საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1921 წლის 23 თებერვალს თბილისში, სამხედრო ტაძრის ეზოში, საბჭოთა რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირები დაკრძალეს. ეს დღე უმძიმეს მოსაგონრად დარჩა და ახლა მას ავღწერთ ზუსტად ისეთად, როგორიც იყო.
რა მოხდა 105 წლის წინ იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა დგას. ჩვენი წყარო 1921 წლის თებერვლის ქართული პრესაა, რაც აღწერილ ფაქტებს, ისტორიულ სიზუსტეს ანიჭებს.
დილის 9 საათიდან მიხეილის საავადმყოფოსთან ხალხმა შეკრება დაიწყო. იქვე, დილიდანვე, ორკესტრთან ერთად იდგნენ სამხედრო ნაწილები. 10 საათზე სამხედრო პატივით გამოასვენეს გმირთა ცხედრები. სამგლოვიარო პროცესია კიროჩნი ქუჩით დაიძრა და ვერის აღმართი აიარა. ამ დროს რუსთაველის პროსპექტზე, სამხედრო ტაძართან, მდუმარედ იდგა მრავალრიცხოვანი საზოგადოება, ზღვა ხალხი. ტაძრის შესასვლელთან იმყოფებოდნენ - მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, დამფუძნებელი კრების წევრები და სხვა ოფიციალური პირები.
ქაშუეთის ტაძრიდან გამოასვენეს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის ცხედარიც და ორი სამგლოვიარო მსვლელობა ქაშუეთის წინ შეერთდა. მერე გმირთა კუბოები სამხედრო ტაძრის ეზოში, წინასწარ გათხრილ საფლავებთან დაასვენეს.

პანაშვიდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ლეონიდემ გადაიხადა. მისი მოწოდება — „საფლავის წინ მუხლი მოვიყაროთ“ — იქ შეკრებილმა ხალხმა ერთსულოვნად შეასრულა. პანაშვიდის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში, კათოლიკოსმა ქებით მოიხსენია საქართველოს მხედრობა და ხელისუფლება.
1921 წლის 24 თებერვლის გაზეთმა „ერთობამ“ შემოგვინახა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, კარლო ჩხეიძის მიერ ამ დღეს წარმოთქმული სიტყვა. ჩხეიძე გმირებს მიმართავდა, როგორც ეროვნული უკვდავების იდეის მატარებლებს და ხაზს უსვამდა, რომ ქართველი ერის ისტორიული მისწრაფებას თავისუფლებისაკენ, დროებითი მარცხიც კი ვერ აღმოფხვრიდა.

„გმირებო, ჩვენი მოვედით აქ, რომ კიდევ ერთხელ შევეკითხოთ ჩვენს თავს: ვინ მოგცათ ამდენი ძალა, ამდენი გამბედაობა, ამდენი სიყვარული? ეს მოგცათ თქვენ ქართველმა ერმა, რომელსაც ამდენი საუკუნეა ამხნევებს უკვდავების იდეა. ამ უკვდავების იდეის აღმოფხვრა მოინდომეს ერის მოღალატეებმა, ისევ ქართველებმა და წამოიყვანეს თქვენზე უცხო ქვეყნის ჯარები. სხვები, თქვენისთანა გმირები გასცემენ მათ შესაფერ პასუხს. და საბოლოოთ, გამარჯვებული მოვა აქ, თქვენს საფლავთან და მუხლმოდრეკით ჩამოგძახებთ: გაიხარეთ გმირები! ქართველი ერის უკვდავების იდეა კვლავ ცოცხალია!“
იმავე დღეებში გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნდა გამოსათხოვარი სიტყვა, რომელიც თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორს, შესანიშნავ პედგოგს, ისტორიკოს ალექსანდრე წერეთელს ეკუთვნოდა — მარო მაყაშვილის მასწავლებელს.

„მძიმეა მასწავლებლისთვის დაწეროს რამე იმ ადამიანზე, ვისი აღზრდაც ბედმა არგუნა. მძიმეა აღმზრდელისთვის თავისი მოსწავლის უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლის გათვალისწინება. მაგრამ ყოველივე ამას გავიწყებს და მწუხარებას გინელებს გმირულ სიკვდილი, რომლითაც გაგვშორდა დაუვიწყარი მარო.
ძვირფასო მოწაფევ, ნაზად და სიყვარულით მიიღებს მშობელი მიწა შენს სახელოვან ცხედარს და დიდის ალერსით გეტყვის საუცხოო ნანინას.“
ამ სიტყვებით გამოემშვიდობა მასწავლებელი ყოფილ მოსწავლეს, ფრონტზე მოხალისე წასულ სტუდენტ ქალს, რომელიც სამშობლოს დაცვისას მოწყალების დის მოვალეობას ასრულებდა.


მარო მაყაშვილი კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში გმირულად დაცემულ იუნკრებთან ერთად დაკრძალეს.
ეს ერთ-ერთი მათგანის - ნიკოლოზ კალანდარიშვილის ფოტოა.

მათი ბრძოლა არ დასრულებულა. საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა 1921 წლის 23 თებერვალს, გმირების დაკრძალვისას კარლო ჩხეიძის მიერ წარმოთქმული სიტყვები კვლავ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ეროვნული უკვდავების იდეა, რომლის აღმოფხვრაც მაშინ ძალადობით სცადეს, საქართველოს ისტორიულ ცნობიერებაში ცოცხალია და გამარჯვების საბოლოო სიტყვა სათქმელი აქვს.

02/22/2026