Logo

საზოგადოება

"ნატა ვიბლიანის საქმემ არ უნდა გაყოს ერთმანეთისაგან სვანეთი და დანარჩენი საქართველო"- მესტიის მკვიდრის ვიდეომიმართვა

"ნატა ვიბლიანის საქმემ არ უნდა გაყოს ერთმანეთისაგან სვანეთი და დანარჩენი საქართველო"- მესტიის მკვიდრის ვიდეომიმართვა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ემიგრანტი ქალის, ნატა ვიბლიანის ამბავმა ქართული საზოგადოება არნახულად გააერთიანა. არასრულწლოვანზე ძალადობის სასტიკმა ფაქტმა, ქვეყნის მოსახლეობა აღაშფოთა. საზოგადოების ერთი ნაწილი პასუხისმგებლობას მხოლოდ მოძალადეებს კი არა, გარშემომყოფებსაც აკისრებს და მიიჩნევს, რომ ასეთი დანაშაულის შორიდან ყურება და ჩუმად ყოფნა, ძალადობაზე არანაკლები დანაშაულია.

განსაკუთრებით მომრავლდა განცხადებები, სადაც მთლიანად სვანეთსა და სვანი მოსახლეობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, რამაც საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში მცხოვრებთა სამართლიანი გულის წყრომა გამოიწვია.


ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით მოწოდებას - თავი დაანებეთ მთელი სვანეთის დადანაშაულებას და შეურაცხყოფას!


სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა ნატა ვიბლიანს ხმამაღალ მხარდაჭერას უცხადებს, საქმის საფუძვლიან გამოძიებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.
ახლახან ვიდეომიმართვა გაავრცელა მესტიის მკვიდრმა დავით კვირიკაძემ, რომელმაც ქართველებს ერთიანობისკენ და სამართლიანობისტვის ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა.


„მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა გამოვეხმაურო ნატა ვიბლიანის საქმეს.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სასტიკად ვგმობ ქალთა წინააღმდეგ ძალადობას!

ნატა ვიბლიანის საქმეს ამძიმებს ის გარემოებაც, რომ მასზე ბავშვობიდან, 9 წლის ასაკიდან, სისტემატურად ძალადობდნენ. ამ ამბავმა შეძრა მთელი საქართველო. ის გაუგონარი სისასტიკე, რაც თავს დაატყდა ნატა ვიბლიანს, არის დიდი ტკივილი როგორც სვანეთისათვის, ასევე მთელი საქართველოსთვის.

ჩვენს ქვეყანაში ქალები და ბავშვები დაცულად უნდა გრძნობდნენ თავს. და ამისათვის, საქართველოს თითოეული მოქალაქის ერთობლივი და მყარი პოზიცია არის საჭირო, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და აღარასდროს აღარ განმეორდეს ასეთი სისასტიკე.

ჩვენ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ის ოქროს სიტყვები, რაც ჩვენს გერბზე წერია: „ძალა ერთობაშია“.

დანაშაულს არ შეიძლება ჰქონდეს კუთხის სახელი და დაუშვებელია, რომ ნატა ვიბლიანის ეს უმძიმესი ტრაგედია, ვინმემ კუთხური შუღლის გასაღვივებლად გამოიყენოს.

სვანეთი ყოველთვის იდგა და იდგება სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს. სვანეთი ყოველთვის იდგა და იდგება ღირსების მხარეს.

ნატა ვიბლიანის საქმემ არ უნდა გაყოს ერთმანეთისაგან სვანეთი და დანარჩენი საქართველო.

დღეს ამ ტრაგედიის წინაშე სვანეთი დგას, მაგრამ ვინ იცის, ახლა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე მსგავსი შემთხვევა ხდება. ყველას ვერ ყოფნის გამბედაობა, რომ მოყვეს თავისი გასაჭირის შესახებ.

ამიტომ ჩვენ, ჩვენი ერთობით, უნდა ვაჩვენოთ ყველა მოძალადეს, რომ არა მარტო სვანეთში, არამედ მთელს საქართველოში არავის არ შერჩება ქალთა და ბავშვთა წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა,“ - ამბობს კვირიკაძე ვიდეომიმართვაში.

Your browser does not support the video tag.

ავტორი: ზმნა

07/22/2026

დავით კვირიკაძენატა ვიბლიანისაქართველოსვანეთი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024