Logo

ჯანმრთელობა

მუნჯარო, ოზემპიკი და ვეგოვი ალკოჰოლის, სიგარეტის და სხვა მავნე ჩვევების წინააღმდეგ - რა აჩვენა ახლმა კვლევებმა

მუნჯარო, ოზემპიკი და ვეგოვი  ალკოჰოლის, სიგარეტის და სხვა მავნე ჩვევების წინააღმდეგ - რა აჩვენა ახლმა კვლევებმა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პრეპარატები, რომლებმაც ბოლო წლებში, დიაბეტისა და ჭარბი წონის მკურნალობაში განსაკუთრებული გარდატეხა მოახდინა, ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.
მეცნიერები სერიოზულად მსჯელობენ, შეიძლება თუ არა GLP-1 ტიპის მედიკამენტებმა, მაგალითად, Ozempic-მა და Wegovy-მ, გავლენა არა მხოლოდ მადასა და წონაზე, არამედ ალკოჰოლის, ნიკოტინისა და სხვა ნივთიერებების მიმართ ლტოლვაზეც მოახდინოს.

ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პაციენტების ნაწილმა ექიმებს ერთი საინტერესო დაკვირვება გაუზიარა. პრეპარატის გამოყენების შემდეგ, მათ ალკოჰოლის, სიგარეტის, ტკბილეულის და სხვა „ჯილდოს მომცემი“ ქცევების მიმართ სურვილები საგრძნობლად შეუმცირდათ.

Ozempic და Wegovy ერთსა და იმავე მოქმედ ნივთიერებას, სემაგლუტიდს შეიცავს. Ozempic თავდაპირველად ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა, Wegovy კი წონის კონტროლისთვისაა დამტკიცებული. ამ ჯგუფის პრეპარატები GLP-1 რეცეპტორის აგონისტებია. ისინი ჰბაძავენ ჰორმონს, რომელიც ორგანიზმში შაქრის რეგულაციას, დანაყრების შეგრძნებასა და მადასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობს.

ოზემპიკი მუნჯარო

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ GLP-1 მხოლოდ კუჭ-ნაწლავსა და სისხლში შაქარზე არ მოქმედებს. მისი რეცეპტორები ტვინის იმ ნაწილებშიც გვხვდება, რომლებიც სიამოვნებას, მოტივაციასა და ე.წ. "ჯილდოს მომცემი" ქცევების სისტემას უკავშირდება. სწორედ ეს სისტემა მონაწილეობს იმაში, რომ კიდევ და კიდევ გვინდება ის, რაც ტვინმა სასიამოვნოდ დაიმახსოვრა. ყველაზე ძლიერი მტკიცებულება ამ ეტაპზე ალკოჰოლს ეხება.

ალკოჰოლი

JAMA Psychiatry-ში გამოქვეყნებულ რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში, სადაც ალკოჰოლის მოხმარების აშლილობის მქონე 48 ადამიანი მონაწილეობდა, სემაგლუტიდმა პლაცებოსთან შედარებით შეამცირა ალკოჰოლის მიღება ლაბორატორიულ პირობებში და ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა ალკოჰოლის მიმართ ლტოლვა. იმ მონაწილეებში, ვინც მწეველიც იყო, დაფიქსირდა სიგარეტის დღიური რაოდენობის შემცირებაც. თუმცა კვლევაში მონაწილეთა რაოდენობა მცირე იყო და დაკვირვების პერიოდი მხოლოდ 9 კვირას მოიცავდა. ამიტომ ჯერ უცნობია, რამდენად შენარჩუნდება ეფექტი ხანგრძლივად, ან რა მოხდება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

კიდევ უფრო მასშტაბური სურათი გამოჩნდა The BMJ-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელშიც 606 000-ზე მეტი ამერიკელი ვეტერანი მონაწილეობდა. კვლევის მიხედვით, ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებში GLP-1 პრეპარატების გამოყენება, ნივთიერებების მოხმარების აშლილობის უფრო დაბალ რისკთან იყო ასოცირებული. მათ შორის ალკოჰოლთან, ნიკოტინთან, კანაფთან, კოკაინთან და ოპიოიდებთან დაკავშირებულ შემთხვევებში.

მუნჯარო

სწორედ ამიტომ ახლა მეცნიერებს ყველაზე მეტად აინტერესებთ მექანიზმი,თუ როგორ ახერხებს დიაბეტისა და წონის კლებისთვის შექმნილი პრეპარატი გავლენა მოახდინოს მავნე ჩვევების მიმართ ლტოლვაზე. აქ ყურადღება ტვინის ერთ შედარებით ნაკლებად პოპულარულ უბანზე, ლატერალურ სეპტუმზე გადავიდა. წლების განმავლობაში, დამოკიდებულების კვლევებში, მთავარი ყურადღება დოფამინსა და ტვინის კლასიკურ ჯილდოს ცენტრებზე იყო მიმართული. თუმცა ახალი კვლევები აჩვენებს, რომ GLP-1 რეცეპტორებ,ი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლატერალურ სეპტუმში, ტვინის უბანში, რომელიც სიამოვნების, მოტივაციისა და გარემო სიგნალებთან დაკავშირებული ქცევების რეგულაციაში მონაწილეობს.

მარტივად რომ ვთქვათ, GLP-1 პრეპარატები შეიძლება მხოლოდ „შიმშილს“ კი არ ამცირებდნენ, არამედ ტვინში იმ სიგნალებსაც ასუსტებდნენ, რომლებიც გარკვეული ქცევის განმეორებას საურველად აქცევს. ამიტომაც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტკბილეულისადმი ძლიერი სურვილი, ალკოჰოლის მოთხოვნილება, ნიკოტინის მიმართ ლტოლვა ან სხვა დამოკიდებულებითი ქცევები, ერთსა და იმავე ბიოლოგიურ მექანიზმზე შეიძლება იყოს მიბმული.

ტვინი

ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ Ozempic ან Wegovy დღეს უკვე დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებად უნდა მივიჩნიოთ. სპეციალისტები ამბობენ, რომ საჭიროა უფრო დიდი კლინიკური კვლევები, სხვადასხვა ასაკის, წონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანებში. ასევე აუცილებელია იმის გარკვევა, რამდენად უსაფრთხოა ასეთი მიდგომა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დიაბეტი ან ჭარბი წონა, მაგრამ აქვთ ალკოჰოლზე ან სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულება. მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, GLP-1 პრეპარატები დამოკიდებულებების მკურნალობაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სამეცნიერო მიმართულებად ყალიბდება. და თუ მომდევნო კვლევებმა მათი ეფექტი და უსაფრთხოება დაადასტურა, შესაძლოა დამოკიდებულებების მკურნალობის სრულიად ახალი გზა გაჩნდეს. გზა, რომელიც არა მხოლოდ ნებისყოფაზე, არამედ ტვინის ჯილდოს სისტემის ბიოლოგიურ რეგულაციაზე იქნება დაფუძნებული.

წყარო: JAMA Psychiatry, The BMJ, eBioMedicine

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

06/30/2026

ალკოჰოლიმუნჯაროოზემპიკისიგარეტი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024