საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
როგორ ხდებოდა ერის ინტელექტუალური საყრდენი რეჟიმის მძევალი? 1924 წლის აჯანყების სისხლიანი ჩახშობის შემდეგ, ივანე ჯავახიშვილს მოუწია უმძიმესი არჩევანის გაკეთება ოჯახის წევრების და, რაც მთავარია, უნივერსიტეტის გადასარჩენად. ეს არის ამბავი უდიდეს ქართველზე, რომელსაც უბოროტესმა სისტემამ უმძიმესი დოკუმენტის ხელმოწერა აიძულა. მოგვიანებით - რექტორობიდან მისი გადაყენებით - ბოლშევიკებმა უნივერსიტეტი დიდი ხნით დააბნელეს.
დიდი ტერორი
1924 წლის ანტისაოკუპაციო აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ, ბოლშევიკური ტერორი სრულიად არნახულ ეტაპზე გადავიდა. რეპრესიების ტალღამ თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეები და მათი ოჯახები წალეკა. აჯანყების დამარცხებისთანავე, საოკუპაციო რეჟიმმა დახვრიტა პუბლიცისტ კიტა აბაშიძისა და თეკლე ჯამბაკურ-ორბელიანის უფროსი ვაჟი — გია აბაშიძე.

გიას დედა, თეკლე, ივანე ჯავახიშვილის მეუღლის, ანასტასიას და იყო. დები ოჯახებით ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ამ დროისთვის ივანეს ქვისლი და გულითადი მეგობარი, კიტა აბაშიძე, უკვე გარდაცვლილი გახლდათ.
გია აბაშიძის დახვრეტა ივანე ჯავახიშვილისთვის შვილის დაკარგვის ტოლფასი იყო. ოჯახი ახალგაზრდა, ღირსეულ ახალგაზრდას გლოვობდა, არქივებში იძებნება ჩეკას წარმომადგენლების გაბრაზებული ჩანაწერები გია აბაშიძეზე, რომ წამების მიუხედავად მეგობრებზე სიტყვა ვერ დააცდევინეს.

1924 წლის სექტემბერში ივანეს და კიტას დიდ ოჯახში გლოვა იყო. მაშინ ივანეც დააპატიმრეს. უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც იმხანადვე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა, მალე კი გაათავისუფლეს, შინ დაბრუნებულს სასოწარკვეთილს უთქვამს: ნეტავ ამაზე ხელი არ მომეწერა და მოვმკვდარიყავიო.
მეორე დღეს გაზეთ „კომუნისტში“, უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს სახელით, ბოლშევიკების მიერ წინასწარ მომზადებული ტექსტი გამოქვეყნდა. განცხადება გმობდა 1924 წლის აჯანყებას და მას „მშვიდობიანობის წინააღმდეგ მოღალატეთა მიერ ჩაფიქრებულ ავანტიურად“ აფასებდა. დოკუმენტს ხელს უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორები აწერდნენ, სიის სათავეში კი რექტორი — ივანე ჯავახიშვილი იდგა.
სისტემა ერის ინტელექტუალურ და მორალურ საყრდენებს მძევლებად იყენებდა. შვილმოკლულ მამებს და მგლოვიარე ნათესავებს აიძულებდა დაედასტურებინათ აბსურდი — თითქოს სამშობლოსთვის თავდადებული ახალგაზრდები „ბანდიტები“ იყვნენ, მათი მკვლელები კი — მშვიდობის მომტანები. ივანე ჯავახიშვილისთვის ეს არ იყო საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯი; ეს იყო გამოსასყიდი ოჯახის წევრებისა და უნივერსიტეტის გადასარჩენად.

მიმართვა საყვარელ სტუდენტებს
სამი წლით ადრე, 1921 წლის 16 თებერვალს, წითელი არმიის შემოტევისას, ივანე ჯავახიშვილი დამფუძნებელი კრების თავდაცვის კომიტეტს მიმართავდა:
„უნივერსიტეტის პროფესორები, დოცენტები, ლექტორები, ასისტენტები და, საზოგადოდ, სამეცნიერო-სასწავლო ნაწილის პირადი შემადგენლობა მზად არიან, მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება და სიცოცხლე შესწირონ საფრთხეში მყოფი ძვირფასი სამშობლოს თავისუფლების დაცვის საქმეს“.
მაშინ რექტორმა თავის საყვარელ სტუდენტებს სამშობლოს დასაცავად იარაღის ხელში აღებაც მოუწოდა. საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში დარჩენა ივანესთვის უდიდესი რისკი იყო, მან ეს რისკი გასწია — დარჩა და ხუთი წლით მაინც გადაარჩინა უნივერსიტეტი ბოლშევიკური აოხრებისგან.

სიბნელის მმართველობა
საბჭოთა ოკუპაციის გამო სამშობლოდან საფრანგეთში გადახვეწილი შალვა ამირეჯიბი 1926 წელს თბილისში მომხდარს ამ სიტყვებით ეხმიანებოდა: „ჩვენს სამშობლოში სულელები გამოეყვნენ ჭკვიანებს, ურიგოები — რიგიანებს, პირი შეკრეს და ქვეყანას ასულელებენ... ამ სისულელისგან ქვეყანა იღუპება!“

მიზეზი ის იყო, რომ ბოლშევიკებმა ივანე ჯავახიშვილი რექტორობიდან მოხსნეს და მის ადგილზე ვინმე თედო ღლონტი დანიშნეს. ვინ იყო ღლონტი? ამირეჯიბის აღწერით — სრული არარაობა და პლაგიატორი, რომელსაც უნივერსიტეტის დიპლომიც კი არ ჰქონდა, თუმცა მან პირველმა გამოუცხადა ერთგულება საოკუპაციო რეჟიმს. სერგო ორჯონიკიძე თ. ღლონტს „კომუნისტის“ ფურცლებიდან აქებდა: „1921 წლის პირველ დღეებშივე ამხანაგმა თედომ პირველმა აღიარა მომხდარი აქტის დიდი პროგრესიული მნიშვნელობა“.
სწორედ, სულიერი სიმდაბლისა და კოლაბორაციონიზმის სიმბოლო — დანიშნეს უნივერსიტეტის სათავეში. უნივერსიტეტი წაართვეს მის დამფუძნებელს და სამართავად მიაბარეს პირს, რომლის ერთადერთი „დამსახურებაც“ სამშობლოს განადგურების „პროგრესად“ აღიარება იყო. საოკუპაციო რეჟმი ხომ ასეთებზე იდგა.
05/08/2026