Logo

ჯანმრთელობა

"მცირდება შიმშილის შეგრძნება და ორგანიზმი საკვების ნაწილს აღარ ითვისებს" - დავით აბულაძე გახდომის ახალ მეთოდზე

"მცირდება შიმშილის შეგრძნება და ორგანიზმი საკვების ნაწილს აღარ ითვისებს" - დავით აბულაძე გახდომის ახალ მეთოდზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"მაგნიტებით მარტივად და უოპერაციოდ გავხდები" - ახალ სამედიცინო მეთოდზე ამბობენ ადამიანები, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ და სურთ ზედმეტ კილოგრამებს ქირურგიული ჩარევის გარეშე დაემშვიდობონ. თუმცა MAGDI-ს ანუ წონის კლებისა და ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობის ინოვაციურ პროცედურას ყველა მსურველს როდი უკეთებენ.

რითი განსხვავდება ახალი "უსისხლო მეთოდი" უკვე კარგად ნაცნობი ბარეატრიული ოპერაციისგან, რა შემთხვევაში უკეთებენ "მაგნიტების მეთოდს" წონაში კლების მსურველს და რას ჰყვება "ზმნასთან" უკვე მსოფლიოში დანერგილ ამ პოპულარულ სიახლეზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზოგადი და ბარიატრიული ქირურგი, პროფესორი დავით აბულაძე.

ის უშუალოდ მონაწილეობდა მაგნიტური ქირურგიის კვლევებში და 2021 წლიდან საქართველოში მის დამკვიდრებაში. ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მან დიდი გამოცდილება დააგროვა.

დავით აბულაძე: როდესაც ვსაუბრობთ ბარეატრიაზე ახალი მეთოდით - "მაგნიტებით ოპერაციაზე", საუბარია მაშუნტირებელი ტიპის მეტობოლურ ოპერაციაზე. მარტივად რომ ვთქვათ, თორმეტგოჯა ნაწლავს და სწორ ნაწლავს შორის შერთულს არა ტრადიციული მეთოდით (ნაწლავების გაჭრით და შემდეგ მიკერებით) ვაყალიბებთ, არამედ ნაწლავებში ვდგამთ მაგნიტებს და როდესაც ამ ორი ნაწლავის სანათურებს ერთმანეთთან მივიტანთ, ეს მაგნიტები ერთმანეთს ეკრობიან და მათ შორის ხდება ნაწლავის კედლის ასე ვთქვათ - მოჭყლეტვა. ეს პროცედურა ნელ-ნელა, 4 კვირის მანძილზე ავითარებს ნეკროზს - ანთებით პროცესს მაგტიტებს შორის და ყალიბდება ფისტულა, მოკლე გზა ნაწლავებს შორის ისე, რომ სანათურს არ ვჭრით. ეს მეტოდი ბევრად მარტივია გამორიცხავს გართულებას - სისხლდენას, ნაკერების უკმარისობას. ეს არის ნაწლავების გარკვეული სეგმენტების ერთმანეთთან მიერთება, ნაწლავის გაჭრისა და კუჭის მოჭრის გარეშე.

ორგანიზმში მოხვედრილი საკვები, გარკვეულ საჭმლის მომნელებელ სეგმენტს გამოტოვებს. მცირდება პროდუქტის ათვისება და ადამიანი მიღებული საკვების კალორაჟის ნაწილ რაოდენობას აღარ ითვისებს.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს იწვევს საკვების შეწოვის შემცირებას. ეს პროცედურა ასევე ზრდის GLP-1-ის ჰორმონის გამოყოფას, რომელიც ამცირებს შიმშილის შეგრძნებას და აუმჯობესებს სისხლში შაქრის დონეს. მოკლედ, სისხლში მცირდება შაქრის დონე, მცირდება შიმშილის შეგრძნება და ორგანიზმი მიღებული საკვების ნაწილს აღარ ითვისებს.

