ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
„მსოფლიოში, იმ მცირე ათეულში, ერთ-ერთი ვარ, რომელსაც შეიძლება გენიოსი ეწოდოს; ნიღბებში, ალბათ, ერთადერთიც. მე ამ სფეროში ისტორია დავწერე.“ ამ საკმაოდ ამბიციური განაცხადის ავტორს სახელოსნოში ვესტუმრე და მისი ნამუშევრების გულდასმით დათვალიერების შემდეგ, ორივე ხელის აწევით დავეთანხმე.
ამ ჭეშმარიტად ხელოვან ადამიანს, სამწუხაროდ, საქართველოში არ იცნობენ. მის ნამუშევრებს, უფრო მეტად უცხოელი გამომწერი და შემფასებელი ჰყავს.
„ზმნა“ წარმოგიდგენთ და გაგაცნობთ, თვითნასწავლ (ჩვენს რესპონდენტს ეს სიტყვა არ უყვარს😊) მენიღბეს - შოთა თხილიშვილს, რომელიც მხოლოდ ნიღბებს არ ქმნის. მის სხვა ნიჭებსა და საქმეებზე ვსაუბრობთ ინტერვიუში, რომელიც საოცარი ნიღბების სამყაროში, მითოლოგიური პერსონაჟების, ღმერთების, გმირების, მეფეების, ლეგენდების გარემოცვაში შედგა.

შოთა მენიღბე: ორი წლიდან იმ დონეზე კარგად ვძერწავდი, ცოტა რომ წამოვიზარდე და პიონერთა სასახლეში ძერწვის კურსებზე შემიყვანეს, აღმოჩნდა რომ მასწავლებელზე უკეთესად ვძერწავდი და გამომიყვანეს. დინოზავრების და ჯარისკაცების ძერწვა მიყვარდა, რომელთაც ვაომებდი და მერე ვხოცავდი. ალბათ ჩემში არსებული მეთაური ბობოქრობდა(იცინის). ამის შემდეგ იყო სკოლა და ვეთანხმები იმ აზრს, რომ სკოლა შემოქმედებითობას კლავს, იქ შენს უნარებზე აქცენტს არავინ აკეთებს, აქცენტი საბაზისო ცოდნაზე კეთდება, რაც რეალურად ან გჭირდება ან - არა. სკოლის შემდეგ, რაღაც პერიოდი ხელოვნებას ჩამოვშორდი, სხვა აქტივობებში ჩავები, მაგრამ სამყაროს თავისი გეგმები ყოველთვის აქვს და იქ გაბრუნებს, სადაც საჭიროა. ასე დავბრუნდი ხელოვნებაში, უფრო სწორად, ხელოვნება მოვიდა ჩემამდე.

ყოველთვის მინდოდა ქანდაკება შემექმნა და ამ განხრით წავსულიყავი, მაგრამ სახლში ვმუშაობდი და დიდი სივრცე არ მქონდა, ამიტომ რაც სახლში დაეტეოდა, ის ვაკეთე. არსად მისწავლია, ასეთი ნიჭით დავიბადე, ამიტომ არ მიყვარს სიტყვა თვითნასწავლი. მხოლოდ ინტერნეტით მოვიძიე ტექნიკური დეტალები. დანარჩენი უკვე ჩემი ექსპერიმენტების შედეგი იყო. ჩემი ტექნოლოგიები, ჩემი შენარევები შევქმენი.


- შოთა, რა განწყობა და გარემო გჭირდებათ ნიღბებზე სამუშაოდ? სიჩუმე, მუსიკა...
