Logo

"ეკლესიაში მოვიხსენიებ სოსოს დედის სულს" - დაუგეგმავი გმირობის ამბავი

"ეკლესიაში მოვიხსენიებ სოსოს დედის სულს" - დაუგეგმავი გმირობის ამბავი

10/04/2026

ტექსტის ზომა

ეს ახალგაზრდა კაცი სოსო სირბილაძეა. გორელი ახალგაზრდა, რომლის სახელიც რამდენიმე დღის წინ, სრულიად უცნობი ადამიანისთვის გაკეთებული სიკეთით გახდა ცნობილი.

სოსო სირბილაძე

თავად სოსოს, ალბათ, არც უფიქრია, რომ აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ მის ძებნას სოციალურ ქსელში დაიწყებდნენ, მის საქციელზე კი გორთან ერთად, მთელი საქართველო ილაპარაკებდა.

ყველაფერი ერთი ფოტოთი დაიწყო. რამდენიმე დღის წინ Facebook-ჯგუფში „ჩემი გორი“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა ავტომობილის სანომრე ნიშნების ფოტო გამოაქვეყნა და ხალხს მანქანის მფლობელის მოძებნაში დახმარება სთხოვა.

მანქანა

მიზეზი განსაკუთრებული იყო. პოსტის ავტორის თქმით, სწორედ ამ ავტომობილის პატრონმა გორის ერთ-ერთ აფთიაქში სრულიად უცნობ ხანდაზმულ ქალს 470 ლარის ღირებულების წამლები უყიდა.

„არ ვიცი, ვინ ხარ, არ ვიცი, სად ხარ, მაგრამ მინდა, რომ ცხოვრებაში წარმატებული, ბედნიერი და ჯანმრთელი იყო... ამ მანქანის პატრონმა დღეს აფთიაქში ხანში შესულ ადამიანს 470 ლარის წამლები უყიდა. ბებოს, რომელიც ხელის გულზე ერთი დღის წამლის ფულს ითვლიდა, ამ ბიჭმა ერთი თვის სამყოფი წამლები უყიდა. არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის. დედმამიშვილიც კი შეიძლება არ გაგიკეთოს ასეთი რამ და ამ ბიჭმა სრულიად უცხო ადამიანს გაუკეთა“, - წერდა პოსტის ავტორი.

პოსტს მალევე მოჰყვა გამოხმაურება და უცნობი ახალგაზრდის ვინაობაც გაირკვა. ავტომობილი სანომრე ნიშნით მისმა ბიძაშვილმა, ანი სირბილაძემ ამოიცნო. „რა ხასიათიც აფთიაქში დაგანახათ დღეს, მასეთია ცხოვრებაშიც... სოსო სირბილაძე, გაიხარე, ბიძაშვილო“, - დაწერა მან.

ამის შემდეგ კომენტარებში სოსოს მიმართ მადლობისა და კეთილი სურვილების წერა დაიწყო. ერთ-ერთმა მომხმარებელმა მის ბიძაშვილს სთხოვა, სოსოს დედისთვის აუცილებლად გადაეცა მადლობა „ასეთი შვილის გაზრდისთვის“.

პასუხი კი კიდევ უფრო ემოციური აღმოჩნდა: „სამწუხაროდ, დედა გარდაცვლილი ჰყავს...“

ამ სიტყვებს ახალი კომენტარები მოჰყვა: „როგორ ხარობს მისი სული ზეცაში - პირნათლად შეუსრულებია ვალი...“ „ნამდვილად მოვიხსენებ ეკლესიაში სოსოს დედის სულს...“ წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

სოსო სირბილაძე ალბათ ფიქრობდა, რომ მის მიერ, ერთ ჩვეულებრივ საღამოს გაწეული სიკეთე, იმ ამბად დარჩებოდა, რომელსაც მხოლოდ ორი ადამიანი გაიხსენებდა, მაგრამ ამჯერად სიკეთეს შემთხვევითი მოწმე აღმოაჩნდა.

ასე გაიგო ჯერ გორმა, შემდეგ კი სრულიად საქართველომ ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელმაც ხანდაზმულ ქალს, ერთი თვის სამყოფი წამლები უყიდა, ისე, რომ სანაცვლოდ არც მადლობა მოუთხოვია და არც საკუთარი სახელი გაუმხელია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

აფთიაქიგმირობაგორელი ახალგაზრდასოსო სირბილაძესოციალური ქსელი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026