Logo

ინტერვიუ

"ნანკას მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდა, მე - შავ-თეთრი" - გიორგი კალატოზიშვილი ტყუპისცალზე

"ნანკას მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდა, მე - შავ-თეთრი" - გიორგი კალატოზიშვილი ტყუპისცალზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნანკა და გიორგი კალატოზიშვილები ტყუპები არიან. გიორგის, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, ხშირად იწვევენ ტელევიზიები და მეტ-ნაკლებად ცნობილია, თუმცა შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ ის პოპულარული მსაბიობის ძმაა.

მაინც რითი გვანან და რითი არ გვანან ტყუპები ერთმანეთს, რაზე ჩხუბობენ და როგორია ძმის თვალით დანახული ნანკა, ამაზე "ზმნასთან" გიორგი კალატოზიშვილი ჰყვება.

გიორგი კალატოზიშვილი: - ერთმანეთთან ემოციურად ახლოს ნებისმიერი დედმამისშვილი და და-ძმაა, მაგრამ ტყუპის შემთხვევაში, ერთიანობის გრძნობა უფრო მეტად გაქვს. როდესაც მე აქციაზე არ ვიმყოფები, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ნანკა იქაა (თუნდაც არ იყოს იქ და შეიძლება რეპეტიციაზე იყოს, მაგრამ როგორც წესი, ჩვეულება აქვს, რომ ის აქციაზე იმყოფება), მე ყოველთვის ვწერ ან ვურეკავ, ვეკითხები - სად არის? გამძაფრებული აღქმა მაქვს იმ საფრთხის, რომელიც შეიძლება არსებობდეს. თუ არ მპასუხობს, მაშინვე შუამავალ რგოლს, დედას ვურეკავ და როცა მეტყვის, სად არის ნანკა, მერე ვმშვიდდები.

ყველას ვუწბილებ მოლოდინს, ვინც ჩემგან ტყუპებთან დაკავშირებულ მისტიკურ ისტორიებს ელოდება. მე არ მჯერა ამის. ერთადერთი, რაც ჩვენ გვაძლევს იმ ემოციების საშუალებას, ეს არის ის კოქტეილი, რომელიც ჩვენ ორგანიზმში არსებობს ნეირომედიატორების სახით. როცა ვნერვიულობთ, სულ სხვა ნივთიერები გამომუშავდება და მაგ დროს გამძაფრებულად აღვიქვამთ ერთმანეთს.

- რითი გავხართ და რითი არ გავხართ ერთმანეთს?

- ბევრი რამით არ ვგავართ. თუმცა ვგავართ ღირებულებებით და ეს არის მთავარი. შეიძლება გარეგნული მსგავსება არ გვქონდეს, მაგრამ შინაგანი მსგავსება თითქმის ას პროცენტიანი გვაქვს.

გიორგი კალატოზიშვილი

მე აკადემიური სტილი მაქვს. ნანკა სკოლის პერიოდიდან, ბავშვობიდან ინდივიდუალურია. არასდროს ყოფილა სოციალური გარემოს და საზოგადოებრივი აზრის მსხვერპლი. მათი კარნახით არ უცხოვრია. ეს უმნიშვნელოვანესია იმ ღირებულებების გამოსაკვებად, რომელსაც თავისუფლება ჰქვია. მე ეს არ მქონია.

კალატოზიშვილები

მე საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ვარ და ყოველთვის ვერგებოდი გარემოს. მოწესრიგებული ორივე ვიყავით, უბრალოდ, ნანკას ჰქონდა მრავალფეროვანი ცხოვრება. მე მქონდა შავ-თეთრი, აქრომატული. ეს ხასიათზეც მეტყველებს. ჩვენ ამას ყველაფერს ექსპრესიის დონეზე, არავერბალურ დონეზეც, ჩაცმულობითაც გამოვხატავთ. ვიცვამთ ხასიათის შესაფერისად. ნანკა ყოველთვის მრავალფეროვანი იყო. სხვათა შორის, თავის თანატოლებში და პატარებში ქმნიდა ტრენდებს. ამკვიდრებდა დამოკიდებუელბას, რომ არ არის აუცილებელი სტანდარტში იჯდე. პირიქით, უნდა გაცდე იმ ყუთს, რომელშიც მიგვაჩვიეს ცხოვრებას.

ნანკა კალატოზიშვილი

- მისგან იღებთ რჩევებს?

- მე ზოგადად ჩემი ოჯახისგან ვიღებ რჩევებს, მხოლოდ ნანკასგან - არა. მე ქალებმა გამზარდეს. ჩვენი მამა 1992 წელს აფხაზეთის ომში დაიღუპა. 42 წლის არ იყო. ძალიან პატარა იყო... მე გამზარდა ნანკამაც, როგორც ჩემმა ტყუპისცალმა, უფროსმა დამ - თიკამ და დედაჩემმა. როგორც ადამიანი და მამაკაცი, თავისი ღირებულებებით, გამზარდა ჩემმა მეუღლემ - ელენემ. ეს ოთხი ქალია ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი.

ნანკასგან რჩევას ყოველთვის ვიღებ. ეს იგივეა არ უსმინო შენი ტვინის და გულის ნახევარს. ამიტომ როცა იმპულსურად ჩემი ნახევარი რაღაცას მეუბნება, მე ყოველთვის მაინტერესებს.

- თვითონ ითვალისწინებს თქვენს აზრს?

- რა თქმა უნდა, რაღაცებს ითვალისწინებს. მთავარია, განწყობა შევინარჩუნოთ და ის, რასაც ერთმანეთს ვეუბნებით, ნეიტრალურ დონეზე იყოს აღქმული.

