Logo

ინტერვიუ

"ოჯახი მე არ დამინგრევია" - თამო ვაშალომიძის გულახდილი ინტერვიუ

"ოჯახი მე არ დამინგრევია" - თამო ვაშალომიძის გულახდილი ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პოპულარობა რომ უნდოდა და ყველაფერს ვარდისფერ ტონებში ხედავდა, დღეს, იმ მიამიტი თამოსგან, უკვე განსხვავდება. ბევრი რამ გამოიარა - ეტკინა, შეეშინდა, გაიქცა, წაიქცა და წამოდგა. ორი შვილის დედაა, ოჯახი დაენგრა; ეს არ სურდა. წარმოედგინა, რომ არჩეულ თანამგზავრთან ერთად დაბერდებოდა. თუმცა ყველაფერი ჩვენი გეგმების მიხედვით როდი მიდის?! მისთვის ამ მტკივნეულ თემაზე საჯაროდ საუბარი არ სურს.

თვეებია დეპრესიულ განწყობას ებრძვის, ხან გამოსდის, ხან - არა. ხან ტირის, ხან - იღიმება. ცხოვრებას აგრძელებს და წინ ბევრი გეგმა აქვს. ცხოვრების ამ ეტაპზე თავისი კომპანიის წარმატებები აბედნიერებს. პირველ მაღაზიას, სადაც მისი საცხები და თავის მოვლის საშუალებები გაიყიდება, მილანში ხსნის. ამბობს, რომ იქ ქართველ ემიგრანტს დაასაქმებს. რომში პრემიერაზე იყო. ფილმში პაწია როლს ასრულებს. თუმცა აქ მთავარია ის, რომ დიდ ეკრანზე იხილა საკუთარი თავი.

ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძე: პატარა როლია, მაგრამ საკუთარი თავი, დიდ ეკრანზე იტალიის კინოფესტივალის საპრემიერო ჩვენებაზე ვნახე. აღტკინებული და ბედნიერი ვარ. ძალიან მიხარია. უდიდესი პატივია ჩემთვის და ის, თუ რა როლი ვითამაშე, მეორე ხარისხოვანია.

ახლახან რობერტო კავალის სახლმა ვახშამზე მიმიწვია და სამომავლო თანამშრომლობაზეც შედგა მოლაპარაკება.

ასე რომ, ჭორაობენ? კიდევ ბევრს იჭორავებენ ჩემზე. კიდევ იტყვიან, სად თამო ვაშალომიძე და სად ის ღონისძიებაო... მაგრამ გეტყვით, რომ დაგეგმილი მაქვს ბევრად მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ვიდრე აქამდე ვყოფლვარ“ - ამბობს ინტერნეტ გამოცემა „ზმნასთან“ ინტერვიუში და დასძენს:

ვაშალომიძე

„იტალიაში, საკუთარი მაღაზიის გახსნის შემდეგ, ისე ხშირად მომიწევს ჩასვლა, ვფიქრობ, სახლი უნდა ვიყიდო. თბილისში, ლისზე რაც ღირს სახლი, იგივე დამიჯდება მილანში. ამიტომ ამაზე ვფიქრობ...“

როგორც შარშან, კანის კინო ფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოჩენის პერიოდში იხსენიებდნენ ნეგატიურ კონტექსტში, ასევე იყო სულ ახლახან, როდესაც სოციალურ ქსელში ნაომი კემპბელთან ერთად გადაღებული ვაშალომიძის სელფის კადრები გავრცელდა.

„რას იხდის ეს გოგო ამდენს, ასეთ საზოგადოებაში მოსახვედრადო...“

„სოცქსელებში ჩემს მიმართ გაჩენილი დიდი ინტერესიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაში, რომ დახურულ საღამოებზე თუ კინოფესტივალებზე მეპატიჟებიან. ბევრი უცხოელი ბლოგერი, ჟურნალისტი თუ ინფლუენსერია ჩემს გამომწერებში და თვითონ იჩენენ ინტერესს და მიწვევენ ამა თუ იმ პროექტებსა თუ ღონისძიებებზე. ძალიან მიხარია. ეს დიდი პატივია ჩემთვის“ - ამბობს „ზმნასთან“ ვაშალომიძე.

