Logo

საზოგადოება

"მთელი არსებით ვგრძნობ, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო" - მიხეილ მოზაიძე, წარმატებული ქართველი არქიტექტორი იტალიაში

"მთელი არსებით ვგრძნობ, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო" - მიხეილ მოზაიძე, წარმატებული ქართველი არქიტექტორი იტალიაში

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

იტალიაში თორმეტი წლის წინ კვალიფიკაციის ასამაღლებლად წავიდა, თუმცა ქვეყნით, სწავლის დონით, ხალხით, სამუშაო პირობებით იმდენად მოიხიბლა, რომ დარჩენა გადაწყვიტა.

დღეს, მიხეილ მოზაიძე, ერთ-ერთი წარმატებული ქართველია იტალიაში, რომელიც სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ პროექტებში, აქტიურად არის ჩაბმული.

უფრო დეტალურად, პროექტებსა და იტალიურ ცხოვრებაზე, "ზმნასთვის"მიცემულ ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მიხეილ, რატომ აირჩიეთ სამომავლო პროფესიად არქიტექტურა? რითია თქვენთვის საინტერესო?

- სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან სარეჟისორო ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ვერ მოვხვდი. იმ წლებში, სარეჟისორო, პერსპექტიულ ფაკულტეტად არც ითვლებოდა. ერთი წელი მქონდა მოსაფიქრებლად, თუ რა მიმართულებით უნდა გადამედგა ნაბიჯები. სწორედ ამ პერიოდში "აღმოვაჩინე" არქიტექტურა და პარალელები გავავლე რეჟისურასთან. ხშირად ხდება მსგავსი, როდესაც რეჟისორი ხდება არქიტექტორი, ან პირიქით, არქიტექტორი - რეჟისორი. ასე შემთხვევით და დაუგეგმავად გადმოვერთე არქიტექტურის სამყაროში. დავიწყე სწავლა. ძალიან გამიტაცა და ჩამითრია. ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა გადავწყვიტე მაგისტრატურაზე სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წავსულიყავი. შერჩევის პროცესში იტალიაზე შევჩერდი. ჩემთვის უფრო ხელმისაწვდომი პირობები იქ იყო. დავიწყე ენის შესწავლა, რომელიც არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მეოთხე კურსი კარგი ქულებით დავასრულე. დაფინანსებაზე შევიტანე განაცხადი, დამაფინანსეს და ასე აღმოვჩნდი ვენეციაში. არქიტექტორისთვის ისეთ ურბანულ გარემოში სწავლა, როგორიც ვენეციაა, საოცრებაა.

- პროფესიულ გზაზე თქვენი პირველი ნაბიჯები და პროექტები რა იყო?

- იმდენად მარტივად ავუღე ყველაფერს ალღო, ამით წახალისებულმა რამდენიმე არქიტექტურულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც რამდენიმეში პირველი ადგილიც ავიღე, რამაც მეტი სტიმული მომცა, ჩემი თავი ვიპოვე. ეს იყო ის, რაც მომწონდა და რისი კეთებაც მინდოდა.

ვენეციაში სწავლის პარალელურად, სამსახურის ძებნა დავიწყე, სტაჟირება რომ გამევლო. ერთ-ერთ ცნობილ არქიტექტურულ სტუდიაში - Mario Mazzer Architects-ში მალევე დავსაქმდი. პირველ პროექტებზეც მანდ ვიმუშავე. რამდენიმე ვილის პროექტი იყო სარდინიაზე.

მიხეილ მოზაიძე

მოგვიანებით შევუერთდი ვენეციის საპორტო ზონის „მარგერას“ განვითარების პროექტს. „ახალი სიცოცხლის“ ფონდის ფარგლებში, ლაგუნას განვითარების გეგმაზე ვმუშაობდით. ამ პროექტში გამორჩეული არქიტექტურული ელემენტი, რაც გავაკეთეთ სასტუმრო და ფიტნეს ცენტრი გახლავთ. ამ ტერიტორიის ათვისების კუთხით, საინტერესო იყო სამუშაო პროცესი; შეიძლება გამოვყო, როგორც მნიშვნელოვანი პროექტი. ასევე მნიშვნელოვანი იყო სათვალეების მწარმოებელი კომპანიის - Blackfin-ის რეკვალიფიკაციის პროექტი ალპებში. პროექტის ფარგლებში ვიმუშავე შენობის გარსის შექმნაზე და შევიმუშავეთ ინტერიერის ახალი კონცეფცია. ასევე გავაკეთეთ ტრიესტეს (სასაზღვრო ქალაქი სლოვენიასთან) ამერიკული სკოლის რეკვალიფიკაცია. აი, ესენი იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები, გარდა ამისა, ბევრი სხვა პროექტიც იყო.

