რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"მღვდლობა მე შემიჩერეს, რომ ვერ მოვნათლავ და სახლს ვერ ვაკურთხებ, მაგრამ ეს ისედაც მეზარებოდა" - თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში,ტვ პირველზე.
დღეს ყველა, ვინც თვლის, რომ ამ სასულიერო პირს მღვდელმოქმედება სამართლიანად შეუჩერდა, ამ ვიდეოს აზიარებს და წერს: აი, ხომ ხედავთ, თავისი საქმე როგორ ეზარება და ქუჩაში ამიტომაც დგასო...
"ზმნა"მამა დოროთეს დაუკავშირდა და მისი ფრაზის განმარტება სთხოვა.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მოძღვრის საქმე არ არის ნათლობა და სახლის კურთხევა. ეს მეორეხარისხოვანი საქმეა. პავლე მოციქული ამბობს, მადლობა ღმერთს, ბევრი თქვენთაგანი რომ არ მომინათლავს, გარდა ორი-სამი კაცისა. მოსანათლად კი არ ვარ მოვლენილი, არამედ ღვთის სიტყვის საქადაგებლადო. არც ჯაღმაიძის მრევლი და არც "იმედის" მაყურებელი არ კითხულობს სახარებას. სამოქციქულოში წერია, მოციქულები ამბობენ, არ არის კარგი, სიტყვის მსახურება დავთმოთ და ტაბლებს ვემსახუროთ. ტაბლების მსახურება იყო მაშინ, წირვის მომზადება, ქვრივების მსახურება და ა.შ. დღეს რაც უფრო მაღალ რანგშია ადამიანი, მით უფრო ნაკლებად ნათლავს, და ნაკლებად დადის სახლის საკურთხებლად.
წესით და რიგით ბერები, ანუ არქიმანდრიტები, სახლების საკურთხებლად არ უნდა დადიოდნენ. მაგრამ დღეს სხვა კურთხევაა და მეც, რახან ქალაქში ვარ, იძულებული ვიყავი მევლო და თავის სარჩენად ჩამეტარებინა ნათლობაც და კურთხევაც.
მონასტრიდან რომ ბერი სახლის საკურთხებლად წავიდეს, არ არის მიზანშეწონილი. შეუძლია ამის კეთება, მაგრამ არ არის მისი საქმე. რუის- ურბნისის კრება რომ ჩატარდა, იმ წესების თანახმად, მონასტერში არა თუ ნათლობა, ბავშვის მიყვანაც კი არ შეიძლება. ჯვრისწერა მით უმეტეს არ უნდა ტარდებოდეს. მონაზვნობა სხვა რამეა, ოჯახი - სხვა რამ. ვიმეორებ, ჯვრისწერებზე ბერები არ დადიან. ბერის და არქიმანდრიტის საქმე სახლის კურთხევა არ არის. მე დავდიოდი, მაგრამ მეზარებოდა იმ გაგებით, რომ ეს არ არის ჩემი საქმე, მაგრამ თავი რომ მერჩინა, ვაკეთებდი, რა ვქნა?! მეზარებოდა იმიტომ კი არა, რომ დაღლილი ვიყავი. არ იყო ჩემი საქმე და ამიტომ მეზარებოდა. მე ეს ვთქვი, მაგრამ იმათმა არ იციან, მე რა ვთქვი.
ჩემი საქმე ღვთის სიტყვის განცხადებაა ერისთვის. რადგან ერში აღმოვჩნდი, გავხდი ერის მასწავლებელი. სადმე მონასტერში რომ ვყოფილიყავი, ჩემი არსებობის შესახებ არავის ეცოდინებოდა. მაგრამ მონასტერი წამართვეს და თბილისის შუაგულში ვარ. სოფელში ცხოვრებისას ჯვარი დამიწერია წყვილისთვის. განა აკრძალული მაქვს, მაგრამ არ არის ჩემგან მიზანშეწონილი. ამას დაბალი ხარისხის მღვდლები უნდა აკეთებდნენ. მე წლების მანძილზე მონასტრის წინამძღვარი ვიყავი. ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობისას მომიწია ჯვრისწერა, ნათლობა, სახლის კურთხევა, მაგრამ არასდროს არ მიმიჩნევია, რომ ჩემი საქმე იყო. მე მაწუხებდა ამას რომ ვაკეთებდი. თეთრი მღვდლები ჩვენ ზოგჯერ განგვიკითხავენ ბერებს, არ შეიძლება თქვენთვის და თქვენ მაინც ჯვარს წერთო და მართლებიც არიან.
- დედამ, დედა ეფემიამ გაიგო თქვენი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ?
- გაიგო. ძალიან წუხს. სხვათა შორის, ის რომ ვთქვი, მაინც მეზარებოდა ნათლობები და სახლის კურთხევა-მეთქი, დედაჩემის და იმ ახლობლების გასაგონად ვთქვი, ვინც ასე წუხს და განიცდის ჩემი მღვდელმოქმედების შეჩერებას. ვთქვი იმიტომ, რომ მსუბუქად შეხედონ ამას. მე როცა რაღაცას ვსაუბრობ, ჩემიანებს უფრო ვითვალისწინებ. ჰგონიათ, რომ სასწაული გამიკეთეს, მაგრამ მათ ვეუბნები, რომ ეს არაფერი არ არის. ვუგზავნი ხალხს, რომ გაამხნევონ და ანუგეშონ. ცუდად არის, რა თქმა უნდა, ტირის. 90 წლის ქალია, დიალეზზე დამყავს კვირაში ორჯერ. განიცდის, შეიძლება შეეწიროს კიდეც ამას. მაგრამ რა ვქნა, როცა ასეთი რაღაცები ხდება...
12/17/2025