სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მსოფლიოს ჩემპიონატზე წელს პირველად 48 ნაკრები ითამაშებს. თითოეული ნაკრების განაცხადში 26 ფეხბურთელია. კალკულატორი მოვიშველიოთ და მივიღებთ, რომ ამერიკის, მექსიკის და კანადის მოედნებზე ჯამში 1248 ფეხბურთელი ითამაშებს ან სათადარიგოთა სკამზე მაინც იჯდება.
ფეხბურთელი, დღეს ძვირი ღირს. ზოგი ფეხბურთელი - ძალიან ძვირიც. აგერ, ჩვენი ხვიჩა კვარაცხელიას ფასი, როგორც ამბობენ, 140 მილიონ ევრომდეა გაზრდილი. თუმცა ხვიჩა, მსოფლიოს ჩემპიონატზე, სამწუხაროდ, არ თამაშობს. აი, იმათი ჯამური ფასი კი, ვინც ითამაშებს - 17.5 მილიარდი ევროა.
აქ ხუთ უძვირეს ნაკრებზე მოგიყვებით და აქვე სპოილერიც: ტოპ-ხუთეულში არც არგენტინაა და არც ბრაზილია...
1. საფრანგეთი - 1,53 მილიარდი ევრო
ერთი ფეხბურთელის საშუალო ღირებულება: 58,8 მილიონი ევრო
საშუალო ასაკი: 27
ლეგიონერები: 73,1%
უძვირესი ფეხბურთელი: კილიან მბაპე (200 მილიონი ევრო)
ფიფა-კოკა კოლას რეიტინგის პირველი ნომრის, საფრანგეთის ნაკრების გამარჯვების შანსს მსოფლიოს ჩემპიონატზე ანალიტიკური კომპანია OPTA-ს სუპერკომპიუტერი 13%-ით აფასებს და ის სულაც არ არის მთავარი ფავორიტი - სტატისტიკური პლატფორმა გამარჯვების ყველაზე მეტ შანსს ესპანეთს უწინასწარმეტყველებს. სამაგიეროდ, ფრანგები ესპანელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე შემადგენლობის ჯამური სატრანსფერი ღირებულებით უსწრებენ.
დიდიე დეშამმა, რომელიც ამ მუნდილის შემდეგ პოსტს ტოვეს, ნაკრებში ყველა ფრანგი ვარსკვავი წაიყვანა. მათგან ოთხი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს აჭარბებს. ესენი არიან მბაპე, მაიკლ ოლისე, დეზირე დუე და უსმან დემბელე. ფრანგების ყველაზე იაფად შეფასებული ფეხბურთელი კი კანტეა - მხოლოდ 4 მილიონი ევრო.
2. ინგლისი - 1,31 მილიარდი ევრო
ერთი ფეხბურთელის საშუალო ღირებულება: 50,3 მილიონი ევრო
საშუალო ასაკი: 27,1
ლეგიონერები: 19,2%
უძვირესი ფეხბურთელი: ჯუდ ბელინგემი (€140 მილიონი ევრო)
ინგლისის ნაკრების შემადგენლობამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაოგნება გამოიწვია. ტომას ტუხელმა მუნდიალზე ისეთი ფეხბურთელები არ წაიყვანა, როგორებიც გარი მაგუიარი, კოულ პალმერი, ფილ ფოდენი და ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი არიან. ბოლო 40 წელიწადში პირველად განაცხადში „ლივერპულის“ ერთი ფეხბურთელიც არ არის.
მაგუაირმა, რომელიც ორი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა, თქვა, რომ ტუხელის გადაწყვეტილებით გაოგნებული და დათრგუნულია. თავად ინგლისელთა გერმანელმა მწვრთნელმა კი ბრძანა, რომ ყველაზე ნიჭიერი ჯერ კიდევ არ ნიშნავს საუკეთესოს და რომ არჩევანის გაკეთება მტანჯველი პროცესი იყო. ასეა თუ ისე, ინგლისის ნაკრები სატრანსფერო ღირებულებით მეორეა ამ მუნდიალზე. შემადენლობიდან 3 ფეხბურთელის ფასი კი 120 მილიონ ევროს აჭარბებს - დეკლან რაისი, ბუკაიო საკა და ჯუდ ბელინგემი.
