ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"ქართველი მოცარტი" - ასე დავარქვით გამოჩნდა თუ არა. მაშინ 9 წლის იყო. თავისი ფენომენალურობით ყურადღება მაშინვე მიიქცია.17 აგვისტოს კი, ცოტნე ზედგინიძეს ოქროს დაბადების დღე ჰქონდა,17 წლის გახდა. ეს დრო კონცერტებში, ახალ-ახალი ნაწარმოებების შექმნაში, სხვადასხვა მიმართულებით ცოდნების დაგროვებაში და მუდმივ განვითარებაში გაატარა.



მუსიკალური მოვლენა - სახელად ცოტნე ზედგინიძე წლებია აოცებს მსოფლიოს. აქვს გასტროლები, თვეობით გაწერილი გრაფიკი... მის ნაწარმოებებს ასრულებენ ცნობილი დირიჟორები და ორკესტრები... ეს დიდი სიამაყის მომგვრელია.
მისი მეურვე და მენტორი კი ისევ ბებიაა, მისი გზამკვლევი, პედაგოგი, პროდიუსერი - ქალბატონი ნინო მამრაძე. ორივეს გაუმართლათ ერთმანეთი. ერთია დაიბადო გენიად, მეორეა სწორი გზა გაგიკვალონ და ნიჭს მორგებული გასაქანი მისცენ. ნიჭს სწორი მოხმარება უნდა, სწორი განვითარებით. მუსიკოსი ნინო მამრაძე ჩირაღდნით მიუძღვის ცოტნეს, ზუსტ დროს ზუსტ ადგილებში...


"ზმნასთან" საუბრისას მან ცოტნეს დატვირთული ზაფხულის შესახებ გვიამბო.
ნინო მამრაძე: ბევრ ადგილას ვიყავით. დატვირთული ზაფხული გვქონდა. პარიზთან ახლოს, ქალაქ სეინთ დენის სასახლეში შუმანის და ვერდის ნაწარმოებებთან ერთად, საკუთარი ნაწარმოებები - ჰობო სონატა დაუკრა.
შემდეგ გავემგზავრეთ როტერდამში, სადაც ცოტნეს სიმფონიური პოემის პრემიერა შესრულდა. შემდეგ იგივე შესრულდა ამსტერდამში, იქაური რადიოსთვის გაკეთდა ჩანაწერი. შემდეგ გავემგზავრეთ დორტმუნდში, სადაც სოლო კონცერტი ჰქონდა.
დიდი ხნით გახლდით იაპონიაში, ოთხ ქალაქში. იაპონიაში ცოტნეს მეოთხე გასტროლი ჰქონდა. საშინელი სიცხე იყო...
შემდეგ თბილისში დავბრუნდით ერთი დღით და ცოტნეს და, ნინიკო წავიყვანეთ ვერბიეს ფესტივალზე. ვერბიეში, კარგმა შემდგენლობამ, ცოტნეს კვინტეტი დაუკრა. იქიდან გავემგზავრეთ ბერლინში, სადაც ორ გერმანულ ფესტივალზე გამოვიდა.
- თქვენ სულ თან დაჰყვებით და ამდენი ფრენა თქვენთვის რთული იქნებოდა...
- ძალიან გამიჭირდა. ჩემს ასაკში გადაბმულად ამდენი ფრენა ნამდვილად რთულია. გარდა ფრენისა, ქალაქიდან ქალაქში მატარებლებით გადავადგილდებით. არ არის ადვილი. ამის გამო შეუძლოდ გახლდით.
- საოცრად დატვირთული ზაფხული გაგივლიათ. წინ წინანდლის საერთაშორისო ფესტივალია...
- რომელშიც ვერ ვმონაწილეობთ, რადგან სექტემბრის ბოლოს ისევ აქვს გატროოლები და მანამდე ცოტა უნდა ამოისუნთქოს. ნოემბერში სოლო კონცერტები აქვს იაპონიაში, მანამდე გერმანიაში - ბერლინსა და ბონში. ცოტნეს დიდი ბაბუის, ნიკო სულხანიშვილის ნაწარმოები "ღმერთო, ღმერთოც" ექნება პროგრამაში. ეს შესრულდება გერმანულ-ქართული ახალგაზრდული გაერთიანებული ორკესტრისა და კაპელას თანხლებით. იდირიჟორებს მირიან ხუხუნაიშვილი.
გერმანიაში "წლის არტისტის" წოდება მიანიჭეს. ექვსი საპრემიერო შესრულება ჰქონდა.

- ამხელა დატვირთვას როგორ უძლებს?
- ტრენინგით არასდროს იკლავდა თავს, არც - ახლა. ცოტა დროს უთმობს დასაკრავ პროგრამას. როგორც ყოველთვის, მისი მუსიკალური დრო დაკავებულია იმპროვიზაციებით, კითხვით და მოსმენით.

- ასაკთან ერთად რა პიროვნული ცვლილება განიცადა?
- გარდატეხის პერიოდს გადის, თუმცა დიდი ცვლილებები არ აქვს. მისი ფილოსოფიური განწყობა ყველაფრის მიმართ, რაც მას ყოველთვის ჰქონდა, კიდევ უფრო ჩაღრმავებულია.
- ადრე მხატვრების ბიოგრაფიებითა და შემოქმედებით იყო გატაცებული. ახლა?
- ბევრი გატაცება ჰქონდა. ორი წელია ღრმად სწავლობს ძველი ენების წარმოშობის, მოდიფიკაციის და გავრცელების ისტორიას. ინდური კულტურით დაინტერესდა. წაიკითხა მაჰაბჰარატა, საგმირო, რელიგიურ-ფილოსოფიური ეპოსი და ძველ ქართულად თარგმნა.
დაინტერესებულია გენომებით (ორგანიზმის უჯრედში შენახული მემკვიდრული მასალის ერთობლიობა. გენომი შეიცავს ბიოლოგიურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის აგებისა და მხარდაჭერისთვის.) რომელ ერებში რა გენომი სჭარბობს. დიდ დროს უთმობს, სიღრმიეულად ეცნობა... გარდა ამისა წერდა სცენარებს, ლექსებს.
- პროფესიული განათლების მიღებას სად გეგმავს?
- ცოტნეს საქართველოში არც ერთ მუსიკალურ დაწესებულებაში არ უსწავლია. ასე გადავწყვიტე. კომპოზიტორის მონაცემებს ჩარჩოები არ სჭირდება. ჩვენი თეორიული მხარე ჩარჩოებშია და რახან მე კარგად ვიცნობ სპეციფიკას, ეს ავარიდე. არც კომპოზიციას გადიოდა ვინმესთან. პარტიტურის წერაშიც ბოლომდე თვითნასწავლია.
ბერლინში ორი უმაღლესი მუსიკალური დაწესებულებაა, სადაც ერთი წელია თავისუფალ სტუდენტად ირიცხება. პროფესორებთან აქვს კონსულტაციის ტიპის შეხვედრები და როცა ადამიანი ასპარეზზეა გასული, ეს საკმარისია. გაწერილი გრაფიკიდან გამომდინარე, სკოლის დამთავრებას თუ მოახერხებს, ბერლინში უკვე ელოდებიან...
08/20/2026