Logo

ინტერვიუ

"ნინი "ლეონის" სიმღერებზე ამშობიარეს" - ლევან წვერავა მეორე ვაჟზე, "ლეონზე" და ქუთაისზე

"ნინი "ლეონის" სიმღერებზე ამშობიარეს" - ლევან წვერავა მეორე ვაჟზე, "ლეონზე" და ქუთაისზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ლევან წვერავას მსმენელი ჯგუფ "სეიშენიდან" იცნობს. 17 წლის იყო ქუთაისიდან რომ დედაქალაქში ჩამოვიდა. ჯგუფს წელს 30 წელი უსრულდება, ლევანი 44 წლისაა. ჯგუფი არ დაშლილა, უბრალოდ წევრები მიმოიფანტნენ, ემიგრაციაში. დროებით. სანამ შევძლებ, არავის ვათქმევინებ "სეიშენი" დაიშალაო, "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს ლევანი. ის, რაც დიდი სიყვარულითაა ნაკეთები, წარსულისთვის რომ არ გემეტება, ცხადზე უცხადესია. რა ექნა, ბიჭები დაიფანტნენ, ლევანს სიმღერა უნდოდა. ადგა და ლამაზ მეორე ნახევართან ერთად, დუეტი - სახელად "ლეონი" შექმნა. სახელების და სიყვარულის ნაზავით, პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. მეექვსე წელია მღერიან შინ და გარეთ, ემიგრაციაში მცხოვრები თანამემამულეებისთვის.

ლევანს და ნინის ღიმილიან სახეებზე ვერავინ შენიშნავდა, რომ შვილის მოლოდინის ტკივილს დაატარებდნენ. მოლოდინში 10 წელი გავიდა... სამედიცინო მანიპულაციების პარალელურად, სულ იყო ლოცვის მისტიკაში არსებობა. წყვილმა მოიარა ყველა ტაძარი, სადაც კი უშვილო წყვილები უფალს შვილის ჩუქებას ევედრება...

და ხუთი წლის წინ, დირბის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონატრის მოლოცვის შემდეგ, მათ ნოე შეეძინათ. და ახლა, გაზაფხულის მიწურულს კი, იესეს მშობლებიც გახდნენ.

ლევან წვერავა: ლოცვის და ღვთის შეწევნის გარეშე, ამქვეყნად არაფერი ხდება. მედიცინა რაც არ უნდა განვითარდეს, უფლის ნების გარეშე, მაინც ვერაფერი მოხდება. ამაზე შემიძლია განუწყვეტლივ ვისაუბრო.

ის ათი წელი, როცა ჩვენ შვილის მოლოდინში ვიყავით, ჩემი და ნინის ცხოვრების გამოცდა იყო. ნებისმიერი განსაცდელი, ჩვენი ჭიდილია ცხოვრებასთან. როგორ შევხვდებით, როგორ გავძლიერდებით თუ პირიქით, დავსუსტდებით. მე და ნინი გავძლიერდით და ჩვენთვის ეს მოლოდინი მასტიმულირებელი აღმოჩნდა. ერთმანეთს ვამხნევებდით. და რაც უმთავრესია, გვჯეროდა და იმედი არ დაგვიკარგავს, რომ მშობლები აუცილებლად გავხდებოდით.

- იყო ეს ათი წელი ღმერთთან დაახლოების პერიოდი?

- რა თქმა უნდა. ისედაც ღვთისმოშიში ადამიანი ვარ. შეიძლება ტაძარში ხშირად ვერ ვახერხებდე მისვლას, მაგრამ ყველა დილა იწყება ლოცვითა და სანთლის დანთებით; ღმერთს ყოველდღე ჩემი საყვარელი ადამიანების წყალობას ვავედრებ. ვთხოვ, კარგი დღე მოგვეცეს...

ყველა ადგილი მოვილოცეთ, რაც კი გაგვეგო, რომ უშვილო წყვილებისთვის შემწეა. ვიყავით წაჩხურში, ლომისაზე, გელათში, ყველგან... უამრავ ტაძარში...

ერთ დილით ვიღვიძებ და მხვდება ჩემი სკოლელი, მეგობარი გოგონას მესიჯი: ლევან, ძალიან პირადულია, მაგრამ რახან მეც იგივე პრობლემის წინაშე ვიდექი, მინდა გავბედო და მოგწერო. ბოლოს დირბის დედათა მონასტერი მოვილოცე და ახლა გოგონას ველოდებიო.

დირბის დედათა მონასტერი

მაშინვე გადავწყვიტეთ, დირბის დედათა მონასტერიც მოგველოცა. მოვილოცეთ ეს სასწაულმოქმედი ადგილი და ათ დღეში გავიგეთ, რომ ნოე ჩაისახა.

მართალია, სამედიცინო მანიპულაცია გავაკეთეთ, მაგრამ ღმერთის ნების გარეშე, სულერი არ გაჭაჭანდება. ხელოვნური განაყოფიერების საკითხში ისეთი გათვითცნობიერებული ვარ, შემიძლია ლექციაც წავიკითხო. მაგრამ მთავარი რწმენა და უფალია...