-სულერთია. ნებისმიერ გარემოებაში შემიძლია შევქმნა. შემიძლია დავდგე და როგორც პროფესიონალს შეესაბამება, ისე გავაკეთო, მაგრამ ხელოსანს და ხელოვანს შორის განსხვავება ზუსტად ამაშია. ხელოვანი იდეის ფორმირებას ახდენს, ანუ ამ იდეასაც თავად ქმნის, გონებაში. იდეა რომ მატერიალიზდეს, შესაბამისი განწყობა სჭირდება, რადგან ორ სხვადასხვა განწყობაზე ერთიდაიგივე ნამუშევარზე რომ ვიმუშავო, სხვადასხვა ხასიათს მიიღებს. კონკრეტულ ნამუშევარს, კონკრეტული ხასიათი სჭირდება. მე ეს ხასიათი უნდა შევიქმნა, რომ ნამუშევრის ფორმირება მოვახდინო. ჩემი შექმნილი ვაჟა-ფშაველა ზუსტად ისე გამოხატავს მის ხასიათს, როგორც უნდა გამოხატავდეს. ნიღბის შექმნამდე ყველაფერი წავიკითხე ვაჟასი, გავეცანი მის ნაწერებს, ის რომ მეგრძნო, რასაც ვაჟა იგრძნობდა. ჩემს გმირებზე, თუ ისინი უკვე არსებულნი არიან და არა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი - ჯერ ინფორმაციებს ვეცნობი, შემდეგ ვქმნი მათ სახეს. თუ რამეს ჩემი ინტერპრეტაციით ვაკეთებ, იქ უკვე ინფორმაციის შეგროვება აღარ მჭირდება.

ნიღბებზე მუშაობის პროცესში ძირითადად საგალობლებს ვუსმენ, ბიზანტიურ, რომაულ, მონღოლურ ფოლკლორს. მე რა გარემოც მინდა შევიქმნა იმისთვის ნებისმიერი მუსიკა დაშვებულია, გინდაც 2 pac.
- მზადებისას წინასწარ იცით რა გამოვა თუ პროცესს მიჰყვებით, იქეთ რას გიკარნახებთ ახალშობილი ნიღაბი?
- წინასწარ არასდროს ვიცი, რა გამოვა. ესკიზსაც კი არ ვხატავ. პროცესს მივყვები. ერთადერთი, რაშიც ჩემს თავს ბოლომდე მივყვები, შემოქმედებაა.
- როგორც ვიცი, ძვირფას მინარევებს და მასალებს იყენებთ, რის გამოც, ალბათ, საკმაოდ ძვირადღირებულია თქვენი ნიღბები?
-მატერიალებით არ ფასდება ჩემი ნამუშევრები. მე შეიძლება ქაღალდისგან შევქმნა ნიღაბი, მაგრამ მაინც ძვირი ღირდეს. ჩემი ნამუშევრების ღირებულების წყარო მე ვარ, ჩემი იდეებით. ამის გასააზრებლად დიდი ხანი არ დამჭირვებია. ნებისმიერი დიდებული მხატვრის ტილოს თვითღირებულება რომ დავითვალოთ, ას ლარს არ ასცდება. გავყიდოთ ვანგოგი ას ლარად?! ფასი მასალას კი არა, იდეას და მის შემქნელს აქვს. ფასებს რაც შეეხება, მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია, მაგრამ შენაძენი უნდა ამართლებდეს ინვესტიციას. თქვენ მსოფლიოში ვერ ნახავთ ისეთ ნიღბებს, როგორსაც მე ვქმნი. საქართველოში უბრალოდ მწირია ცოდნა და ცოდნის მიღების წყაროები, რადგან ადამიანები სხვა პრიორიტეტებით არიან დაკავებულები. ხაზი უნდა გაესვას, რომ ჩემი ნიღბები მხოლოდ ნიღბები არ არის, ისინი აღმატებული პერსონაჟებია. ერთ რამეს მივხვდი, რომ ეს ჩემი დამსახურება არ არის, მე ამ ნიჭით დავიბადე. ამიტომ, ყოველთვის იმ ღმერთს ვუმადლი ხოლმე, რომელმაც ეს ნიჭი მომცა.

- ვინ ყიდულობს ნიღბებს, ვინ ინტერესდება, ვინ გიკვეთავთ?
-დიდად არ მაინტერესებს, თუმცა სხვადასხვა კატეგორიის ხალხია. არიან დამკვეთები, რომლებიც პირობითად დაკავშირებულნი არიან მაგიასთან და ეზოთერიკასთან, კოლექციონერები, ასევე კინოსტუდიები, მსახიობები, თეატრები...