- ჩხუბობთ?

- ახლა უკვე ნაკლებად. ინდივიდის ჩამოყალიბებისას, ერთმანეთსადმი რამის თქმას, ჩვენი საკუთარი საზღვრების ხელყოფად აღვიქვამდით. როცა დავღვინდით, უკვე გვესმის, რას და რატომ ვეუბნებით ერთმანეთს. როცა ცუდს გეუბნები, ამის მთავარი და ამოსავალი რა არის - ზრუნვა შენზე, შენს უსაფრთხოებაზე.

ჩემთვის ნანკა შეუცვლელი ადამიანია. შეუცვლელია თიკა, დედა, ჩემი მეუღლე.

ნანკა კალატოზიშვილი

- როგორც მსახიობი სად უფრო მოგწონს - სცენაზე თუ ეკრანზე?

- დოის სპექტაკლებში მომწონს, სხვაგანაც, თუმც მე კინო მიყვარს სიგიჟემდე. ნანკას თავისი კინო როლი ჯერ არ უთამაშია. მსახიობობა ისეთი რამაა, რომ შეიძლება ასაკშიც კი ადამიანმა დაუვიწყარი როლი შექმნა. სესილია თაყაიშვილი ყოველთვის მოთხოვნადი და საინტერესო მსახიობი იყო, მაგრამ აბა, გადახედეთ, რა ასაკში ითამაშა თავისი მაგარი როლები. გვიან!

მე ვფიქრობ, თავისი ნიჭის რეალიზება ნანკას, ჯერჯერობით, არ შეეძლო. წინ აქვს. კინოში აქვს ბეგრაუნდი, უცხოელებთან, იტალიელთან აქვს ნამუშევარი. ვფიქრობ, მას კინოში ჯერ თავისი სათქმელი არ უთქვამს.

- როგორ ფიქრობთ, რა მოსწონთ ზოგადად ნანკაში?

- გულწრფელობა, ღიაობა და სიხისტე. სიხისტე არა აგრესიული, არამედ თავისი გადაწყვეტილების ერთგულებისა. როცა ის რაღაცას გადაწყვეტს, შეუძლებელია გადაიყვანო არჩეული გზიდან. ნანკა ძალიან მზრუნველი ადამიანია. როცა აქციაზეა, ან სხვაგან ,ყოველთვის დადებით ემოციას იწვევს თავისი მზრუნველი ბუნების გამო.

ნანკა კალატოზიშვილი

- ჩვენი საზოგადოება დაგეშილია ადამიანის ნეგატიურად შეფასებებზე. როცა დის მისამართით ცუდი გესმით, რა რეაქცია გაქვთ?

- ცუდი რეაქცია მაქვს. ჩემი ემოციური და ინსტიქტური ტვინი მკარნახობს იმ მომენტში, რა უნდა გავაკეთო. ნანკა არის ის ადამიანი, რომელიც მე, ამ ჩემს გაგიჟებულ ხასიათზე, ცივ წყალს მასხამს ზემოდან.

ძირითადად, უცნობები, მათ შორის, ტროლები და ბოტები წერენ ცუდს. ნანკა ისხლიტავს ნეგატივს, კაი, გაანებე თავიო. მე ყველა ჯერზე მაინც ვბრაზდები. სხვის ომში ყველა ბრძენია. ნანკა რასაც სწორად აკეთებს და რასაც მისგან ვსწავლობ არის ის, რომ როცა ვიღაც ლანძღავს, ეს გულებს უხატავს. კარგი თავდაცვა ჭკვიანური თავდასხმაა.

- როცა ეუბნებიან, ხუმრობით, თუ ქილიკით - მოდი პოლიტიკაშიო, რა რეაქცია გაქვთ ამაზე?

- ჩვენ აპოლიტიკური ხალხი ვართ. ოღონდ აპოლიტიკური არასწორი ნათქვამია, არა პარტიული ხალხი ვართ. ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, პატრიოტები ვართ. პარტიულობა უკვე ჩარჩოებში მოქცევას ნიშნავს. ჩვენ იქ ვიქნებით, სადაც ქვეყანას დასჭირდება.

- როგორი დედაა?

- კარგი დედაა. მით უმეტეს, დედისერთაა მისი დანი. მასზე გადამკვდარია. ერთადერთი, რამაც დრო შეუჭამა, ეს კრიზისია, რომლის გამოც გარეთ არის. ჩვენ ამ კრიზისის ორომტრიალში ვიხარჯებით. ამან შეუძლებელია შენს ოჯახზე არ იქონიოს გავლენა.

სახლში აქვს თავისი ავტონომიები. სულ წიგნებშია. უსმენს მუსიკას, სავარჯიშოებს აკეთებს. აფასებს თავის საზღვრებს, არ ხელყოფს სხვის საზღვრებს. ყველას ეუბნება, რომ აქვს თავისი დრო, ადგილი, კონკრეტული საზღვრები, რომელიც არ უნდა ხელყო. ამგვარი ავტონომია ყველას სჭირდება.

- მზადება? ახერხებს?

- იცის მზადება. აცხობს არაჩვეულებრივად. ქადა თუ ნამცხვარი, ყველაფერს აკეთებს. მაგრამ დრო როცა არ აქვს, შეიძლება მხოლოდ თანამონაწილეობით შემოიფარგლოს. ნანკა შემოქმედია და უყვარს მზადება. სამზარეულოშიც შემოქმედია.

ავტორი: თამარ გონგაძე

11/03/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024