გახდომა

- მაგნიტების პროცედურა ჩვენს ქვეყანაში ახალი მეთოდია, რა გამოცდილებაა ამ მხრივ მსოფლიოში?

- მსოფლიოში 2021 წელს შესრულდა პირველად ეს პროცედურა და ეს იყო საქართველოში, თბილისში, კლინიკა "ინოვაში". ის ჩატარდა ჩემს მიერ და პროფესორ მიშელ გარნიეს მიერ. სამეცნიერიო კვლევა ხუთ ქვეყანაში მიმდინარეობდა და მათ შორის, საქართველოში. ერთი წლის მანძილზე ჩვენთან 20 ოპერაცია ჩატარდა და 80 ოპერაცია დანარჩენ ქვეყნებში. მივიღეთ ისეთი შედეგები, რომ პროცედურას გართულება არ მოჰყვა და შემდეგ ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ შეიძლებოდა მისი გაკეთება. ამ მეთოდის ავტორიზაცია დღეს აქვს - კანადას, ესპანეთს, ჩილეს, ამერიკას, იტალიას, გაერთიანებულ ემირატებს და ავსტრალიას.

- როდის, რა შემთხვევაში კეთდება მაგნიტების პროცედურა?

- ამას ვაკეთებთ როცა გვაქვს სერიოზული მეტაბოლური დარღვევები, ტიპი ორი დიაბეტი, აღენიშნება მაღალი ქოლესტერინი და არის ათეროსკლეროზის ახალგაზრდა ასაკში ჩამოყალიბების რისკი. ამ დროს არ აქვთ დიდი წონა. პრობლემას ვაგვარებთ ისე, რომ კუჭს არ მოვჭრით, კალორაჟს არ ვამცირებთ, დეფიციტი რომ არ გამოვიწვიოთ. აქ მხოლოდ მეტაბოლური ჩარევაა, კალორაჟის შემცირების გარეშე. შედეგად, ის წონა აკლდებათ, რაც მეტაბოლური სინდრომის გამო აქვთ მომატებული. ეს არის 15-30 კილომდე.

საერთოდ, წონაში მატებას ორი მიზეზი აქვს - მეტაბოლური სინდრომი და დარღვეული კვებითი ქცევა და სტილი. ჩვენ გვყოლია ჭარბწონიანი პაციენტები აბსოლუტურად ნორმალური მეტაბოლიზმით. როცა პათოლოგიური ჭარბი წონაა, კალორაჟის შემემცირებელი ოპერაცია კეთდება - ანუ ბარეატრია. როცა პაციენტს 15 კილოს მოკლება უნდა, მაგრამ ვნახეთ, რომ მას მეტაბოლური სინდრომი არ აქვს, სხეულის მასის ინდექსი 32-ზე მეტი არ არის, მაშინ არ ვუკეთებთ მაგნიტების პროცედურას. აზრი არ აქვს. ეს კვების ქცევიდან გამომდინარეა და ამაზე თავად უნდა იმუშაოს.

ზოგ შემთხვევაში, არა აქტიური ცხოვრების სტილიდან გამომდინარე მეტაბოლური დარღვევის გარეშე იმხელა მასა აქვს მიღწეული, რომ კალორაჟი ხელოვნურად, ოპერაციით უნდა შევუზღუდოთ. ასეთ შემთხვევაში, ოპერაციის შემდეგ, თუ ცხოვრების სტილი არ შეცვალა, ისევ დაიბრუნებს ძველ წონას.

- ზარმაცი ხალხი ვარ, უვარჯიშოდ, დისციპლინის გარეშე გვინდა 15-20 კილოს მარტივად დაკლება. ამიტომ მაგნიტების პროცედურა პოპულარული უნდა იყოს წონაში დასაკლებად... ამ პროცედურაზე რა შემთხვევაში ეუბნებით უარს?

- უარი გვითქვამს, თუ ვხედავთ, რომ ვერ მივიღებთ შედეგს. თუ არ აქვს მეტაბოლური სინდრომი.