- მეტწილად ვინ არიან ეს სახეები, მითოლოგიური პერსონაჟები, ირეალური არსებები, კეთილი თუ ბოროტი აურის მატარებელი „ტიპები?“
- ჩემს ნამუშევრებში გაცოცხლებულია ქართული და მსოფლიო მითოლოგია, ძველი ხანის ღმერთები, მეფეები, გმირები, ლეგენდები, პერსონაჟები, რომლებიც საკუთარ ისტორია ყვებიან საკუთარი სახეებით. არქეტიპები, რომლებიც ჩვენსავე თავზე გვიამბობენ. ასე რომ, სხვადასხვა აურის მატარებელი „ტიპები“ მყავს.

- თქვენი პირველი სერიოზული ნამუშევარი რა იყო?
- სხვათა შორის, ჩემი პირველივე ნამუშევარი გაიყიდა, რომელიც ქაღალდისგან და წებოსგან იყო დამზადებული. მაშინ ეკონომიკურად ძალიან ცუდი სიტუაცია მქონდა. შიმშილობა, პირდაპირი გაგებით. თუ სწორად მახსოვს, სამოც ლარად გავყიდე. მაშინ მივხვდი, რომ მე გაყიდვის უნარიც მქონია და კარგი რაღაცების შექმნა შემიძლია. ამ საქმემ, მოკლე დროში, საკმაოდ კარგად მომიტანა ფინანსები. მივხვდი, რომ თუ რაღაც საქმის კეთება სტაბილურად გინდა, ინვესტიცია მუდმივად უნდა გააკეთო. იმ სამოცი ლარიდან ოცდაათი ლარით საკვები ვიყიდე რომ გადავრჩენილიყავი, მეორე ოცდაათი ლარით ისევ მასალები. პირველი სერიოზული ნაბიჯი 2020 წლის ბოლოს, ლაზარეს შექმნა იყო. 2021 წელს პირველი ფოტო გამოვაქვეყნე და ტელევიზიებიდანაც მაშინ დამირეკეს. რამდენიმეს ერთად უნდოდა ექსკლუზივის ჩაწერა

- როგორია თქვენი ნიღბები, რას ამბობენ თქვენზე?
- ეს ცოტათი ვერ არისო 😊 ჩემს ხასიათსა და იდეებზე მეტყველებენ. ჩემი ნიღბები არასოდეს ნებდებიან, საოცარ ჟინს და ბრძოლისუნარიანობას გამოხატავენ, რაც ალბათ ავტორზევე საუბრობს. ასევე საუბრობენ განგებაზე, იმიტომ რომ მე განგების მწამს, ეს ჩემს ნიღბებშიც აისახება.
- როგორია ნიღბების სამყაროსა და გარემოცვაში ცხოვრება?
- ჩვენ, ადამიანები, ხომ ისედაც ნიღბების გარემოცვაში ვცხოვრობთ?! ამათმა ვის რა უნდა დაუშაონ. ესენი იცით რას აკეთებენ? ზედმეტებს აფრთხობენ, მეტი არაფერი. აქ რომელი ბოროტი სული შემოვა ამათი დანახვის მერე?! 😊 სხვათა შორის, მეუბნებიან, რომ ყველა ჩემი ნიღაბი მე მგავს, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ.
- საყვარელი გმირი, ან პერსონაჟი რომელია?
- საყვარელი პერსონაჟები ძირითადად ანიმეებიდან მყავს. ერთს ალუქარდი ქვია, იგივე ვლად ცეპეშის ინტერპრეტაციაა. როგორც ისტორიული გმირი, ნაპოლეონ ბონაპარტე მომწონს. მისი სიკვდილის ნიღაბიც მაქვს შექმნილი. მაშინ ტრადიცია იყო, გარდაცვლილებს ეგრეთწოდებულ სიკვდილის ნიღაბს უკეთებდნენ, ანუ მათი სახის ფორმის აღებას ახორციელებდნენ. მე გამოვძერწე და შემდეგ ტყვიით ჩამოვასხი. ძალიან კარგი გამოვიდა.
- ზოგ ნამუშევარს თავის თემატურ ლექსს ვუწერო ერთ-ერთ პოსტში წერთ. თქვენმა ქმნილებებმა ლექსების წერაც დაგაწყებინათ?