ადრე თუ სწყინდა, დღეს ამგვარ გამოხმაურებაზე იცინის. იცის, რომ უხვი „ფოლოვერებიდან“ მხოლოდ დადებითად არავინ შეაფასებს. „ზმნასთან“ კი კემპბელთან შეხვედრის ამბავს იხსენებს.

თამო ვაშალომიძე: ცნობილმა საათების შვეიცარიულმა ბრენდმა -Audemars Piguet-მა დახურულ ივენთზე მიმიწვია, სადაც შოუბიზნესის ცნობილი სახეები ვნახე. მათ შორის იყო ფრანგი მოდელი, თინა კუნაკი, ვინსენ კასელი ექს ცოლი... არ ველოდი, რომ კლუბური სიტუაცია იქნებოდა და „ცოტა“ შეუსაბამო კაბით ვიყავი. მე და ჩემი იტალიელი მენეჯერი ვსაუბრობთ და უცებ ატყდა ამბავი, განათებებით ვიღაც შემოვიდა და ყველას ყურადღება მიიპყრო. გავიხედეთ და ნაომი კემპბელი! დაიწყო ცეკვა. მენეჯერს ვუთხარი, ნაომისთან ფოტო მინდა-მეთქი. ვერავინ უბედავდა მისვლას და ფოტოების გადაღებას. იმიჯი ჰქონია ასეთი, უკარება მკაცრი ქალის. დაცვა ჰყავს გარშემო. იქ თან ახლდა მეიქაფ არტისტი. ყოველი ვიდეოს გადაღების წინ, მაკიაჟს უსწორებდა. მეგონა ალკოჰოლურ სასმელს სვამდა, აღმოჩნდა, რომ წყალს მიირთმევდა. მასთან ერთი დიჯეი ფოტოს გადაღების თხოვნით მივიდა და ნაომიმ ჩხუბი დაუწყო, როგორ მოხვედიო. იქვე ვდგავარ. დაცვა თვალებს მიბრიალებს - არ მოხვიდეო. იმედი გადამეწურა. ნაომი მანამდე ვნახე დოლჩე გაბანას ჩვენებაზე, მაგრამ გარშემო ისეთი დაცვა ჰქონდა, არავინ მიმაკარებდა. მოკლედ, ნაომის შეეცოდა ის დიჯეი და დართო ფოტოს გადაღების ნება. ამით გაგულისებულმა, ძალიან უშუალოდ მოვკიდე ხელი, ნაომი, მოდი, სელფი გადავიღოთ-მეთქი.

და... ამ დროს ჩემმა ტელეფონმა გაჭედა! არ ჩაირთო კამერა! აუუ, როგორ შემრცხვა...

როგორც იქნა, ჩაირთო და ნაომიმ ხელი ამაწევინა, ასე გადავიღოთ პროფილითო. დამეხმარა.

ვაშალომიძე

მეც ისე ვიჭერ ხოლმე ასეთ დროს თავს, თითქოს ამ ცნობილი ადამიანის ნაცნობი ვარ.

- თამო, სამსახიობო ხელოვნებამ ისე დაგაინტერესა, რომ ჭოლასთან გაიარე კურსი. მოგეწონა?

- ღმერთო, ძალიან საყვარელია. იმ დროს, როცა ჭოლასთან და მანანა კოზაკოვასთან გავდიოდი ამ კურსებს, ჩემი ცხოვრების ურთულესი პერიოდი იდგა და ეს კურსები ძალიან დამეხმარა. კარგი თერაპია აღმოჩნდა. ორივე ისეთი თბილია. მიხარია, რომ ისინი ახლოს გავიცანი. თუ გინდათ გაიგოთ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი, მანანა და ჭოლა უნდა გაიცნოთ. ადამიანურები არიან, თავში ავარდნილი არ აქვთ. დღეს ასეთი ხალხი ცოტაა. იმ თვენახევარში ბევრი რამ ვისწავლე. საუბრის მანერა, ემოციის მართვა, მეტყველება...

- ახლა რა განწყობაზე ხარ?

