რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დღეს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა.
ეს ხატი დავანებული გახლავთ ათონის მთაზე, ივერონის უძველეს ქართულ მონასტერში, მეათე საუკუნიდან დღემდე და იწოდება ივერიისა, ანუ ქართველთა. სწორედ ამ სახელით იცნობს მას მსოფლიო მართლმადიდებლობა. მისი ასლები შექმნილი და გავრცელებულია ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში.
ათონის მთაზე ქართველი მრევლის სახელით, ივერიის ღვთისმშობლის ხატს 400 წითელი ვარდი მიართვეს.


ხატის ისტორია
იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ.
ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი, რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. იმპერატორის გამოგზავნილმა მხედრებმა იპოვეს ეს ხატი, ერთერთმა მათგანმა „მახვილი დასცა პირსა ხატისა”. მოხდა სასწაული: ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ.
ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, დილით კი, ღვთის განგებით, მან ხატი ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ წყალში ჩაუშვა. ხატი ზღვის ტალღებზე აღმართული, დასავლეთისკენ გაემართა.
გამოხდა ხანი. ერთხელ, მიმწუხრისას, ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ და თქვეს: „რაჲმე იყოს მნთებარე ესე წყალთა შინა?” ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა, მაგრამ როცა მიახლოება გადაწყვიტეს, ხატი ზღვის ნაპირს გაშორდა.
ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ქართველი ბერი, გაბრიელი. წმიდა მთის მამებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ივერიელი იყო ღირსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანებისა. იმავდროულად, დედა ღვთისა თავად გაბრიელსაც გამოეცხადა და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი”.
ათონის ბერებმა ქართველთა მონასტერს მიაკითხეს, მოძებნეს გაბრიელი და გალობით და საკმევლის კმევით ზღვის ნაპირთან ჩავიდნენ. გაბრიელი ზღვაში შევიდა, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.

ეს მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.
ზღვიდან გამოსვენებული ხატი დააბრძანეს და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. იმ ადგილას ცივმა და საამო წყარომ ამოხეთქა. ამის შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს. მეორე დილით, კანდელის დასანთებად ბერებს ხატი ადგილზე არ დახვდა. ძებნის შემდეგ იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს, ყოვლადწმიდა ქალწული ისევ გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღა გამხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანეს ამას შინა ხატი, არა მოგაკლდეს თქვენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა”.
ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.
პორტაიტის, ანუ ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულება.
***
ეს ამბავი კი, აფხაზეთის ომის დროს მოხდა, სოხუმი უკვე თითქმის აღებული იყო, როდესაც მისი დედათა მონასტერი მტრისგან აწიოკებას ელოდა. დედებს, მტრისგან შეურაცხყოფა რომ აერიდებინათ, გადაწყვეტილი ჰქონდათ, როდესაც მონასტრის აოხრება დაიწყებოდა, თავი მოეკლათ. მონაზვნები ღვთისმშობელს მთელი ღამის მანძილზე სთხოვდნენ მფარველობას...
აი, თუ რა მოხდა იმ საოცარ ღამეს, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის იღუმენია ელისაბედ ზედგინიძემ, წლების წინ გადაცემა - "პროფილს" უამბო.

იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე: მე მაშინ სამონაზვნე მელანია ვიყავი. სოხუმის დედათა მონასტერში ვმსახურობდი. სოხუმი თითქმის დაკარგვის პირას იყო. გარკვეული პერიოდი შერიგება დამყარდა. ჩვენებს პირობა ჰქონდათ შესრულებული და ჯარი გაყვანილი გვყავდა. თუმცა, ამ შერიგების დროს, მტერმა მოულოდნელად დაბომბვა დაიწყო. სამასი ჯარისკაცით იყო დარჩენილი გენო ადამია, რომელთა შორის 20 წლამდე ბავშვები იყვნენ. დაიწყო საშინელი დაბომბვა. ავედით მონასტრის რეზიდენციის სახურავზე და ვხედავთ, რომ მტერი ბაზართანაა მოსული და ხდება საშინელება, მოხუცებს აუპატიურებდნენ, შეურაცხყოფდნენ, აცვამდნენ კამერებს და ცეცხლს უკიდებდნენ. შიშველ ხალხს საქონელივით ერეკებოდნენ. ზუსტად ათ წუთში იგივე გველოდა.
პატრიარქმა იქ რომ გაგვგზავნა, ქვეშეცნეულად ვფიქრობდით, რომ სიკვდილი ახლოს იქნებოდა. ასე თუ ისე, მზად ვიყავით, რომ ღვთისთვის და სამშობლოსთვის თავი გაგვეწირა. მაგრამ შეურაცხყოფისთვის მზად არ აღმოვჩნდით. ადამიანური კუთხით მზად არ ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვაა, გაგვახსენდა "ბაში აჩუკი", როგორ ხტებოდნენ დედები შუამთის დედათა მონასტრის გალავნიდან, როდესაც მონასტერს აწიოკებდა მტერი. დავფიქრდით და ვთქვით, მოდით, ვილოცოთ და თუ არაფერი გამოვიდა, ჩავკეტოთ ჭიშკარი და სანამ ისინი მას გახსნიან, ჩვენ ასვლას და გადმოხტომას მოვასწრებთო.
ვიყავით ოთხნი: დედა თეოდორა, ბოდბის იღუმენია, მონაზონი აღათია, მორჩილი თამარი (ახლა უკვე დედა თამარი, ბოდბის მონასტერში მოღვაწე) და მე. ვინაიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მის სახელზე დავიწყეთ ლოცვა. ავიღეთ სხვადასხვა ღვთისმშობლის სალოცავ-სავედრებელი, პარაკლისი, დაუჯდომლები.
ღამეა; ჩვენ მორიგეობით ვლოცულობთ. ათ წუთში ერთხელ, ერთ-ერთი ჩვენგანი ადის და ამოწმებს, გარეთ რა ხდება?! ზუსტად იმ ადგილას, რაც ჩვენგან ჩანს მიმდინარეობს საშინელი სამკვდრო-სასიცოცხლო ომი. ღამის თევა ხშირი გვქონდა სოხუმის მონასტერში, მაგრამ ბოროტი ძალის შემოტევა იმდენად დიდი იყო, რომ ხან ერთი დავვარდებოდით ძირს, ხან - მეორე. ოთხივე ერთმანეთს უწყვეტ ლოცვაში ვენაცვლებოდით. თითქოს ყველაფერი ამოვწურეთ და ფსკვნილზე იესოს ლოცვა დავიწყეთ ხმამაღლა, ოთხივემ ერთად...
დილის ექვსი საათისკენ კარზე ხმაური დაიწყო. დედებო, არ შეგეშინდეთ, ჩვენ ვართო - ჩვენმა ჯარისკაცებმა შემოგვძახეს (ჩვენი ჯარისკაცები ნუგეშისთვის ხშირად მოდიოდნენ მონასტერში). გავხსენით კარი, შემოდიან მდუმარედ, სათითაოდ, მიდიან ღვთისმშობლის ხატთან, რომელთანაც ჩვენ ვლოცულობდით, იჩოქებენ, პირჯვარს იწერენ და დგებიან გვერდზე. ასე შემოვიდა გენო ადამია თავისი სამასი მეომრით. ულამაზესი 19 წლის კოლხი კოტე დგას და ცრემლად იღვრება. კოტე, რა ხდება-მეთქი, ვეკითხები. დედაო, თქვენ ღვთისმშობლის ამ ხატთან ლოცულობდითო? მკითხა. შენ რა იცი-მეთქი? მთელი ღამე ეს ივერის ღვთისმშობელი იდგა ცაში და ჯვარს გვსახავდა; ვინც იქ ვიბრძოდით ჯარისკაცები, ყველანი ვხედავდით ღვთისმშობლის ამ ხატსო...
აი, ასე გადავრჩით დედებიც...
04/14/2026