- ამგვარი წარმატებების ფონზე, მაინტერესებს თვისება, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ და რაც თვლით, რომ დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?

- ყოველთვის ვცდილობ მივიღო და მოვძებნო არაბანალური გადაწყვეტილებები. არქიტექტურაში უამრავი ინსტანციაა, რომელიც უნდა გაიარო. ეს თავის თავში ძალიან ბევრ ჩარჩოს მოიცავს, ამის მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობ, პრობლემები არასტანდარტული მიდგომებით გადავჭრა. ყოველთვის ვუდგები კრეატიულად და ინოვაციურად და არა, სტანდარტული შაბლონებით. თავს კონცეპტუალურ არქიტექტორად მოვიაზრებ. ვფიქრობ იდეებზე და მომავლის ხედვებზე, როგორ შეიძლება განვავითარო ესა თუ ის დეტალი, რომელიც დღევანდელობაში სტანდარტულ ფორმაშია მოყვანილი. სხვებისგან, ინოვაციური ხედვები და მიდგომები გამომარჩევს.

მიხეილ მოზაიძე

- ყველაზე მეტად რა გიყვართ თქვენს პროფესიაში?

-კრეატივი, ინოვაცია, უკეთესი მომავლისკენ სწრაფვა. სხვათა შორის, წელიწადნახევრის წინ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეფუძნებინა პლატფორმა ARCHCONTEST. ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ეძღვნება არქიტექტურისა და ხელოვნების კონცეპტუალურ კონკურსებს, ინოვაციური თემების კვლევას და ინტერდისციპლინური დიალოგის წახალისებას. საერთაშორისო არქიტექტორების სტუდიებთან საკმაოდ საინტერესო პროექტებზე ვმუშაობთ. ახლახანს ამ პლატფორმას დავამატეთ ახალი სივრცე, სადაც სტუდენტებს საშუალებას ვაძლევთ იდეები გამოავლინონ. საკმაოდ საინტერესო პროცესია. საქართველოდანაც გვყავს ჟიურიში ბევრი კარგი არქიტექტორი. ეს იყო ჩემი შინაგანი მოთხოვნილება, რომ არქიტექტურის კრეატიული ნაწილი უფრო მეტად წამომეწია წინ. ეს ალბათ, ერთგვარი ნოსტალგიაა სტუდენტობის პერიოდის, არქიტექტურული კონკურსების და ა.შ.

მიხეილ მოზაიძე

- მთავარი გამოწვევა რა არის, როდესაც ახალ პროექტზე იწყებთ მუშაობას?

- ტექნიკური ნაწილი. ბევრი ნიუანსია, სამშენებლო, ინჟინრული, კონსტრუქციული... არქიტექტორებს ძალიან გვიტაცებს ჩვენი იდეები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რეალობაში გადმოვიტანოთ. პრობლემას რომელსაც ეჯახები რამდენად ოსტატურად გადაჭრი. ყველაზე მნიშვნელოვანი საწყისი იდეის დაცვაა. რაც ქაღალდზე მარტივი ჩანს, რეალობაში მოყვანა ბევრ სხვადასხვა ტიპის პრობლემას ეჯახება. მოკლედ, მთელი რიგი პროცესია.

მიხეილ მოზაიძე

- რა არის დღეს ტრენდული არქიტექტურაში?

-კონკრეტულ ტრენდს ვერ გამოვყოფ, არქიტექტურა დღეს უფრო ეკლექტურია, ბევრი მიმართულებებით ვითარდება. ბოლო დროს, ძველი შენობებისთვის ახალი სიცოცხლის დაბრუნების ერთგვარი ნოსტალგია გამოიკვეთა, რაც შეიძლება ტრენდად ჩაითვალოს. იმის სურვილი, რომ კი არ დავანგრიოთ და თავიდან ავაშენოთ, არამედ ძველი შევინარჩუნოთ და ახალი სიცოცხლე მივცეთ.

- თქვენი ფავორიტი არქიტექტურული შენობა-ნაგებობა რომელია ვენეციაში და როგორც არქიტექტორი, როგორ შეაფასებთ ამ ქალაქს?

- ძალიან ბევრი შენობა მომწონს. მაგალითად, ძალიან კარგია სან-მარკოზე ოლივეტის შენობა. ვენეცია ერთი შეხედვით მუზეუმის შთაბეჭდილებას ტოვებს. უნიკალური და სრულყოფილი ქალაქია.

ვენეცია

- საქართველოში რა პრობლემებს ხედავს არქიტექტორი, კერძოდ თბილისში, რომელიც ბეტონის ქალაქად გადაიქცა?

