Logo

ინტერვიუ

"მთელი სხეული შიგნიდან მეწვოდა... პირდაპირ მითხრეს, სიმსივნური კვანძიაო..." - მიხეილ რამიშვილის ემოციური ინტერვიუ იტალიიდან

"მთელი სხეული შიგნიდან მეწვოდა... პირდაპირ მითხრეს, სიმსივნური კვანძიაო..." - მიხეილ რამიშვილის ემოციური ინტერვიუ იტალიიდან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მიხეილ რამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ექიმებმა მას თირკმელზე სიმსივნური კვანძი აღმოუჩინეს. ემიგრაციაში მცხოვრები ადვოკატი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, აქციაზე გაზით მოწამვლას უკავშირებს.

"BBC-ის სტატიაში წერია მეორე ნივთიერება - ტრიქლორეთილენი, არის ცნობილი კარცეროგენი (კიბოს იწვევს) და მისი გამოყენება ადამიანებთან დაუშვებელია, შესაბამისად დასაბუთებული ვარაუდით რობოკოპებს, რომლებსაც ხელში ეჭირათ ბალონი, შესაძლებელია ეს ნივთიერებები ყოფილიყო გამოყენებული, რადგანაც სადაც ეხლა ვიმყოფები ემიგრაციაში, ჩამიტარდა გამოკვლევები და თირკმელზე, რომელიც მხოლოდ ერთი მაქვს, დამიდგინდა სიმსივნური კვანძი, რომელიც არასდროს მქონია და სრულიად შესაძლებელია ეს განხორციელებულიყო, წყლის ჭავლის და ბალონის გამოყენებისას აქციაზე ჩვენს წინააღმდეგ" - წერს რამიშვილი ფეისბუქზე.

მიხეილ რამიშვილი

რვა თვეა, რაც მიხეილ რამიშვილი ემიგრაციაშია. როგორც ის "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, სამშობლოს ბედზე დარდობს, აქვს გეგმები და ძალიან ენატრება თბილისი...

მიხეილ რამიშვილი: იმ პერიოდში მე მთაწმინდაზე ვცხოვრობდი, რომელიც ემიგრაციაში გამომგზავრებამდე, ჩვენმა "სამართლიანმა" სასამართლომ ჩამომართა. ეს სხვა თემაა... ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე სულ დავდიოდი, მოგეხსენებათ. ერთ-ერთი აქციის დროს, გარკვეული დაძაბულობის შექმნისას, მე ერთგვარი შუამავალის ფუნქცია მეკისრებოდა, რომ არც ერთი მხრიდან, კანონი არ დარღვეულიყო. რობოკოპებს გადაუციათ, აქ ადვოკატი რამიშვილი დგას და მოწოდებებს აკეთებსო. მერე, ეტყობა, მიიღეს ბრძანება - მოაშორეთო და ამ დროს მოხდა ჩემი ბანაობა, რობოკოპმა მთელი ბალონი ზედ დამაცალა. ჯერ ხომ შესუნთქვით შედის ორგანიზმში და მერე, წარმოიდგინეთ, ამ მომწვამვლელი ნივთიერებით, მთელი სამოსი სველი და გაჟღენთილი მქონდა.

მიხეილ რამიშვილი

2012 წელსაც ხომ იყო აქციები; იქაც ვმონაწილეობდი. როცა უსამართლობას ვაწყდებოდი, ყოველთვის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ვიყავი. მაშინაც იყო გამოყენებული გარკვეული ნივთიერებები. მაგრამ ახლა, რობოკოპმა ეს ნივთიერება რომ დამასხა, რა არ გადამიტანია, მაგრამ იქ რომ სასწრაფო, რომელმაც პირველადი დახმარება გამიწია და ახალგაზრდა ბიჭები არ ყოფილიყვნენ, არ ვიცი, რა მომივიდოდა. ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ. მერე მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში იცით, როგორ ვიყავი? ღამეები თეთრად გავათენე. მთელი სხეული შიგნიდან მეწვოდა. თითქოს ცეცხლი მეკიდა, ოღონდ შიგნით სხეულში. ცივ შხაპს ვიღებდი და გარკვეული პერიოდის მერე გამივლიდა. მერე ოფლიანობა დამეწყო. დამწვარივით ვიყავი.

