ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"ვიკასთან" "სარკასტიკას" წამყვანებმა - გიორგი ნაზღაიძემ და თამაზ ლოხიშვილმა საკუთარ თავზე და ერთმანეთზე ისაუბრეს. კითხვაზე, რა არის ამ გადაცემის წარმატების საიდუმლო, გიორგიმ უპასუხა, რომ თამაზასთან იდეალური დუეტი ააწყო.
თამაზა: გადაცემას ჩავწერთ და ნაზღაიძე განადგურებულია - მე მგონი, მორჩა, ეს ბოლო გადაცემაა. ალბათ, ნახვები არ ექნება.
გიორგი: მე სულ სკეპტიკურად ვუყურებ. ჩემი საქმით კმაყოფილი არასდროს არ ვარ.
თამაზა: მე ვეუბნები, არა, გიორგი, კარგი იყო. აქ გაეცინება ხალხს, დავარცხნილია. არა! მე შენ გითხარი, რომ არ არის კარგი! მე ვეუბნები, მოდი, არ ვინერვიულოთ, ვერაფერს შევცვლით, გადაცემა ვნახოთ-მეთქი. მემონატაჟესთან ერთად ვიკრიბებით, ვჭრით, ეფექტებს ვადებთ და ორივე ვკვდებით სიცილით.
გიორგი: ერთხელ გადაცემაში გამაბრაზა, ეს გავიდა. ჩვენ ხომ არაფერს ვჭრით. გავებუტე და ვუთხარი, აჰა, შენ ტელეფონი, დადექი და დარეკე-მეთქი.
თამაზა: ხომ შეიძლება რომ მეც გავბრაზდე, მაგრამ მე არ ვბრაზდები.
გიორგი: იმიტომ რომ იცი, რომ მე მართალი ვარ. ცუდად გააკეთა საქმე და გავუბრაზდი. თვითონ მე ვერ გამიბრაზდება.
თამაზა: ამ დროს მე ვფიქრობ: აღელვებულია, შეიძლება ჩემზე არ იყოს გაბრაზებული, სხვა რამეზე იყოს და 15 წუთში გაუვლის-მეთქი. არ ვყვები. ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა რთულია. რა უნდა მითხრა, რომ გამომიყვანო მდგომარეობიდან. რა უნდა მითხრას, რომ მაწყენინოს.
გიორგი: ჩვენი ურთიერთობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს გადაცემა. მე თუ ვიფეთქე, მან ზუსტად იცის, რაზე ვიფეთქე. ერთმანეთში ვათანხმებთ ყველაფერს. ვეკითხები, ვუთანხმებ, თამაზ, გადავდგა ეს ნაბიჯი? ისიც მეკითხება, ეს რეკლამა გვინდა გადაცემაში თუ არა?

თამაზა: მე არ შემიძლია ფლირტი. არ მქონია მომენტი, რომ ვიღაცას ვეფლირტაო. მე ვიცი, რომ არასდროს არ ვიქნები სექსუალური. იშვიათია, რომ მე ადამიანი შემიყვარდეს. ერთხელ ერთი მომეწონა და გადავწყვიტე, შორიდან თვალებს გავნაბავ-მეთქი და ორივე თვალი დამეხუჭა.
გიორგი: არ არის საჭირო გადაცემაში ორი სექსუალური ადამიანი. ერთიც საკმარისია.
თამაზა: ჩემი ჩაცმულობა აღიზიანებს.
გიორგი: რაც მაღიზიანებს და მკლავს, ამის ქაოსური ჩაცმულობაა.
თამაზა: ვერ ვიტყვი, რომ ვერ ვშოფინგობ. არც ფულის პრობლემა მაქვს. მოვდივარ დიდი პარკებით - ფეხი 41 ზომა მაქვს, მაგრამ 42 ზომა უნდა მეცვას, ფეხი თავისუფლად უნდა მქონდეს შიგნით. ისე ვერ ვლაპარაკობ. შარვალი ისეთი უნდა მეცვას, ნიავმა იმოძრაოს, მუშტი თუ არ ჩამივიდა და ამომივიდა, ცუდად ვარ. მოტკეცილს ვერ ვიცვამ. არაფერი არ უნდა მიჭერდეს.
მე და ნაზღოს გვაჩუქეს ძვირადღირებული კლასიკური ფეხსაცმელი. სახლში რომ ჩავიცვი, შეგრძნება მქონდა, რომ ფეხი დამიბეტონეს. მეგობარი მოვიდა, ხომ იცვამ კლასიკურ ფეხსაცმელს-მეთქი, ვუთხარი. მან ყუთი გახსნა, ამოიღო, გადამკოცნა და 15 წუთში აღარ იყო, გავარდა.
გიორგი: ახლა პარიზში მივფრინავთ დასასვენებლად და იქ ერთი ლუქი ჩემი გემოვნებით უნდა ავუწყო. ამის უფლება მომცა.
04/27/2026