- მართალია, ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ამ ქაოსში, ცოტა, მაგრამ ძალიან კარგი პროექტებიც ჩნდება და მეამაყება, რომ ჩემს ქვეყანაში არის მსგავსი არქიტექტურა. ბიზნესი ძირითად შემთხვევაში თავის წარმატებაზე ფიქრობს. სამწუხაროდ, ამ კუთხით ჩვენთან თავისუფლებაა, აკეთე, რაც გინდა. ამით მივიღეთ ის, რომ ბევრმა მართლა ის აკეთა, რაც უნდოდა. ამიტომ ამ პროცესს სჭირდება რეგულირება მერიის მხრიდან.

- თქვენს პროფესიულ ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდნენ ქალი არქიტექტორები. ამ ფაქტს მიესალმებით თუ არქიტექტურა მაინც კაცური პროფესიაა?

- პლატფორმაზე, რომელიც ზემოთ ვახსენე, ძალიან ბევრი გამარჯვებული გოგონაა. ძალიან აქტიურად იღებენ მონაწილეობას, ძალიან მაგარი პროექტებიც აქვთ და იმარჯვებენ. სქესს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია სურვილი, ნიჭი და კრეატივი. ქალის და კაცის პროფესია იდეაში არ არსებობს. ყველას შეუძლია ის აკეთოს, რაც უნდა და რისკენაც მიისწრაფვის.

- საქართველოში დაბრუნებას და იტალიაში მიღებული განათლების გამოყენებას თუ აპირებთ საკუთარ მიწა-წყალზე?

- საქართველოში დაბრუნების სურვილი ცხადია მაქვს, მაგრამ რის გამოც ამ ნაბიჯის გადადგმა მიჭირს, ჩემი ოფიციალური სამსახურია, რაც აქ მაქვს, მთლიანად მასზე ვარ გადართული. არ ვიცი, რამდენად კომფორტული იქნება ჩემი გადმოსვლა, რამდენად შევძლებ იმის გაკეთებას მანდ, რაც აქ გავაკეთე. რასაც მიყვებიან, არ ვარ მოხიბლული, იმ პროცესებით, რაც მანდ ხდება. მაგრამ საერთო ჯამში, მაინც მაქვს სურვილი, ჩემს ქვეყანაში, ჩემი ახლობლების გარემოცვაში ვიყო. როცა უკვე მშობლები ასაკში არიან, ოჯახთან ახლოს ყოფნა გინდა. შეიძლება მთლიანად არ დავბრუნდე, მაგრამ ჩემმა საქმემ ამ ორ ქვეყანას ერთდროულად დამაკავშიროს.

- მესმის, რომ საქართველოში ნიჭიერი ადამიანი შეიძლება სათანადოდ არ ფასდება, მაგრამ ყველა თუ ასე წავიდა და დაიცალა ქვეყანა, პროფესიონალი კადრები ხომ გვჭირდება? ასე არ ფიქრობთ?

- ბევრი იმიტომ მიდის, რომ რომ მათი ნიჭი არ ფასდება, ბევრს სურვილი აქვს თავისი თავი უცხო გარემოში გამოსცადოს, მეტი გაიგოს, მეტი შეისწავლოს. ბევრი ნიჭიერი ადამიანი დარჩა, ბევრიც წავიდა. საერთო ჯამში, როგორც იკვეთება, ნიჭიერ ადამიანებს სურვილი აქვთ დიდ ქვეყანაში წასვლის, სადაც დიდი კონკურენციაა და იქ განვითარების. როცა იმ გარემოში, ვერ ვითარდები, სადაც ხარ, უფრო დიდ კონკურენტუნარიან გარემოში მიდიხარ, შენი თავის და შესაძლებლობების გამოსაცდელად. ბევრი მიდის, ბევრიც ბრუნდება, ვფიქრობ მთლად სავალალო მდგომარეობა არ არის. ვინც მოინდომა მანდაც ბევრ რამეს მიაღწია. დღევანდელი გადმოსახედიდან არ ვთვლი, რომ წასვლა აუცილებელია. მე როცა აქეთ წამოვედი, ოცდაერთი წლის ვიყავი, მაშინ ერთი სული მქონდა საქართველოდან წავსულიყავი. ახლა სხვანაირად ვფიქრობ. თუ დიდი სურვილი და ნიჭი გაქვს, ყველგან არის იმის საშუალება, რომ განვითარდე.

მიხეილ მოზაიძე

-რამდენად წარმატებულად გრძნობთ თავს იმ საქმეში, რაშიც ხართ და რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებულები ვიყოთ?