დირბის დედათა მონასტერი

დირბის მონასტრის ფრესკა - ორსული მარიამი

ნოე რომ ხუთი წლის გახდა, დავგეგმეთ მეორე შვილი და პირველივე სამედიცინო ცდაზე, ნინი დაორსულდა. და ახლა, გაზაფხულის მიწურულს იესე დაიბადა. მის დაბადებას ვესწრებოდი. ვნერვიულობდი და ძალიან საყვარელმა ექიმმა, გიორგი ბესაძემ გამამხნევა და სამშობიარო ბლოკში ჩვენი, "ლეონის" სიმღერები დაგვახვედრა. ნინი "ლეონის" სიმღერებზე ამშობიარეს. დაძაბულობა სრულიად მოგვიხსნეს და სრულიად გაგვიმარტივეს ეს მდგომარეობა.

ლეონილეონი

- უფროსი ვაჟის დაბადებაც შენს თვალწინ მოხდა?

- არა, ნოე რომ დაიბადა, მაშინ გაგანია კოვიდი მძვინვარებდა და ჩემი სურვილის მიუხედავად, ჩემი დასწრება არ გამოვიდა.

ამ ყველაფერში ღვთის წყალობაა და მინდა, რომ ყველა წყვილი იყოს რწმენით, არ დაყარონ ფარხმალი. გულით რომ გინდა, ღმერთი სასწაულს გივლენს.

ლეონი

- ასეა. იესემ "ლეონის" გრაფიკი შეცვალა?

- კი. 13 ივნისს ისრაელში უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ იქ ისევ აირია ვითარება. ცხადია, ვერ წავალთ. კონცერტი სექტემბრისთვის გადაიდო. გასტროლზე ვერ წავალთ, თუმცა საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მივიღებთ.

ლეონი

- ფაქტობრივად, "ლეონიც" შენი შვილია...

- კი, ასეა. ამ პროექტზე მე ბევრი ვიფიქრე. "სეიშენის" ბიჭები ემიგრაციაში წავიდნენ და მე აქ მარტო დავრჩი. მცირე ბიზნესის კეთების ნიჭი აღმომაჩნდა და მაქვს ჩემი საქმეები, თუმცა მუსიკის და სიმღერის გარეშე, არ შემიძლია. და ეს პროექტი გავაკეთე. არ ვმალავთ, ნინი არ არის პროფესიონალი შემსრულებელი, თუმცა "ლეონის" შემდგენელი ნაწილია და მის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. "ლეონი" ნინის გარეშე, ვერავის წარმოუდგენია. ის ალამაზებს ამ პროექტს. მეტად რატომ არ მღერისო, კითხულობენ. ის ბექვოკალშია განაწილებული და ამ პროექტს მისი სილამაზე უნდა აბრჭყვიალებდეს.

ლეონილეონი

ხმის ჩამწერი სტუდია ქუთაისში გვაქვს. ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი - ერეკლე დიდიაც იქ ცხოვრობს. ქუთაისში სახლიც ვიყიდე. რაც ასაკში შედიხარ, თითქოს შენი ქალაქი გეძახის. მინდა ჩემი შვილები ქუთაისელი ბიჭები იყვნენ. ორი კვირა ქუთაისში ვართ, ორი - თბილისში. სულ გზაში ვართ...

ლეონი

ლეონი შეიყვარა ხალხმა და ღმერთით, იმ სიყვარულს, რასაც ვდებთ ამ საქმეში, უკან გვიბრუნდება. ბევრს ვშრომობთ. გვაქვს კონცერტები უცხოეთში. სადაც ბევრი ქართველია, იმ ქვეყნებში განსაკუთრებულად პოპულარულია "ლეონის" სიმღერები. დიდი სიყვარულით გვხვდებიან და დიდი ემოციებით ვბრუნდებით უკან.

- ლევან, "სეიშენზე" რას მეტყვი?

- სანამ მე შემიძლია ეს ჯგუფი გავააქტიურო, არავის ვათქმევინებ "სეიშენი" დაიშალაო. როცა ბაბუ და ჯიმი ამერიკიდიან ჩამოდიან, თავს ვაბამთ და მშობლიურ ქუთაისშიკონცერტიც გვქონდა და ახალი ალბომი "Recover"-იც გამოვუშვით.

სეიშენისეიშენი

მადლობა ღმერთს, მაქვს იმის ძალა, რომ ჩემი ჯგუფის აქტივობები დავგეგმო. "სეიშენს" ნოემბერში 30 წელი შეუსრულდება. რამე უნდა მოვიფიქრო.

- მეგობრების მსგავსად საქართველოდან წასვლაზე შენ არ ფიქრობ?

- არა. ძალიან მიყვარს ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა გამორჩეული სამშობლო გვარგუნა. პირველად ისრაელში რომ ჩავფრინდი და ილუმინატორიდან გადავიხედე, მაშინ მივხვდი, ჩვენ სად ვცხოვრობთ, რა სიმწვანეში ვართ, რა ბუნება და წყალი გვაქვს. ეს ხრიოკი ისრაელი რა მდიდარ ქვეყნად აქციეს, ამ დროს, სულ ომშია.

ყველა ემიგრანტს შინ დაბრუნებას ვუსურვებ. სამშობლოდან შორს ყოფნა, ჩემს მეგობრებს ძალიან უჭირთ. აქ რობოტებივით ვართო, ამერიკიდან მეუბნებიან. ძალიან რთულია უცხო მიწაზე ცხოვრება. მინდა ყველა კარგად იყოს და ბედნიერი მომავალი ვუსურვო. იმედი მაქვს, მოვა დრო და ჩვენი შვილები მაგარ საქართველოში იცხოვრებენ. ჩვენ ამის დიდი პოტენციალი გვაქვს.

ავტორი: თამარ გონგაძე

06/12/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024