პრობლემა შემექმნა მხედველობაზეც. ყოველ ადგომას კატასროფული თავბრუსხვევა სდევდა. უნდა დავმჯდარიყავი, რომ არ წავქცეულიყავი.

მერე ემიგრაციაში მომიწია წამოსვლა. აქ გავიკეთე სიღრმისეული გამოკვლევა, თუმცა გამოკვლევებს, მე საქართველოშიც ვიტარებდი რეგულარულად. მაგრამ აქ, იტალიაში, რომ გამოკვლევას მიტარებენ, მსგავსი არასდროს მქონია; საათობით ვზივარ და დეტალურად იკვლევენ ყველაფერს. დამიდგინდა, რომ თირკმელზე სიმსივნური კვანძი მაქვს. მსგავსი არაფერი მქონია მანამდე. თორემ ბუნებრივია, ონკოლოგებთან გავივლიდი მკურნალობას. აღმომაჩნდა გულის აორტის ანევრიზმაც. კუჭნაწლავის, ფილტვის პრობლემა - ყველაფერმა ერთიანად იფეთქა. მთელი ოთახი მედიკამენტებით სავსეა.

ეს ხომ გუშინდელი არ არის, იმ ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, წელიწადზე მეტია გასული და უკვე რეაქციები გამოიწვია. მერე მე რომ გავეცანი BBC-ის ინფორმაციას და ექიმების მოსაზრებებს და დასკვნებს, ჩემი დაავადებები დავუკავშირე აქციას, ბალონი რომ დამაცალეს. ვიმეორებ, მე ასეთი სიმპტომები არ მქონია წინა ხელისუფლების დროს აქციებზე გამოყენებული მსგავსი ნივთიერებების ჩემს ორგანიზმში მოხვედრისას. მეორე-მესამე დღეს ჩვეულებრივად ვიყავი ხოლმე. ამ შემთხვევაში იყო კატასტროფული რეაქცია. ამგვარად, დასაბუთებული ვარაუდით, ზუსტად რელევანტურობა დავინახე ამ ყველაფერში. აბა, 2012 წლიდან 13 წელიწადი გავიდა და მანამდე მე არაფერი მქონია.

- როგორ მიიღეთ დიაგნოზი?

- პირდაპირ მითხრეს, თირკმელზე სიმსივნური კვანძია, რომელსად დიდი დაკვირვება სჭირდებაო. გამიხარდა-მეთქი, რომ ვთქვა, არ გამხარებია, მაგრამ ახლა სხვა საფიქრალი მაქვს. კარგია თუ ჯანმრთელად ვიქნები და ჩვენი ქვეყნის სამართლისთვის ვიბრძოლებ. თუმცა საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრიც მიწევს.

მიხეილ რამიშვილი

- რა ტიპის მკურნალობა დაგენიშნათ?

- ამ ეტაპზე დაკვირვება მიდის. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევ უნდა ჩატარდეს გამოკვლევა და შემოწმება - იზრდება თუ არა. რამდენჯერაც დამიბარეს, ორი სამი დღე მტოვებენ და თან მყვებიან...

- დამჯერი პაციენტი ხართ?

- ვცდილობ, რომ დამჯერი ვიყო, რომ ექიმს, თავის პროფესიაში, პრობლემა არ შევუქმნა და მივყვე რეკომენდაციებს. ამ ეტაპზე ვუჯერებ.

- ემიგრაციაში ცხოვრება როგორია თქვენთვის?

- რვა თვეა, რაც ემიგრაციაში ვარ. უკვე საერთაშორისო პოლიტიკური დევნილის სტატუსი მომენიჭა. მე აბსოლუტურად ყველანაირი მტკიცებულება ჩამოვიტანე. ემიგრაციის სამსახურის კომისიის ინტერვიუზე გავედი და გაკვირვებულნი დარჩნენ ჩემი მომზადებით, საბუთებით, განცხადებაც გააკეთეს.

- რა გეგმები გაქვთ?