- ლექსებს ყოველთვის ვწერდი. უბრალოდ, ზოგი ნიღაბს შეესაბამება. მოდით, ასე განვიხილოთ, ნიღაბი არის პერსონაჟი, პერსონაჟს აქვს ისტორია, ლექსი გადმოსცემს ისტორიას, მორჩა. პრიორიტეტულად სიყვარულზე არ ვწერ, როგორც მოდაშია. პირიქით, ძირითადად ფსიქოლოგიური ხასიათის ლექსები მაქვს.
- ძირითადად რა სახის ნიღბებზეა მოთხოვნა?
- მარტივებზე. რთულები მე მიყვარს, თორემ ადამიანი იმაზე რეაგირებს, რაც პრიმიტიულია, მარტივი და ნაცნობი. რამე თუ იღიმის, მორჩა, კარგია. რამე თუ მოწყენილია, მორჩა, კარგია. 😊

- თქვენი ნამუშევრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათ სახეებზე ოსტატის დიდი გამოცდილება იკითხება. პერსონალურ გამოფენაზე ერთმა ქალბატონმა გითხრათ კიდეც, მინიმუმ ორმოცდაათი წლის ხელოვანის ნამუშევრები მეგონაო.
- პირველი სერიოზული ნაბიჯების გადადგმა სადღაც 2019 წლიდან დავიწყე. იმ ქალბატონს ვერ წარმოედგინა, რომ ჩემნაირი ახალგაზრდა ასეთი დონის რაღაცებს შექმნიდა. სინამდვილეში ოცდაათი წლის ვარ, თუმცა მე ხომ ამით დავიბადე?!
- ახლახანს ხელოვნების სასახლეში გქონდათ პერსონალური გამოფენა. რა შედეგი მოჰყვა ამ გამოფენას და კიდევ თუ იგეგმება სადმე?
-შედეგი ის მოჰყვა, რომ ჯერ ბათუმიდან დამირეკეს და ჩემი გამოფენა ჩაინიშნა. ბათუმის შემდეგ, ჩემი ნიღბებით, თელავს ვესტუმრები. პერსონალური გამოფენები მე დიდად არ მაინტერესებდა, უფრო ზოგად გამოფენებს ვაწყობდი. თვითონ ვუწყობდი სხვა ხელოვანებს, სადაც უფასოდ ვაღებინებდი მონაწილეობას. ჩვენთან ასეთი სამწუხარო მიდგომაა, ხელოვანს აქეთ ახდევინებენ ფულს და ეს გამოყავთ დახმარებად. მე ჩემი მიდგომებით ეს რეალობა შემოვაბრუნე, დავიწყე ღონისძიებების კეთება, სადაც აქეთ უხდიდნენ ხელოვანებს ჰონორარს. შენთან რომ მოდის ხელოვანი ნამუშევრებით, ეს შენი პიარის წყაროა, ამიტომ ფული აქეთ უნდა გადაუხადო, შენ რატომ ართმევ?! რაღაცა პატარა ნაგლეჯი მიწა დაგითრევია და ბლატაობ. ამან შედეგები გამოიღო, რეალობა პირველ რიგში ჩემს ტყავზე შევცვალე. პირადად მე, ჩემი გამოფენის მოწყობაში 20 000 გადამიხადეს, თუმცა მე 80 000-ად შევაფასებდი, რადგან ჩადებული შრომა, ნამუშევრების რაოდენობა და დრო ჩემს შემთხვევაში ამის ექვივალენტია
- თქვენი საოცნებო ქვეყანა და სივრცე რომელია, სადაც თქვენს ნამუშევრებს გამოფენდით?
