კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
5 დეკემბერს, ვარშავაში ფილმის - "მოპარული ბავშვების" წინა საპრემიერო ჩვენება შედგა. დოკუმენტური ფილმის, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდის საქართველოში, ახალშობილ ბავშვთა ტრეფიკინგის თემაზეა და ის Warner Brothers-მა გადაიღო.
ფილმი გამომძიებელი ჟურნალისტის, თამუნა მუსერიძის (არასამთავრობო ორგანიზაცია - "ვეძებ") მიერ ჩატარებულ კვლევებსა და მის მიერ ნაპოვნ რეალურ გმირებს ეფუძნება.
ვარაუდობენ, რომ ამ გზით 100 ათასი ბავშვი იქნა მოპარული და გასხვისებული.
როგორც Warner Brothers-ი წერს, ამ ისტორიამ ევროპა შოკში ჩააგდო.
დოკუმენტურ ფილმს პოლონელი რეჟისორები ჰყავს - Martyna Wojciechowska და Jowita Baraniechk-ი. სურათის მსოფლიო პრემიერა კი 12 დეკემბერს - ამერიკულ საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელზე - HBO Max-ზე იქნება.

როგორც თამუნა მუსერიძე "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, წინასაპრემიერო ჩვენებამ დიდი ემოციების ფონზე ჩაიარა, მაყურებელი ტიროდა და დაუჯერებელი რეაქციები ჰქონდათ...
თამუნა მუსერიძე: არ ვიცი, რა სიტყვებით უნდა ავხსნა. წარმოუდგენელი ამბავი ტრიალებს ჩემს თავს. ბილეთები რამდენიმე საათით ადრე აღარ იყო. მაყურებელი ტიროდა...
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტური ფილმია, იმდენად ემოციური, ჩამთრევი და გამოძიებული დეტალებითაა გაჯერებული, რომ ვერ მოწყდებით. ძალიან საინტერესო დეტალებია ფილმში. რეჟისორებმა იპოვეს ადამიანი, რომელიც ბავშთა სახლში მუშაობდა და დეტალურად ჰყვება, როგორ ხდებოდა ბავშვთა გაყიდვა; იპოვეს სამშობიაროს თანამშრომლები, რომლებიც აქამდე არ ლაპარაკობდნენ ამ თემაზე, მაგრამ რეჟისორებმა მოახერხეს და ჩაწერეს. იპოვეს იურისტები, ისტორიკოსები... ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია ქალისთვის, რომელიც შვილს ეძებს და ვერ ამტკიცებს, რომ ბავშვი მოპარეს.
ფილმში გორელი ქალების ისტორიაა ისეთი ემოციური, რომ მთელი დარბაზი ტიროდა ამ ქალების საცოდაობით.
სანდრო, თეატრის პრემიერის გამო, ერთი დღით გვიან ჩამოვიდა ვარშავაში. ფილმის დაწყებამდე ვაფრთხილებდი, არ იტირო-მეთქი. მე ხომ ყველაფერი ვიცოდი, ჩემი ისტორიაა, მაგრამ რომ ვხედავდი, ემოციებს ვერ თოკავდნენ...

მინდა აღვნიშნო ის, რომ პრემიერაზე ვარშავაში მცხოვრები ქართველი ქალბატონები მოვიდნენ. მათი გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათ შორის, ორი ეძებს ბიოლოგიურ ოჯახს და ამაზე მესაუბრებოდნენ.
რაც კი პოლონური პრესა და ტელევიზიაა, ყველას მივეცით ინტერვიუ.

***
გადაღებები ორი წელი მიმდინარეობდა. თავიდან ფილმი Warner Brothers Discovery-სთვის სატელევიზიო სიუჟეტის სახით გადაიღეს, რომელსაც იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ ამ თემაზე დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტეს. გადაღებებმა კიდევ ერთი წელი გასტანა.

თავიდან განსაზღვრული არ იყო, რომ ფილმი HBO-ზე გასულიყო და ფესტივალში მიეღო მონაწილეობა. მაგრამ ისევ და ისევ დიდი ინტერესისა და გამოხმაურების გამო, გადაწყდა, რომ ჯერ წინასაპრემიერო ჩვენება მოწყობილყო პოლონეთში და ფილმს ფესტივალში - Watch Docs მიეღო მონაწილეობა, შემდეგ უკვე მისი მსოფლიო პრემიერა HBO-ზე შემდგარიყო.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფილმი ქართულ ენაზეა. გადის ინგლისური და პოლონური სუბტიტრებით. ინგლისურ ენაზე მხოლოდ იმ სატელევიზიო სიუჟეტის ნაწილია, რომელიც პირველად გაუშვეს.
გავიცანი HBO-ს აქაური დირექტორი; საოცარი ადამიანია. დაგვასაჩუქრა. ჯერ არ გვეუბნება, რა შემოთავაზება აქვს ამ ფილმს, მაგრამ ალბათ, რამდენიმე დღეში ესეც გაირკვევა.
- მხატვრული ფილმის გადაღების იდეა ხომ არ მოუვიდა ვინმეს?
- ადრე სერიალზე იყო საუბარი და არ ვიცი... ვნახოთ.
- თამუნა, ქართველი მაყურებელი როდის იხილავს ამ საოცარ დოკუმენტურ ნაშრომს?
- მოლაპარაკება აქვთ საქართველოს კინოთეატრებთან. ესეც მალე გაირკვევა.
12/06/2025