ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვისთვის მზის სათვალე მხოლოდ ლამაზი აქსესუარია.
პედიატრი ძმები, დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები განმარტავენ, თუ რატომ არის მზისგან დაცვა ადრეული ასაკიდანვე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი თვალის ჯანმრთელობისთვის.
ექიმების განმარტებით, მთავარი მიზეზი ფიზიოლოგიაშია.
„ბავშვის თვალის ბროლი გაცილებით უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე ზრდასრული ადამიანის. შესაბამისად, ის გაცილებით მეტ ულტრაიისფერ სხივს ატარებს თვალის ფსკერამდე. ეს ნიშნავს, რომ მავნე გამოსხივება პირდაპირ ზემოქმედებს ბადურაზე, რაც მომავალში შესაძლოა მხედველობის სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდეს.“

ბევრი მშობელი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ ნებისმიერი მუქი სათვალე დამცავია. პედიატრი ძმები ხაზგასმით აღნიშნავენ რომ ლინზების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანია, რომ სათვალეს ჰქონდეს ხარისხიანი ლინზები, რომლებიც რეალურად ბლოკავს UV სხივებს. უხარისხო, უბრალოდ გამუქებული პლასტმასა უფრო მეტ ზიანს აყენებს ბავშვს. მუქი ფერის გამო გუგა ფართოვდება, დაცვის (ფილტრის) არარსებობის პირობებში კი თვალში იმაზე მეტი ულტრაიისფერი სხივი შედის, ვიდრე სათვალის გარეშე შევიდოდა.“

ძმები ჩახუნაშვილების პრაქტიკული რეკომენდაციები მშობლებს:
1.სათვალის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მარკირებას.
სათვალეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარწერა UV400 ან 100% UV Protection. ეს არის ერთადერთი გარანტია, რომ თვალი დაცულია.
2. ყურადღება მიაქციეთ მასალას.

ვინაიდან ბავშვები აქტიურები არიან, სათვალე უნდა იყოს უსაფრთხო. სასურველია პოლიკარბონატის ლინზები, რომლებიც დარტყმაგამძლეა და არ იმსხვრევა.
3. დაიწყეთ სათვალის მოხმარება ადრეული ასაკიდან

ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს, რათა თავიდან ავიცილოთ მომავალში მხედველობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები,“ - გვირჩევენ პედიატრი ძმები.
03/28/2026