-გული მაინც იტალიისკენ მიმიწევს. ჩემი წინაპრების სამშობლოა. სამი ქალაქი მოვინახულე იტალიაში. ხასიათიც კი ისეთი აქვს იქაურობას, როგორიც - მე. 😊გამოფენას ყველა ქვეყნის ყველა დედაქალაქში გავაკეთებდი. მაგრამ სადაც ვიცხოვრებდი და სახელოსნო მექნებოდა, ეს არის ძალიან პატარა ქალაქი - უდინე, იტალია-სლოვენიის საზღვართან. ერთი კვირა ვიყავი ამ ქალაქში, სულ ცრიდა, ყველაფერი ლამაზი იყო, ყველაფერს ყვავილების სურნელი ჰქონდა. ეზოში დარბოდნენ ბატები, ზოგან შველმა გადამირბინა. ისე მომეწონა, რა პოეტური ქალაქია, აქ სიამოვნებით ვიცხოვრებდი-მეთქი. თურმე ამ ქალაქს მართლაც პოეზიის ქალაქს ეძახიან. ქალაქს რომ ვტოვებდი აბრაზე წავიკითხე - „უდინე, პოეზიის ქალაქი“. უკვე გასაგებია რატომაც მომეწონა-მეთქი, გავიფიქრე 😊 აი, მანდ ვიცხოვრებდი და გავაგრძელებდი ჩემს საქმიანობას, ან მცხეთაში, ძალიან მიყვარს.
- შოთა, რატომ გვხვდება თქვენს სოციალურ გვერდებზე ძირითადად ინგლისურენოვანი ვიდეოები?
- ბოლო ორი თვეა, რაც უცხოელებისთვს დავიწყე მსგავსი პოსტების და ვიდეოების ჩაწერა. ჩემს ორ მეგობარს უცხოური სეგმენტით დატვირთული გვერდები აქვთ. ერთხელაც ჩემზე პოსტი დავადებინე. ეს პოსტები ყველა უცხოურმა გვერდმა გადააკოპირა. ზოგმა დამთაგა, ზოგმა არ დამთაგა, რითიც გამომწერები დამაკლდა, ბევრად მეტი უნდა მყავდეს. ვინც დამთაგა, იქედან გადმოვიდა ჩემთან აუდიტორია. მარტო „ინსტაგრამზე“ ერთ კვირაში ორი ათასიდან თერთმეტი ათას გამომწერზე ავედი. მაღალი აქტივობაა მათი მხრიდან. გამოწერები, მოწონებები, კომენტარები. შეკვეთებიც ეგრევე შემოვიდა. ამის შემდეგ ქართულად რაღატომ დავდებ ვიდეოს?! დაფასება ისწავლონ და დავდებ. ამქვეყანაზე ყველაფერი მიზეზშედეგობრივია. ხუთი წელი ვაგროვე ქართულ აუდიტორიაზე ოცდახუთი ათასი გამომწერი, თან იცით როგორი წვალებით ნაგროვებია?! ჯერ მათ პროფილზე გადავდიოდი, ვნახულობდი არის თუ არა ჩემი სეგმენტი და მაშინ ვწყვეტდი გამეკეთებინა თუ არა მოწვევა მათთვის. მივხვდი, რომ არ ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო და იქ არ ვხარჯავ ენერგიას, სადაც უნდა ვხარჯავდე.
- გულისტკივილით აღნიშნავთ, რომ არ გყავთ იმდენი გამომწერი, რამდენსაც იმსახურებთ. რას აბრალებთ ამას?
-ხალხი თვითგადარჩენის რეჟიმშია. უბრალოდ გადით ქუჩაში, ინტელექტის დეფიციტია. ერთმა დამიკომენტარა, რა დროს ხელოვნებაა, ხალხს შიაო. იმიტომაც შიათ რომ ხალხი არ ფიქრობს შედეგებზე. მარტო ახლა და ცხვირწინ რა არის, მაგაზე ფიქრით წინ ვერ წავალთ.
- ანუ თვლით, რომ საქართველოში შესაფერისად დაფასებული არა ხართ. ხომ არ აპირებთ ამის გამო თქვენი საქმის უცხოეთში გაგრძელებას?
-ვთვლი, რომ ათჯერ მეტად შემიძლია ვიყო დაფასებული. გეგმაში ნამდვილად მაქვს უცხოეთში გადასვლა, მაგრამ სად და როდის, ჯერ არ ვიცი. წარმოიდგინეთ, წელიწადნახევრის წინ, სახელოსნო პატარა გარაჟში მქონდა მოწყობილი და იქ ვმუშაობდი, ახლა ამხელა სტუდია მაქვს. ორი წლის შემდეგ კიდევ სად ვიქნები, არ ვიცი. იმაზე მწყდება გული, აქ რამდენი დროც მეხარჯება ამ ყველაფერში, სხვაგან ალბათ, ნახევარიც არ დამეხარჯებოდა.
