Logo

ჯანმრთელობა

მსოფლიო, პანკრეასის კიბოს მკურნალობაში, ისტორიულ გარღვევაზე საუბრობს

მსოფლიო, პანკრეასის კიბოს მკურნალობაში, ისტორიულ გარღვევაზე საუბრობს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პანკრეასის კიბო მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და აგრესიულ დაავადებად ითვლება. მისი მთავარი პრობლემა, სიმპტომების გვიანი გამოვლინებაა, რის გამოც, მკურნალობის არსებული მეთოდები, პაციენტების სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივებას ვერ ახერხებს.
სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა კვლევამ, რომელსაც უკვე „ისტორიულ გარღვევას“ უწოდებენ.

2026 წლის ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების (ASCO) ყოველწლიურ კონგრესზე მეცნიერებმა ახალი პრეპარატის — დარაქსონრასიბის (Daraxonrasib) კვლევის შედეგები წარადგინეს. კვლევაში 500 პაციენტი მონაწილეობდა, რომელთაც მეტასტაზური პანკრეასის კიბო ჰქონდათ და უკვე გავლილი ჰქონდათ სტანდარტული მკურნალობა.

პანკრეასის კიბო

შედეგებმა სპეციალისტების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. კვლევის მიხედვით, პაციენტების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რომელიც სტანდარტული ქიმიოთერაპიის შემთხვევაში დაახლოებით 6.7 თვეს შეადგენდა, ახალი პრეპარატის გამოყენებისას 13.2 თვემდე გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა დაავადების პროგრესირების და სიკვდილის რისკი. დარაქსონრასიბი აბის ფორმის პრეპარატია და მიზანში იღებს KRAS-ის მუტაციას - გენეტიკურ ცვლილებას, რომელიც პანკრეასის კიბოს შემთხვევების 90%-ზე მეტში გვხვდება.

მეცნიერები წლების განმავლობაში ცდილობდნენ ამ მექანიზმზე ზემოქმედებას, თუმცა მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა რთული იყო. კვლევის პრეზენტაციის დროს აუდიტორიაში შეკრებილმა ათასობით ონკოლოგმა ავტორებს ფეხზე წამოდგომით და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით მიულოცა შედეგები.

პანკრეასის კიბო

სპეციალისტებმა ამ მიღწევას „თამაშის წესების შემცვლელი“ და „გრანდ სლემი“ უწოდეს პანკრეასის კიბოს მკურნალობაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევის მიხედვით, პრეპარატს მძიმე გვერდითი ეფექტები სტანდარტულ ქიმიოთერაპიასთან შედარებით ნაკლებად ახასიათებდა, რის გამოც მკურნალობის შეწყვეტა პაციენტების გაცილებით მცირე ნაწილს დასჭირდა.

მიუხედავად იმისა, რომ დარაქსონრასიბი ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული პრეპარატი არ არის, მიღებული შედეგები იმდენად შთამბეჭდავია, რომ ბევრი ექსპერტი მას პანკრეასის კიბოს მკურნალობის მომავალ სტანდარტად განიხილავს. ამჟამად მიმდინარეობს მისი რეგულატორული განხილვის პროცესი, ხოლო მეცნიერები უკვე სწავლობენ, შეძლებს თუ არა ეს მიდგომა სხვა KRAS-მუტაციურ სიმსივნეებთან ბრძოლასაც.

წყარო: Reuters

ავტორი: ზმნა

06/04/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024