- სულ მაქვს იმის განცდა, ბავშვებს რამეს ხომ არ ვაკლებ. შინაგანი პროტესტი მაქვს ჩემს ბოლო დროინდელ მოგზაურობებზე - ფრენა, შეხვედრები, მოდის კვირეული, პრემიერა, მაღაზიის გახსნა, დეკემბერში ნიუ იორკში მივფრინავ. რაც 34 წლის მანძილზე არ მიფრენია, ბოლო ერთ წელში ვიფრინე. დატვირთული წელი იყო...

- ამ დატვირთულ საქმიან გრაფიკს პირადი ცხოვრება შეეწირა. რაღაც რაღაცის სანაცვლოდაა. კარიერულ აღმასვლას, შესაძლოა, პირადი შეეწიროს ან - პირიქით.

- ჩემი პირადი, არა მგონია, ჩემს კარიერას შესწირვოდა.

- არ გინდოდა ოჯახის დანგრევა, მაგრამ ასე გამოვიდა...

- ოჯახი მე არ დამინგრევია. კი, ასეა, ფაქტია... რა უნდა გააკეთო? როცა ასე მოხდება, ვერაფერს იზამ.

- ანუ შენარჩუნებას ცდილობდი...

- მართლა არ მინდა ამაზე საუბარი. ერთხელ ვთქვი და დავასრულე. სამუშაოზე ვარ გადართული. უკეთ ვარ, კარგად ვარ. დღის მანძილზე უკვე მეტადაც ვიცინი, ვიდრე - ადრე. ძალიან რთული პერიოდი გადავიტანე. ძალიან დამეხმარა ღონისძიებები, ფესტივალები. საფრნაგეთში, კანის ფესტივალზე ყოფნა იყო ჩემთვის თერაპიული, მერე ფილმის გადაღება... სულ საქმეში ყოფნამ მიშველა. ვცდილობდი ღამეც მემუშავა; რაღაცები სულ მეკეთებინა. განსაკუთრებით ბევრი ღამით მიტირია.

ვაშალომიძე

- დეპრესიის ნარჩენები, ალბათ, ისევ გაქვს.

- არ ვიცი. ალბათ, არის კიდეც. თუმცა უკვე თავს კარგად ვგრძნობ. როცა საქმე შვილებს და ჩემს კომპანიას ეხება, აი, იქ ვყინავ ჩემს ემოციებს. უფლება არ მაქვს, ცუდად ვიყო. შვილებს მხიარული და დადებითი ემოციით ვჭირდები. მათ გაზრდაში ორი უსაყვარლესი ქალი მეხმარება. მინდა, ჩემს შვილებს კარგი ცხოვრება ჰქონდეთ. მივხვდი, რომ ცხოვრებაში მაქვს ორი მისია: პირველი - შვილები კარგად აღვზარდო, ადამიანებად და განათლებულ პიროვნებებად. მეორე - ჩემი კომპანია ბევრი ქვეყანაში იყოს და მან ჩემს შემდეგ გააგრძელოს არსებობა. ჩემი საქმე მხოლოდ ფულის შემომტანი არ არის. სიამოვნებას მანიჭებს. მხოლოდ ფულის შოვნა რომ მდომებოდა, ავდგებოდი და კაბებს გავყიდდი. მე სიამოვნებას მანიჭებს ამ პროდუქციის წარმოება. გზადაგზა ბევრი სირთულეა, არა უშავს. მთავარია, გვინდოდეს და გვჯეროდეს.

ვაშალომიძე

- ახლა რა ეტაპია შენს ცხოვრებაში?

- ახალი ცხოვრების ეტაპია. არ ვიცი. ყველაფერი ჩამოიშალა. ყველაფერი დაინგრა. არც ვფიქრობ ამ ეტაპებზე. ახლა ცხოვრებას მივყვები. ჩემს განვითარებაზე ვარ ორიენტირებული. არ ვჩერდები.

- ვინმეს რამეს უმტკიცებ ? ან თავს, ან მათ ვინც გული გატკინეს...?

