სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჩვენი ქალაქის სკოლებსა და ბაღებში მუნის გავრცელებამ საზოგადოების დიდი შეშფოთება გამოიწვია.
მუნი კანის პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც მუნის ტკიპა იწვევს.
სოციალურ ქსელებში მომხმარებლები ერთმანეთ აქტიურად უზიარებენ მუნის ამოცნობის, მისი მკურნალობის გზებს და იძლევიან რჩევებს, რომლებიც ხშირად მდგომარეობის გამოსწორებას ხელს სულაც არ უწყობს.
იქიდან გამომდინარე, რომ დაავადების გავრცელება ძირითადად ბავშვებში და შესაბამისად, ბავშვების თავშეყრის ადგილებში ხდება, ZMNA.GE პროფესიონალური რჩევებისათვის პედიატრ ლალი ჯანაშიას დაუკავშირდა.

„სტიგმატიზირებულ დაავადებებთან ბრძოლაში მრავალი წელი გავატარე და დღეს აღმოვაჩინე, რომ სტიგმა მოშლილი არ არის. მითი იმის შესახებ რომ მუნი აუცილებლად მძიმე სოციალურ მდგომარეობას უკავშირდება ჯერაც არსებობს.
ადამიანები დადასტურებული დიაგნოზებითაც კი მალავენ დაავადებას. რაც თავისთავად დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს.
სინამდვილეში მუნი არის კანის პარაზიტული დაავადება, რომლისთვისაც არა აქვს მნიშვნელობა, როგორი სოციალური მდგომარეობაა გარეთ ან რომელი საუკუნეა.
ერთადერთი რაც უნდა ვთქვათ, საჭიროა ჰიგიენის წესების დაცვა იმისათვის, რომ არ მოხდეს დაავადების გავრცელება.

რა არის მუნი და როგორია მისი სიმპტომები
მუნი კანის პარაზიტული დაავადებაა, მისი გამომწვევია ტკიპა, ხოლო დაავადების გავრცელების წყარო - დაავადებული ადამიანი.
მუნს ახასიათებს პაპულოვეზიკულები – წვრილი ბუშტუკები, რომლებიც ხშირად ჯგუფებად ჩნდება.ასევე „ორწერტილოვნად“ - ხაზოვნად დალაგებული ბუშტუკები, როლებიც თითქოს მწკრივში არიან ჩალაგებული.
მუნის აღმოსაჩენად დამატებითი ნიშანია სიმპტომი, როცა ბანაობისას ცხელი წყლის ქვეშ ქავილი ძლიერად იმატებს.
პირველი რჩევა მშობლებს - როცა თქვენი შვილები იქავებენ აქტიურად კანს განსაკუთრებით გარეთა ზედაპირებზე, თითებს შორის, კისრის მიდამოს და ჩნდება უჩვეულო ტიპის გამონაყარი. როცა ანტიჰისტამინური პრეპარატი არ იძლევა შედეგს, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ თქვენი ოჯახის პედიატრს და ის საჭიროების შემთხვევაში მიიტანს ეჭვს და გადაგამისამართებთ დერმატოლოგთან.

როგორია გადაცემის გზები?
მუნი ყველაზე კონტაგიოზურ პარაზიტულ დაავადებად ითვლება. ეს ტკიპა, პარაზიტი თვალით არ ჩანს და ამის გამო გადამდებობის ხარისხი ძალიან მაღალია.
განსაკუთრებით მარტივად ხდება დაავადების გადადება სხვისი პირადი ნივთების გამოყენებით. მოერიდეთ სხვისი ტანსაცმლის, თეთრეულის, პირადი ნივთების გამოყენებას.
დაავადების გავრცელების შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია სკოლებში და ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სწორედ იმით, რომ ბავშვები ერთმანეთში ცვლიან ტანსაცმელებს.

როგორ ვებრძოლოთ მუნს?
სოციალურ ქსელს თუ გადახედავთ, არის გვერდები, ჯგუფები, სადაც მშობლები, მეგობრები, უცნობი ადამიანები გულუხვად იძლევიან რჩევებს. მათ შორის ავრცელებენ მალამოების რეცეპტებს.
ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ და ასე დანიშნული წამლები და რეცეპტებით სარგებლობა დაუშვებელია.
დაიმახსოვრეთ, რომ ერთი ვიზიტით ექიმთან, მთლი ოჯახის ყველა წევრის გადარჩენას ახდენთ. იღებთ მკურნალობის რეცეპტს დაავადებული წევრისთვის და პრევენციას დანარჩენი ოჯახისთვის.

რამდენიმე მარტივი რჩევა:
როცა დიაგნოზი დადგენილია, პირველადი ტანსაცმელი სასურველია მოიშოროთ. მერე უკვე ვიწყებთ დანარჩენი ტანსაცმლის, თეთრეულის დამუშავებას. მალამოებით და შესასხურებელი ხსნარებით.
ასევე მუშავდება საყოფაცხოვრებო ნივთები და რბილი ავეჯი.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მკურნალობის დოზა, რომელიც თქვენმა ექიმმა გირჩიათ. წამლის დოზირების გაზრდა პრობლემის მოგვარებას არ ეხმარება. ზოგჯერ პირიქითაც.
ინკუბაციის პერიოდი 7-10 დღე გრძლდება.

მკურნალობის კურსი ხანგრძლივი არ არის. უბრალოდ, საჭიროა წესების ზედმიწევნით დაცვა და რაც მთავარია იზოლაცია.
ნურც ბავშვი, ნურც დიდი ნუ დაბრუნდება საჯარო სივრცეში სანამ დაავადება ბოლომდე არ ალაგდება.
11/03/2025