- ჩემი აზრით წარმატება დაუსრულებელი პროცესია. როცა რაღაცისკენ მიისწრაფვი, გზად უშვებ შეცდომებს, იმათზე სწავლობ, ვითარდები. დასაწყისში არის ეიფორიის კონკრეტული პერიოდები, რაც თან სდევს წარმატებას. მთელი გზა რაღაც პროცესია. წარმატებულად თავს თუნდაც იმიტომ ვთვლი, რომ ის ნაბიჯები გადავდგი და იმას ვაკეთებ, რაც მინდოდა, მაგ მხრივ ჩემს თავთან ჰარმონიაში ვარ. მთელი არსებით ვგრძნობ, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. წარმატების მისაღწევად ის უნდა გააკეთოთ, რაც გულით გინდათ, რასაც თქვენი შინაგანი მე ითხოვს. იმ გზას უნდა გაყვე რაც გჭირდება და წარმატებაც მოვა. მე შეიძლება გამიმართლა იმ მხრივ, რომ ოჯახიდან შეზღუდვა არ მქონია, ის გზა შემეძლო ამერჩია, რაც მინდოდა.

მიხეილ მოზაიძე

- რა იყო ის სირთულეები და გამოწვევები, რომელსაც უცხო ქვეყანაში შეეჯახეთ? თქვენთვის რა პლიუს-მინუსი აქვს იტალიაში ცხოვრებას?

- პირველ რიგში, ეს იყო ენის ბარიერი, შემდეგ დამოუკიდებლად ცხოვრება უცხო გარემოში. ყველა ეტაპზეა გამოწვევა. უბრალოდ იმდენად მძიმედ ვერ აღიქვამ ამ გამოწვევებს იმიტომ, რომ იმას აკეთებ, რაც გინდოდა, რის გამოც წამოხვედი. მინუსი ის არის, რომ შენს ქვეყანაში არ ხარ, შენს მშობლიურ ენაზე არ საუბრობენ, ოჯახისგან, საახლობლოსგან, მეგობრებისგან შორს ხარ. რაღაც სიტუაციებში პერიოდულად გინდება ხოლმე მათთან ყოფნა, მაგრამ იცი, რომ ეს მარტივი არ არის.

პლიუსი ის არის, რომ იტალია ძალიან ჰგავს საქართველოს, ხალხით, ბუნებით, გარემოთი. ჩვენნაირი ტემპერამენტიანი ხალხია, უფრო სამხრეთელები, ჩრდილოეთში ნაკლებად. ექსტრავერტული გარემოა, საკმაოდ გახსნილები არიან, ადვილად შემოდიან კომუნიკაციაში. ჩვენსავით უყვართ ჭამა. დილით ძალიან ადრე იწყებენ ცხოვრებას, ჩვენ საკმაოდ გვიან ვიწყებთ, ამით განვსხვავდებით. ვერ ვიტყვი, რომ სუპერმოწესრიგებულები არიან.

იტალია არ არის ჩრდილოეთ ევროპული ქვეყანა, სადაც ყველაფერი საათივით აქვთ აწყობილი. მოშვებული ტემპი აქვთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რაც ამათში ძალიან მომწონს, ეს არის ცხოვრებით ტკბობა. იმ ადგილით, იმ გარემოთი, იმ მომენტით, რაშიც არიან. ბუნება, მზე, ერთი ჭიქა ღვინო და საუბარი საკმარისია იმისათვის, რომ ბედნიერები იყვნენ. ეს დავიჭირე აქ ყველგან, რაც ძალიან მაგარია. მსგავსი მიდგომები და დამოკიდებულებები ცხოვრების მიმართ, ჩვენ გვაკლია, სამწუხაროდ.

- რა სიხშირით ჩამოდიხართ საქართველოში და რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

- ვცდილობ წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვიდე, მაგრამ ზოგჯერ არ გამომდის. ყველაზე ძალიან ჩემი ოჯახის წევრები და ადამიანები მენატრებიან.

მიხეილ მოზაიძე

- მიხეილ, რაზე ოცნებობთ და რა შედის თქვენს სამომავლო გეგმებში?

- ჩემი ოცნება და ჩემი სამომავლო გეგმა, ისევ ჩემს სფეროში ყოფნა, საინტერესო იდეებზე, პროექტებზე და კონცეფციებზე მუშაობაა. მინდა იმის საშუალება მქონდეს, საინტერესო კონცეპტუალური იდეები ჩამოვაყალიბო და მაგის გარშემო შევქმნა მიზიდულობის ცენტრი. ისეთ პროექტებზე ვიმუშავებდი, რომელიც ცოტათი მაინც გააუმჯობესებდა ხალხის ყოფას. ბოლო პერიოდში კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ იტალიაშიც ვიყო და საქართველოსთანაც მქონდეს მჭიდრო კავშირი. ორივეგან ვაკეთო ჩემი საქმე.

ავტორი: ნინო გონგაძე

02/28/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024