3. ესპანეთი - 1,26 მილიარდი ევრო
ერთი ფეხბურთელის საშუალო ღირებულება: 48,4 მილიონი ევრო
საშუალო ასაკი: 26,7
ლეგიონერები: 34,6%
უძვირესი ფეხბურთელი: ლამინ იამალი (200 მილიონი ევრო)
OPTA-ს სუპერკომპიუტერი ესპანელებს ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად მიიჩნევს. როგორც ჩანს, ანალიტიკოსების გონებაში ჯერაც დიდი ადგილი უკავია ესპანელების მიერ ბოლო ევროპის ჩემპიონატის მოგებას. არადა, მუნდიალებზე, 2010 წლის ტრიუმფის შემდეგ, ესპანელები 1/8 ფინალზე შორს აღარ გასულან.
2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული როდრო უძვირეს ესპანელთა ჩამონათვალში მხოლოდ მეხუთეა (65 მილიონი). ამ მხრივ ლიდერები პედრი (150 მილიონი) და ლამინ იამალი (200 მილიონი) არიან.იამალი, მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატის სამ უძვირეს ფეხბურთელს შორის შედის ფრანგ კილიან მბაპესა და ნორვეგიელ ერლინგ ჰალანდთან ერთად.
აქვე ვთქვათ, რომ ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს „რეალის“ არც ერთი ფეხბურთელი არ ჰყავს. ევროპის ჩემპიონატზე კი ასეთ რამ ერთხeლ უკვე მოხდა - ევრო 2000-ზე.
4. პორტუგალია - 1,02 მილიარდი ევრო
ერთი ფეხბურთელის საშუალო ღირებულება: 39,2 მილიონი ევრო
საშუალო ასაკი: 28
ლეგიონერები: 80,8%
უძვირესი ფეხბურთელი: ვიტინია და ჟოაო ნევეში (140 მილიონი ევრო)
ივნისში Transfermarkt-მა ფეხბურთელების მიმდინარე ფასები განაახლა და ვიტინიას და ჟოაუ ნევეშს ერთბაშად 30-30 მილიონი მოუმატა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ ნახევარმცველებმა დიდი წვლილი შეიტანეს პსჟ-ს საჩემპიონთალიგო ტრიუმფში და განახლებული ღირებულებით მსოფლიოს ჩემპიონატის ტოპ-10 უძვირეს ფეხბურთელს შორის მოხვდნენ.
პორტუგალიის ნაკრების უძვირესთა სამეულს პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ნუნუ მენდეში ხურავს (80 მილიონი). მიუხედავად იმისა, რომ უძვირესი უკვე აღარ არის, პორტუგალიელთა ყველაზე ცნობადი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუა. 41 წლის ვარსკვლავი თავის მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება. ასაკის გამო, რონალდუ ახლა მხოლოდ 12 მილიონი ღირს და პორტუგალიის ნაკრებში მასზე იაფი მხოლოდ 5 ფეხბურთელია.
5. გერმანია - 998 მილიონი ევრო
ერთი ფეხბურთელის საშუალო ღირებულება: 38,3 მილიონი ევრო
საშუალო ასაკი: 28
ლეგიონერები: 26,9%
უძვირესი ფეხბურთელი: ფლორიან ვირტცი (110 მილიონი ევრო)
გერმანიის ნაკრებს განაცხადში ჰყავს 40 წლის მეკარე მანუელ ნოიერი, რომელიც სულ ახლახანს სანაკრებო კარიერის დასრულებაზეც ფიქრობდა, თუმცა თანაგუნდელებმა და მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ის გადაწყვეტილების გადახედვაში დაარწმუნეს.
ნოიერი, რომლის სატრანსფერი ღირებულება ამჟამად მხოლოდ 4 მილიონ ევროდ ფასდება, ნაკრბების მესამე ყველაზე იაფი მოთამაშეა ბუნდესნაკრებში. ყველაზე ძვირი კი ლივერპულელი ფლორიან ვირტცია, რომელსაც ფეხდაფეხ მოჰყვება ბაიერნელი ჯამალ მუსიალა (100 მილიონი ევრო).
06/09/2026