Logo

ნოდიადან სვანაძემდე: საქართველოს ნაკრების ყველა მწვრთნელი

ნოდიადან სვანაძემდე: საქართველოს ნაკრების ყველა მწვრთნელი

09/29/2026

ტექსტის ზომა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია 1990 წლის 27 მაისს, ლიეტუვასთან მატჩით იწყება, რომელიც 2:2 დასრულდა. შესაბამისად, ამ მატჩით იწყება ნაკრების მწვრთნელების ქრონოლოგიაც.

პირველი გივი ნოდია იყო და მისი ხელმძღვანელობთ ეროვნულმა გუნდმა მხოლოდ ის ერთი - ლიეტუვასთან მატჩი ჩაატარა. გთხოვთ, დააკვირდეთ თარიღს: ამ დროს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადებული ჯერ არ ჰქონდა.

ნოდია ანატოლი ნორაკიძემ შეცვალა. მის სახელს უკავშირდება პირველი გამარჯვებაც - 4:2 მოლდოვასთან. სულ ნორაკიძემ ნაკრები ოთხჯერ გაიყვანა მოედანზე და მათგან ორი თამაში მოიგო. ნორაკიძის სახელს ერთი მეტისმეტად უხერხული ამბავიც უკავშირდება: ნაკრებს თამაში ჰქონდა გურჯაანში, რომლის დასრულების მერეც ყველანი მანქანებში ჩასხდნენ, წამოვიდნენ და მწვრთნელი... სტადიონზე დარჩათ...

პირველი მწვრთნელი, რომელმაც ნაკრები ხანგრძლივი დროით ჩაიბარა, ალექსანდრე ჩივაძე იყო. რა გვახსოვს მისის მატჩებიდან? საუკეთესო მოგონება უდავოდ, უელსთან მოგებული 5:0 იყო.

ჩივაძე ინგლისთან წაგების მერე გადადგა და ორი მატჩით ნაკრებს ვლადიმერ გუცაევი წვრთნიდა, შემდეგ კი დავით ყიფიანი მოვიდა და 7 თამაშიდან 4 მოიგო. საინტერესოა, რომ დავით ყიფიანი ნაკრების ქართველი მწვრთნელებიდან ერთადერთია, რომელსაც დადებითი ბალანსი აქვს.

ყიფიანი ვლადიმერ გუცაევმა შეცვალა - ამჯერად არა როგორც დროებითმა, არამედ ნამდვილმა მთავარმა მწვრთნელმა. გუცაევმა პოსტზე 2 წელი იმუშავა, მოგვიანებით კი პარლამენტშიც შევიდა. 2004 წელს ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიაში იყო.

გუცაევი გიგლა იმნაძემ ჩაანაცვლა - მხოლოდ ერთი მატჩით. შემდეგ კი ნაკრების ისტორიაში პირველი უცხოელი მწვრთნელის ჯერი მოვიდა. „მყვირალა ჰოლანდიელი“ - ასე შეარქვეს ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა იოჰან ბოსკამპს. მწვრთნელმა არ გაამართლა - 5 მატჩი და არც ერთი მოგება.

ნაკრებში ყიფიანი მეორედ დაბრუნდა, ოღონდ რევაზ ძოძუაშვილან ერთად. ასეთი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ - ორი მთავარი მწვრთნელი პარიტეტულ საწყისებზე.

ამ უცნაურმა ექსპერიმენტმა რომ არ გაამართლა, ფედერაციას ამის გასააზრებლად 16 მატჩი დასჭირდა, რის მერეც ნაკრებში ალექსანდრე ჩივაძე დააბრუნეს.

ჩივაძე ხორვატმა ივო შუშაკმა შეცვალა - სულ ორი მატჩით, მაგრამ ამათგან პირველი ისეთი იყო - სულ რომ გვეხსომება - მალხაზ ასათიანის გოლით თბილისში რუსეთი დავამარცხეთ!

შუშაკის მერე ნაკრებს სამი მატჩით ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია თავად ჩაუდგა სათავეში. ამათგან ჟორდანიამ ერთი თამაში მოიგო და ასევე დროებით მწვრთნელად საკუთარი თავის ნაცვლად გოჩა ტყებუჩავა დანიშნა. ნაკრებმა სამივე მატჩი დათმო.

ამის მერე ნაკრებში პირველად დადდა ფრანგული ერა - ალენ ჟირესი მოვიდა: 10 მატჩი და მხოლოდ 2 გამარჯვება. ამასობაში ფედერაციაშიც ჟორდანიას ნაცვლად უმცროსი ნოდარ ახალკაცი მოვიდა და ჟირესის ნაცვლად გაიოზ დარსაძე დანიშნა. დარსაძეს არ გაუმართლა, დანიასთან და ბულგარეთთან 6-6 გოლი გაუშვა.

დარსაძე გაუშვეს და კლაუს ტოპმიოლერი მოიყვანეს, რომელიც საქართველოში რეალურად მხოლოდ მატჩების წინ ჩამოდიოდა. კლაუსმა 24 მატჩიდან მხოლოდ 6 მოიგო და სანამ ახალ მთავარ მწვრთნელად ექტორ რაულ კუპერს მოიყვანდნენ, ორი მატჩი დროებითმა მწვრთნელმა, პეტარ შეგრტმა ჩაატარა, რომელიც მოგვიანებით ავღანეთის ნაკრების თავკაცი გახდა.

კუპერს სრული ფიასკო ელოდა. კაცმა რომელმაც იქამდე „ვალენსია“ ზედიზედ სამჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, საქართველოს ნაკრებში 16 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

მომდევნო 6 წელი ნაკრებს ისევ ქართველები წვრთნიდნენ. ჯერ თემურ ქეცბაია, შემდეგ კახა ცხადაძე. ქეცბაიას ეპოქა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივია ნაკრების ისტორიაში: მთელი 40 მატჩი, რომელთაგან 13 მოვიგეთ.

ქეცბაიას რეკორდი ვლადიმერ ვაისმა მოხსნა - 47 მატჩი და უნიკალური შანსი, სანიოლამდე 4 წლით ადრე გაეყვანა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე - მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან კოვიდ პანდემიის დროს თბილისში წაგებულმა გადამწყვეტმა მატჩმა უდიდესი სიხარული 4 წლით გადაავადა.

ვაისის წასვლის და სანიოლის მოსვლამდე კი ნაკრებს ერთი მატჩით რამაზ სვანაძე გაუძღვა.

ვილი სანიოლმა კი შეძლო ის, რაც სხვამ ვერავინ მოახერხა - ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ! ამასთანავე დავით ყიფიანის მერე სანიოლი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც პოსტზე მუშაობა დადებითი ბალანსით დაასრულა - მისი თავკავობით ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩიდან 24 მოიგო და 23-ში დამარცხდა.

ექვსი წლის თავზე რამაზ სვანაძე მეორედ გაუძღვა საქართველოს ნაკრებს, ამჯერად უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში...

გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი დარჯანია

ისტორიამწვრთნელინაკრებიფეხბურთი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026