-კონკურენტი გყავთ?
-ბიზნეს ენაზე ვიტყვი, ოღონდ პროდუქტი არსებობდეს, თავისი სეგმენტი მას ყოველთვის იპოვის. მე რომ რაღაცას ვქმნი, ამაზე უნდა ვისაუბრო, რომ შესაბამისმა ხალხმა მიპოვოს. ის ადამიანები, ვინც ასევე რაღაცას ქმნიან, იმათ თავისი სეგმენტი ჰყავთ. ჩვენ შეუძლებელია კონკურენცია გვქონდეს, თუ იმ ვიღაცამ ჩემი რაღაცის დაკოპირება არ დაიწყო, რაც კონკურენცია კი არა - პლაგიატია. ამიტომ კონკურენტი მე ფიზიკურად ვერ მეყოლება, მე ვარ შოთა, მე ვარ მენიღბე, მორჩა!

- მსოფლიოში ერთ-ერთი ვარ, რომელსაც შეიძლება გენიოსი ეწოდოსო. თქვენს ერთ-ერთ პოსტში აკეთებთ ამ ხმამაღალ განაცხადს.
-კი და ნიღბებში ალბათ, ერთადერთიც. კარგით, მე არაფერს ვიტყვი, თქვენ მოძებნეთ. იპოვით?! ეს ჩემი დამსახურება არაა, მე ამით დავიბადე. არაფერი არ მისწავლია. სკოლაც არ დამიმთავრებია, არ მაინტერესებდა, რადგან ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა და ამ სურვილს გავყევი. რჩევა მექნება ხალხთან, ყველას გვაქვს რაღაც შინაგანი სურვილი და ამ სურვილს უნდა გავყვეთ, მნიშვნელობა არა აქვს ეს სურვილი სხვისთვის კარგია თუ ცუდი. სხვისთვის როგორია, ეს არ არის ჩვენი ინტერესი, ჩვენ ვქმნით, მორჩა.
-„ჩვენ არ ვქმნით ნიღბებს, ჩვენ ისტორიას ვქმნით. მე ისტორია დავწერე“ - ესეც გვერდის სლოგანი.
-ადამიანის ნამუშევრები მუზეუმში რომ რჩება, ეს ხომ ისტორიაა? ალბათ ყველა მუზეუმშიც რაღაც ნამუშევარს დავტოვებ. ყველა სახე ისტორიაა, ყველა სახე პერსონაჟია. ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპები, სხვადასხვა განცდები, სხვადასხვა ცოდვები, სხვადასხვა ვნებები და ისინი რომ ვინმეს, ან რაიმეს საკუთრება ხდება, ამას რას დაარქმევდით?!
- ნიღბების მუზეუმის გაკეთება ხომ არ გიფიქრიათ?
-დამაფინანსონ და გავაკეთებ. ნამდვილად საინტერესო იქნება, არსად არ არის ნიღბების მუზეუმი. ეს ნიღბები უბრალოდ სახე არ არის, შეგიძლია გიდი დააყენო და მასზე მთელი ისტორია მოყვეს. გამოფენაზე ნამუშევრები განაწილებული მქონდა კაცობრიობის წარმოშობიდან დღემდე. ვიწყებდი ისტორიის მოყოლას, პარალელების გავლებას ფსიქოლოგიაზე, ფილოსოფიაზე, იმაზე, თუ რა არის ადამიანის არსება, რისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. ყველა ნიღაბი რაღაცას გამოხატავს. როცა სადმე მიდიხარ, იქედან ან ემოცია მიგაქვს, ან არაფერი. ემოცია უნდა წაიღო.

- მასტერკლასებს თუ ატარებთ? ნებისმიერს შეუძლია მოსვლა?
- ნებისმიერს შეუძლია მომმართოს. მე დრო იმიტომ მაქვს, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებ მაშინ, როცა მინდა, თორემ დრო კი არ მექნებოდა.
- მენიღბე მეტწილად რა ნიღაბს ატარებს?
