საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
2008 წლის აგვისტოში, როცა რუსული სამხედრო ძალები ქვეყნის შიგნით მოიწევდნენ და ქვეყნის დედაქალაქიც საფრთხის წინაშე იდგა, საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია და განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებამ, დედაქალაქი არ დაეტოვებინა და უფრო მეტიც, საკმაოდ დაძაბულ დღეებში გორში ჩასულიყო.
პატრიარქი იმ პერიოდში აქტიურად ცდილობდა მოსახლეობის მხარდაჭერას.
აგვისტოს შუა რიცხვებში იგი ჩავიდა გორში, ქალაქში, რომელიც ომის ერთ-ერთ ეპიცენტრად იქცა. თვითმხილველების შეფასებით, მისი გამოჩენა მძიმე ვითარებაში მყოფი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მორალური მხარდაჭერა იყო.
ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი სოფელ შინდისს უკავშირდება, სადაც ბრძოლაში 17 ქართველი სამხედრო დაიღუპა.
შინდისის ბრძოლა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად დარჩა. სწორედ ამ მოვლენებს უკავშირდება სოციალურ ქსელებში გავრცელებული ემოციური ისტორია, რომელიც, როგორც ამბობენ, პატრიარქის დაცვის უფროსის მონათხრობს ეფუძნება.
ZMNA.GE გაგახსენებთ ყველა ქართველისთვის კარგად ნაცნობ ფაქტებს, საოცრად ემოციურს.
პატრიარქის დაცვის უფროსი იხსენებს:
"აგვისტოს ომის დროს, როდესაც ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, რა თქმა უნდა, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო. აღარ ვიცოდით, რა გვექნა. ბოლოს, შევთავაზე, რომ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე დღით სვეტიცხოველში ან შავნაბადის მონასტერში ავსულიყავით. ვარწმუნებდი, რომ ეს ფაქტობრივად თბილისში ყოფნას ნიშნავდა, თუმცა უწმინდესმა ამაზეც უარი განაცხადა.
14 აგვისტოს პატრიარქმა გადაწყვიტა, კონფლიქტის ზონაში შესულიყო – იქ ჯერ უამრავი ადამიანი რჩებოდა, რომელსაც ნუგეში სჭირდებოდა.
15 აგვისტოს გორში გენერალი ბორისოვი დაგვხვდა.
ბორისოვმა პატრიარქს უთხრა, – ცხინვალში დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების ცხედრები ერთად შევაგროვეთ და გავყვიროდი, მოდით, საკუთარი მიცვალებულები წაასვენეთ მეთქი, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა. მაღალი სიცხის გამო ეპიდემია რომ არ გავრცელებულიყო, ერთ ორმოში ჩავყარეთ და დავწვითო. ამის გაგონებაზე პატრიარქი ატირდა (მთელი დღე სულ თვალცრემლიანი დადიოდა). მერე ბორისოვს გადასცა 10,000 დოლარი - თუ შეიძლება, ეს თანხა, გარდაცვლილების დასაკრძალად და მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო...
კონფლიქტის ზონაში ხალხი პატრიარქს საოცარი ემოციებით ხვდებოდა. უკვე უკან დაბრუნებას ვაპირებდით, ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა, შინდისთან ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ყრია და იქნებ პატრიარქს უთხრათო. პატრიარქმა როგორც კი გაიგო – წავიდეთ, ვნახოთ ბიჭებიო. ბორისოვი უარზე იყო, საჭირო არ არის, ჩვენ გადმოვასვენებთო.
რუსი გენერალი დაჟინებით ითხოვდა, რომ უწმინდესი შინდისში არ წასულიყო, თუმცა პატრიარქი აქ მართლაც შეუვალი აღმოჩნდა და შინდისში წავედით. იქ ისეთი მძიმე სურათი დამხვდა, ცრემლს ვერ ვიკავებდი, პატრიარქს ვთხოვე, მანქანიდან არ გადმოსულიყო, ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ნაწილებად იყო მიმოფანტული, სულ 16-ნი იყვნენ. ბორისოვი ჰყვებოდა, ბიჭებმა მაგრად იბრძოლესო.
როგორც ადგილზე გავიგე, ქართულ სამხედრო კოლონას რუსული ავიაცია დაესხა თავს, ნაწილმა გაასწრო, ნაწილი დარჩა. შემდეგ სატანკო დანაყოფი ჩაერთო. ოთხი ჯარისკაცი ერთად მომკვდარა, ტანკის ორი ჭურვი ჰქონდათ მოხვედრილი. ერთს ხელში ტელეფონი შერჩენოდა. პატრიარქმა თქვა, – ბიჭები უნდა წავასვენოთო (თან ერთი მანქანა გვახლდა – პატარა ე.წ. ლაფეტი). მერე მითხრა – ანაფორას გავიხდი და ის დაუფინეთ, ცივზე არ დააწვინოთ ბიჭებიო. მართალია, პატრიარქი მანქანიდან არ გადმოსულა, მაგრამ ხედავდა მანქანაზე როგორ დავაფინეთ სხვა რაღაცეები და როგორ ვაწყობდით ქართველი გმირების სხეულის ნაწილებს, მთელი გზა უწმინდესი მანქანაში ტიროდა..."
03/20/2026