარო?

* რას უნდა ველოდე სიახლოვისგან?

სანამ ეს რწმენები გაცნობიერებული არ არის, ადამიანი აწმყოში ქვეცნობიერად კვლავ და კვლავ ეძებს მათ დადასტურებას, მაშინაც კი, თუ ეს ტკივილის მომტანია.

ბავშვობის ტრავმები

მშობლები და ოჯახის წევრები, როგორც წესი, არ არიან „დამნაშავენი“ — ისინი აკეთებდნენ მაქსიმუმს საკუთარი ისტორიის, რესურსისა და ტრავმების ფარგლებში. თუმცა, სანამ ადამიანი არ გამიჯნავს საკუთარ „მეს“ ოჯახური შფოთვის, მოლოდინებისა და როლებისგან, ის კვლავ გაიმეორებს ქცევის ძველ პატერნებს.

დაუსრულებელი განცდები თავისით არ ქრება. ისინი განაგრძობენ სიცოცხლეს სხეულში, რეაქციებსა და პარტნიორის არჩევანში მანამ, სანამ არ მოხდება მათი გაცნობიერება, აღიარება და ინტეგრაცია. ჩემთვის ფსიქოთერაპია არა დამნაშავეების ძიება, არამედ პიროვნული ზრდისა და მთლიანობის მოპოვების პროცესია — საკუთარი გრძნობებისა და არჩევანის თავისუფლების დაბრუნება.

სიყვარულით, მუშკი...

ავტორი: ზმნა

01/12/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024