Logo

კულტურა

"ნუთუ ეს ჩვეულებრივი რამ არის - იცოცხლო?!" - ერლომ ახვლედიანი

"ნუთუ ეს ჩვეულებრივი რამ არის - იცოცხლო?!" - ერლომ ახვლედიანი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ერლომ ახვლედიანი თავის მოთხრობაში "აღუ", სიცოცხლეზე ისე საინტერესეოდ წერს, რომ შეუძლებელია სულ სხვაგვარად არ შეხედო უფლის ამ უძვირფასეს საჩუქარს. ალბათ, აქამდე არც კი დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ადამიანები, საკუთარ სიცოცხლეს, სასწაულად არ აღვიქვამთ და ამ სასწაულს სადღაც გარეთ ვეძებთ, სხვა რამესა თუ სხვა არსებაში...

ერლომ ახვლედიანი:

ნუთუ ეს ჩვეულებრივი რამ არის - იცოცხლო. ნუთუ ეს ასე უმნიშვნელოა...

არაფერი არ იყო გარშემო. წყვდიადი იყო და შენ იყავი არაფერში. მოულოდნელად შენ ხედავ, გესმის, დგახარ, გიყვარს, წყალსა სვამ, სუნთქავ, გიხარია, იტანჯები. მარჯვნივ მწვანე ველია, მარცხნივ - ტყე. მაღლა ლურჯი ცაა. შეიძლება, წვიმს; შეიძლება, თოვს; შეიძლება, გიყვარს; შეიძლება, ელი; შესაძლოა, დგახარ უბრალოდ შენთვის, არავინ გინდა, არავის ელი, არავინ გიყვარს. შენ გარშემო ყველაფერია და ნუთუ შენ დაბადებამდე იცოდი, რომ ეს ყველაფერი ასე დაგხვდებოდა შენ? ნუთუ ეს სამყარო შენ მიიღე, როგორც აუცილებელი რამ? ის ხომ არაფერი არ იყო შენი.

12

ნუთუ იქნები იმდენად უმადური, რომ ზემოდან დახედავ მას, დაემდურები, არ იქნები მისი ერთგული და მოსიყვარულე. ერთი ტყუილიც კი შერყვნის და შეურაცხყოფს მას. ეს ცხოვრება ხომ ისეთი უმწეოა და ნაზი. მას მოვლა სჭირდება, გვერდში ამოდგომა უნდა. იყავ მისი ერთგული და ისიც გიერთგულებს. ნუ ეცდები წაართვა, წაგლიჯო მას ის, რაც არ არის შენი. ნუ ეცდები მოასწრო...

გული საშინლად მიცემს ამ პათეტიკური განცდისას. მე ვგრძნობ მის აჩქარებულ ფეთქვას...

ვაიმე! იქნებ თვითონ ცხოვრებაა აუხამსი, უხეში და სასტიკი?! იქნებ ის ისეთი არ არის, როგორიც მე მაქვს წარმოდგენილი?!.

...ყველას აქვს თითო ნაკლი;

მე ყველაზე პატარა ვარ;

ჩემი და გოგოა;

დედაჩემი მზიას დედაცაა;

მამაჩემი მწერალია;

ბებია ბაბუა არაა;

ბაბუას კი თმის მაგიერ წვერი ამოსვლია.

მე ახლა, მართალი გითხრათ, ვერანაირ ჩემს ნაკლს ვერა ვგრძნობ. იქნება მაქვს კიდეც ნაკლი - ფეხი მაქვს მოკლე, ან კუზი დამედოს. ეს უფრო იმ დრომ იკითხოს, როდესაც ამ ნაკლს მნიშვნელობა მიეცემა.

მე უნაკლო ვარ, რადგან ცოცხალი ვარ.

ჩემი თვალსაზრისით, არ არსებობს ნახევარი სიცოცხლე, მეოთხედი სიცოცხლე, ორმაგი სიცოცხლე და ა. შ.

რა თანაფარდობაში მოვა ჩემი ეს სრულყოფა ამ დიდი სამყაროს კანონებთან, არ ვიცი და ჯერჯერობით არც მაინტერესებს.

ახალდაბადებულის რამდენიმე აფორიზმი:

სიცოცხლე სასწაულია, რომელსაც სხვები თავის გარეთ ეძებენ ხოლმე, ცდილობენ ამოხსნან იგი სხვათა სხეულებში.

ადამიანი, რომელიც თავის სიცოცხლეს უცქერის როგორც უბრალო რასმე, ის უბრალოდ და უმნიშვნელოდ ექცევა სხვისას.

ჭეშმარიტად დიდი ადამიანი არის ის, ვისაც ხშირად ესტუმრება სიდიადე და განსაკუთრებულობა, რომელსაც ასე განვიცდი მე... ვარ!..

...იქნებ დაბადებამდე იძენს ადამიანი იმ გამოცდილებას, რომელიც მან შემდეგ იცის. იგი იყენებს მას, ერიდება თუ ეტანება.

ადამიანი

მე ვიცი, თუ რა მრავლად არიან ადამიანები ამქვეყნად. ამ სიმრავლემ თითქოს გააუბრალოვა სიცოცხლე, იერიში მიიტანა მის ერთადერთობაზე. მაგრამ რაც უფრო მრავალია ადამიანი, მით უფრო მარტო რჩება იგი საკუთარ თავთან, მით უფრო არ გამოდის იგი თავისი მყუდრო სამყოფელიდან, რომელსაც "მე" ჰქვია.

სიცოცხლე არის ერთადერთი შანსი იმ არსებულ სიცოცხლეთაგან, რომელნიც არიან, იყვნენ და იქნებიან.

სოცოცხლე არის ის, რითაც ჩვენ აბსოლუტურად განვსხვავდებით სხვებისგან...

მოთხრობა "აღუ"

ავტორი:

10/23/2025

ლიტერატურამწერალისცენარისტი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024