-არ ატარებს. მენიღბეებს და ნარკობარონებს ერთი წესი გვაქვს, რასაც ვქმნით, იმას არ მოვიხმართ. 😊
- როგორი ადამიანი ირგებს ნიღაბს და თქვენ, როგორც გამოცდილი მენიღბე, ადვილად ამჩნევთ ნიღბიანია თუ არა ადამიანი?
- ირგებს ის, ვისაც რეალობის წარმოჩენა უნდა და ნამდვილი სახის გამოჩენის გარეშე. აი, მაგალითად რევოლუციონერები ტყუილად ხომ არ მალავენ სახეს, მათ რეალურად აქვთ იდეა და იციან, რომ იდეებს ყოველთვის ჰყავს მტერი. და რადგან თავად ატარებენ ამ იდეას, იდეის დასაცავად სახის დამალვა უწევთ. საერთოდ ვერ ვამჩნევ ადამიანი ნიღბიანია თუ არა, მაგას რას გაიგებ. იმდენად ბუნებრივი ვარ, რომ ყველა ეგეთი მგონია, ამის გამო ცხვირი ბევრჯერ წავიტეხე. ასე რომ, ხანდახან სჯობს ვიფიქრო, მაგრამ არ ვფიქრობ, უბრალოდ სჯობს. 😊
- როგორც ვიცი, მხოლოდ ნიღბებზე და ქანდაკებებზე არ მუშაობთ, კიდევ არაერთი ნიჭი და მიმართულება გაქვთ. გვითხარით თქვენი სხვა საქმეების შესახებაც.
-მართალია, მხოლოდ ნიღბებს და ქანდაკებებს არ ვქმნი. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი სტარტაპისთვის, დავიწყე სვანური კოშკის ფორმის დეკორატიული სანთლების წარმოება. ასევე ერთ-ერთ კომპანიას მოაჯირის დეკორებს ვუწარმოებ. ვაკეთებ ავეჯს, მაქვს სამოსის ხაზი. ქვეყანა, რომელიც არაფერს არ აწარმოებს და პროდუქციას არ ქმნის განწირულია. აქ, ჩემთან, იმხელა სამყაროა, ბევრი რამის კეთება მინდა, წიგნის დაწერა, ფილმის გადაღება...
- სამოსის შექმნა რატომ გადაწყვიტეთ?
-სამოსის შექმნის სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც მაღაზიებში საკმაოდ მაღალ ფასად, უამრავჯერ ნაყიდი სამოსი არასასურველი ხარისხის აღმოჩნდა. არც მომწონდა ვიზუალურად. მე ჩემი სტილი მაქვს, კლასიკური, შეიძლება ნახევრად მილიტარისტული. იშვიათად მხვდება რამე მოსაწონი, ამიტომ ჩემი დიზაინით შექმნილი სამოსით ვიმოსები. პირველ ნიმუშს სპეციალურად ჩემთვის ვიკერავ და მაქსიმალურად ვანადგურებ, რომ ვნახო როგორი გამძლეობა აქვს. მაქვს ლაბადები, იგივე პალტო. არ არსებობს ვინმეს მოეწონოს და არ შეიძინოს. პირველ რიგში იმიტომ რომ ძალიან მაღალი ხარისხით ვქმნი. დიზაინის შექმნის დროს ყველა სანტიმეტრს ვხელმძღვანელობ, შემდეგ თითოეული ქსოვილი იტესტება. ამ სამოსს, მიუხედავად იმისა, რომ ჩოხის ელემენტი აქვს, კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული არ არის, ყოველდღიური სატარებელია, ყველგან ჩაიცვამ. არ ყვირის. სამოსი შენს სხეულს უნდა უსვამდეს ხაზს. ხასიათი უნდა ჰქონდეს. რაც მთავარია, გამოხმაურება კარგი აქვს როგორც აქ, ასევე უცხოეთში.
ნიღაბი მომინდა შევქმენი, ტანსაცმელი მომინდა შევქმენი, ავეჯი მომინდა შევქმენი, დეკორი მომინდა შევქმენი, მომინდება ქვეყანას შევქმნი. ისე ვაკანსია მაქვს, სიამოვნებით დავასაქმებ ჩემთან ჩემს მასწავლებლებს, რომლებიც თვილდნენ, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა 😊
03/06/2026