- არავისთან არაფერი დასამტკიცებელი არ მაქვს. ჩემს გარშემო ყველამ იცის, როგორი შეუპოვარი და დაუნდობელიც ვარ, ოღონდ მართლა პირდაპირი მნიშვნელობით. როცა მიზანი მაქვს, სულ რომ ათი წელი არ გამომივიდეს, მე მას მაინც გავაკეთებ. ჩემს თავს შეიძლება უფრო ვუმტკიცებდე, თორემ სხვას არავის. მე თავზე ვმუშაობ.

- სულ ბრძოლაში ვარო, თქვი სადღაც. ადვილად არაფერი მოდის?

- ვფიქრობ, ჩემს წინაპრებში ვიღაცამ რაღაც ცუდი ჩაიდინა, „მიქარა“ და მე მიწევს ამ საზღაურის გადახდა (იცინის); გეფიცებით. ყველაფერი რთულად გამომდის. ფრენა რომ ფრენაა, ხიფათი უნდა გადამხდეს, პრობლემა შემემთხვეს, ან დავაგვიანო. ადვილად არაფერი გამომდის. საცობში უნდა გავიჭედო. ადრე გამოვდივარ, მაინც ვაგვიანებ. გამოლოცვა მჭირდება. არ მჯერა ამ ყველაფრის, მაგრამ ფაქტია, მჭირდება. მერე როცა იქნება რამეს გავაკეთებ და Yes! გავაკეთე-მეთქი, მიხარია. არა, ქალები მაინც მაგრები ვართ, კაცებზე მაგრები. ერთდროულად ბევრი რამის კეთება შეგვიძლია.

- პოპულარობით კმაყოფილი ხარ?

- ვარ. ახლა როგორიც ვარ, მე ამით ბედნიერი ვარ. ხალხისგან უდიდეს მოტივაციას და სიყვარულს ვიღებ. მანქანიდან რომ გადმოდის, შენთან ფოტოს იღებს და ტკბილ სიტყვას გეუბნება, რამხელა რამაა. აბსოლუტურად უცხო ადამიანს რომ უყვარხარ და პატივს გცემს, ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია... ნებისმიერ შეხვედრაზე მიმავალს, მანქანიდან გადმოსვლამდე გული ისე მიცემს, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, გეგონება მთელი ერი მელოდება იმ ერთ კონკრეტულ ადგილას. ვღელავ, რაიმე არასწორად არ გავაკეთო.

- პოპულარობას და შუშის სახლში ცხოვრებას დიდი მინუსები აქვს.

- ამას შეგუებული ვიყავი. მე მართლა შუშის სახლში ვცხოვრობ. გამჭირვალედ, არც არაფერს ვმალავ. უკვე ხალხი ყველანაირს მხედავს - ახალგაღვიძებულსაც, თმადაუვარცხნელსაც. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. უნდა მნახონ მოწესრიგებულიც და მოუწესრიგებელიც, ხალიჩაზეც და სახლშიც. ეს ჩემი ცხოვრებაა.

- რა დარჩა ძველი თამოსგან?

- გული. რა უნდა მოხდეს, რომ გული შევიცვალო. ისევ ის ვარ, რაც ვიყავი. თუმცა ვარდისფერი სათვალე დავლეწე და შავთეთრი მოვირგე. რეალისტი გავხდი. ჩემი მიზნებიც ასეთია. ნეგატიურ ფიქრებს ვირიდებ. ვრთავ ისეთ სიმღერებს, განწყობას რომ მიკეთებს. მინორულ მუსიკას, სევდისკენ რომ მიჰყავხარ, არ ვუსმენ. ვცდილობ, კარგი განწყობა შევიქმნა. ჩემი შვილები და თანამშრომლები ჩემს ცუდად ყოფნას არ იმსახურებენ. ყველა ცდილობს გამაბედნიეროს და მე რა უფლება მაქვს მოვიწყინო?!

- სად ხედავ თავს 30 წლის შემდეგ?

- ისეთივე წარმატებული იქნება ჩემი ბრენდი, როგორც მეგაბრენდები - „შანელი“ და „დიორია“. მე ამის ამბიცია მაქვს. ვიცხოვრებ სამშობლოში, სხვაგან - არსად.

ვაშალომიძე

ავტორი: ლილიანა ფალიანი

10/28/2025

თამო სქინიპირადიტაბლოიდი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024