- იტალიაში ვარ, დასამალი არაფერია. მენატრება სამშობლო. თუ მშვიდად იქნება ყველაფერი, როგორც ერთხელ, მამაჩემის და ჩემი სიმღერები ფრანგულად ავამღერე, ისე მინდა იტალიურად ავამღერო. მაგრამ ჯერ ჩვენს ქვეყანაში მინდა სიმშვიდე და სამართლიანობა იყოს. ქვეყანა იყოს იმ ინტეგრაციისკენ მავალი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. მე რასაც აქ, იტალიაში ვუყურებ, როგორ უნდა მოუტრიალდეს ადამიანს ენა და ევროპის გარყვნილებაზე ილაპარაკოს. როგორი პატივისცემა აქვთ უფროსების მიმართ, იცით? მამებს ვუყურებ, როგორ ასეირნებენ ყოველდღიურად პატარა შვილებს. საავადმყოფოში ასაკიან ადამიანთან სანახავად მოდის შვილი, შვილიშვილი და მთელი სანათესაო და ისეთ პატივს სცემენ უფროსებს, განცვიფრებული ვუყურებდი. გარყვნილება არც ჩვენს ქვეყანას აკლია, არც - მსოფლიოს, მაგრამ ასე ხელაღებით საუბარი, რომ კაცები თხოვდებიან ევროპაში, ეს არის იდიოტიზმი! თვითონაც ნურსად ნუ წამოვლენ, თორემ შეიძლება პრობლემები შეექმნათ სექსუალური თვალსაზრისით და გათხოვების საშიშროების წინაშე დადგნენ.

მიხეილ რამიშვილი

- ბატონო მიშა, ძალიან მოუხდება ოთარ რამიშვილის მელოდიებს იტალიური ტექსტიც. უფრო დეტალურად გვითხარით ამ გეგმაზე.

- გავიცანი იტალიელები, რომელთაც გარკვეული შემხებლობა აქვთ მუსიკასთან. ძალიან მოეწონათ მამაჩემის სიმღერების მელოდიაც და ტექსტების შინაარსიც. რიტმით არიან აღფთოვანებულნი, მოსმენისას მოძრაობის სურვილი რომ გიჩნდება და წაცეკვების ხალისს რომ აღძრავს. ხომ იცით, მამაჩემს გიტარაზე დაკვრის განსხვავებული სტილი ჰქონდა და იგივენაირი მანერა რომ ნახეს ჩემგან, საერთოდ გამოშტერდნენ.

ოთარ რამიშვილი

- რა ყოფილა ნოსტალგია?

- ეს იცით, რა არის ჩემთვის? ჩემი თბილისი მენატრება. ქუჩაში უცხოს რომ მივესალმები და მოვიკითხავ, ეგეც მენატრება.

თავიდან ისე ვიყავი, თითქოს დასასვენებლად რომ ხარ, მაგრამ მერე ორი კვირა რომ გადის და იცი, ვერ დაბრუნდები, ამან ძალიან იმოქმედა. ისე ვერ გავუძელი, დაბრუნება მქონდა გადაწყვეტილი. მაგრამ აქ გამაფრთხილეს, შენი დაბრუნება ცუდი შედეგის მომტანი იქნებაო. მერე ამ მძიმე მდგომარეობიდან აქაურ ემიგრანტებთან ურთიერთობამ გამომიყვანა. ბევრმა ხელი გამიმართა, გვერდით დამიდგა. ნელ-ნელა გადავაგორე მძიმე უღელი, რასაც სამშობლოსგან განშორება ჰქვია. ახლა უკვე ისეთი განცდა მაქვს, თითქოს თბილისში ვარ, აქ ისეთი ტიპები არიან, უცებ მოგესალმებიან. თბილისში რომ ვიცით, მანქანაში რომ ახლობელი ზის, დაინახავ და დაუძახებ, ეე, ბიჭო, გააჩერეო. ასე თბილად იციან მოკითხვა და ურთიერთობა. ყოველთვის ვამბობ, რომ ემიგრანტებისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. მათ გადამარჩინეს. თან როგორ არის, წინა ხელისუფლებამ დამინგრია ყველაფერი და ნულიდან მომიწია ყველაფრის კეთება. ახლაც, წლების შემდეგ, ისევ თავიდან მიწევს დაწყება, ოღონდ სხვა ქვეყანაში.

იმედია, მოვა მალე ის დრო, რომ სამშობლოში დავბრუნდები და ნოე რამიშვილივით სხვაგან არ დამასაფლავებენ...

რამიშვილი

ავტორი: თამარ გონგაძე

12/03/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024