მეტაბოლური სინდრომი რა არის? ინსულინრეზისტენტობა, მაღალი ლიბიდების არევა, ღვიძლის გაცხიმოვნება... თუ რომელიმე აღენიშნება ამ ჩამოთვლილთაგან, მაშინ ვეუბნებით პაცინეტს, რომ ის, რაც არ არის დარღვეული, მისი გამოსწორებაც არ არის საჭირო. მას სჭირდება ფსიქოთერაპია და ცხოვრების სტილზე მუშაობა.

MAGDI-ს ვაკეთებთ მაშინ, თუ გვაქვს დარღვევები. ეს პროცედურა აჩქარებს მეტაბოლიზმს.

ჩვენ ამ მეთოდით ვმკურნალობთ ისეთ ადამიანებს, რომელთა შემთხვევაში უშედეგოა მკურნალობა შაქარზე...

თავის მხრივ მეტაბოლური სინდრომიც ხანგძრილი დაავადებაა. ჩვენ ის რემისიაში გადაგვყავს. ექვს თვეში ერთხელ უნდა გადაიკონტროლოს დაავადება ადამიანმა, ხუთი წლის შემდეგ კი, უკვე წელიწადში ერთხელ კეთდება კონტროლი. კოტროლში იგულისხმება ვიზიტი ენდოკრინოლოგთან, სტანდარტული ანალიზი, შაქრის შემცველობის კონტროლი, მოკლედ, ზოგადი "ჩექ აფი."

- და ბარიატრიული როდის კეთდება?

- ბარიატრიულს ვაკეთებთ მაშინ, თუ ვხედავთ, რომ კვებითი ქცევა იმდენად აქვს დარღვეული, რომ სხეულის მასის ინდექსი 32-ზე მაღალია. 40-ზე მაღალი ჰქონიათ ინდექსი და უთქვამთ, მაგნიტების პროცედურა მინდაო. ამ დროს ვეუბნები, რომ მისთვის ეს პროცედურა არ არის საკმარისი.

- როგორია მომართვიანობა ამ ეტაპზე?

- საკმაოდ დიდია. თვეში რვა ოპერაციას ვაკეთებთ. მსგავსი ტემპი აქვს სხვა ქვეყნებსაც. ყველა ახალ მეთოდს გარკვეული დროს სჭირდება, რომ პოპულარული გახდეს, როგორც პაციენტებში, ისე - ექიმებს შორის. უსაფრთხო მეთოდია, გართულებებს გამორიცხავს და იმედი გვაქვს, ამ მეთოდის ათვისებას მეტი და მეტი კლინიკები დაიწყებენ.

- ბატონო დავით, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბარიატრიული ოპერაცია შვილებს თვითონ გაუკეთეთ. რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება თქვენთვის?

- ძალიან რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ სერიოზული მეტაბოლური დარღვევები წავიდა, გამოსწორება ვერ ხერხდებოდა და ამიტომ გადავწყვიტე თვითონ გამეკეთებინა ოპერაცია. ამ ოპერაციას ბევრი ძალიან კარგად აკეთებს საქართველოში, მაგრამ არაფრისგან არ ვართ დაზღვეული. თუ გართულდებოდა, მერჩივნა, ისევ ჩემს ხელში გართულებულიყო, ვიდრე ჩემს კოლეგებთან და მათთან მეგობრული ურთიერთობა ამის გამო გამეფუჭებინა.

ეთიკურად არასწორია, ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ოჯახის წევრს გაუკეთო ოპერაცია, მით უმეტეს - შვილს. ჩვენ სხვაგვარად ვფიქრობთ. ბევრი ფაქტი ყოფილა საქართველოში - ოჯახის წევრისთვის თუ ახლობლისთვის გაუკეთებიათ ოპერაცია.

ვაღიარებ, მარტივი არ იყო, მეც ვემზადებოდი ამისთვის...

ავტორი: ზმნა

12/13/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024