
09/20/2026
ბოლო დღეებში, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება თბილისის საბავშვო ბაღებში, ბავშვებს შორის ღებინებისა და დიარეის შემთხვევებმა მიიქცია.
ლაბორატორიული კვლევებით, შემთხვევების უმრავლესობის სავარაუდო გამომწვევად ნოროვირუსი დასახელდა, თუმცა ჯერ კიდევ დასადგენია, კონკრეტულად რა გზით მოხდა ინფიცირება და იყო თუ არა ინფექციის წყარო უვარგისი საკვები.

ნოროვირუსის დადასტურება თავისთავად არ გამორიცხავს, რომ ინფექციის გავრცელების წყარო საკვები ყოფილიყო, ამიტომ ბავშვების კვებასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა კვლავ მნიშვნელოვანია.
სწორედ ამ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას პედიატრი ინგა მამუჩიშვილი და განმარტავს, რატომ არ ნიშნავს ნოროვირუსის აღმოჩენა ავტომატურად იმას, რომ ინფექციის გავრცელების გზა უკვე დადგენილია.

"ბავშვებში განვითარებული ღებინებისა და დიარეის მიზეზად ნოროვირუსი დასახელდა.
დიახ, ნოროვირუსს შეუძლია ძალიან ბევრი ადამიანის ერთდროულად დაავადება,განსაკუთრებით საერთო დაბინძურებული საკვების ან წყლის შემთხვევაში.

მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური დეტალია: ნოროვირუსის ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 12-48 საათია. შესაბამისად, თუ ბავშვს ღებინება კონკრეტული კვებიდან ძალიან მალე,რამდენიმე საათში დაეწყო, სწორედ იმ საკვებით ნოროვირუსით ინფიცირება ამ სიმპტომებს ასე სწრაფად ვერ გამოიწვევდა.
თუმცა ეს არ გამორიცხავს ნოროვირუსს.
ბავშვები შესაძლოა ინფიცირებულიყვნენ წინა დღეს ან უფრო ადრე საერთო წყაროდან, ხოლო დაავადების გამოვლენა მოგვიანებით, დაახლოებით ერთ პერიოდში დაწყებულიყო.
ამიტომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი საკითხი: რომელი პათოგენი აღმოაჩინეს ბავშვებში და კონკრეტულად როდის და რა გზით მოხდა მათი ინფიცირება.
ამ კითხვაზე პასუხს საბოლოო ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევა მოგვცემს!" - წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.
გააზიარე სტატია