Logo

სპორტი

ოქროს ბურთი და ქართველები

ოქროს ბურთი და ქართველები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გაბრიელ ანომ, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, შემდგომში კი „ფრანს ფუტბოლისა“ და „ეკიპის“ რედაქტორმა, ჯერ ჩემპიონთა თასის იდეა მოიფიქრა, მასთან ერთად კი, საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელის „ოქროს ბურთით“ დაჯილდოებაც.

ოქროს ბურთის პირველი მფლობელი კი სერ სტენლი მეტიუზე გახდა, საოცარი კაცი, რომელმაც კარიერა 55 წლის ასაკში დაასრულა, მთელი კარიერის განმავლობაში არასდროს გაუფრთხილებიათ და როდესაც 2000 წელს, 85 წლისა აღესრულა, 100 ათასი ადამიანი გავიდა მის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად.

ამ 70 წლის განმავლობაში კი „ოქროს ბურთი“ 20 ქვეყნის ფეხბურთელებს მოუგიათ და მათ შორის, არ არის ქართველი. თუმცა ქართველები რა თქმა უნდა ყოფილან ნომინანტთა შორის.

პირველი ქართველები, რომლებიც ნომინანტთა შორის მოხვდნენ, მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი იყვნენ.

მესხი მეტრეველი

1961 წელს მესხმა მე-17 ადგილი დაიკავა, მეტრეველმა კი - 23-ე. იმ წელს „ოქროს ბურთი“ „იუვენტუსის“ ლეგენდამ, ომარ სივორიმ მოიგო. 4 წლის შემდეგ, 1965-ში, სლავა მეტრეველი ისევ იყო ნომინანტთა შორის, და მე-17 ადგილი ერგო. გამარჯვებული კი ლეგენდარული ეუსებიო გახდა.

ამის მერე მურთაზ ხურცილავა იყო დასახელებული ორჯერ ნომინანტად 1968 და 72 წლებში.

მურთაზ ხურცილავა

პირველ ჯერზე დიდი ქართველი კაპიტანი 24-ე ადგილზე გაიყვანეს, „ოქროს ბურთი“ კი მოურჯულებელ ჯორჯ ბესტს მისცეს. ეს ის ჯორჯ ბესტია, რომელსაც ნათქვამი აქვს: ერთხელ გადავწყვიტე, ქალები და სასმელი მიმეტოვებინა და ეს ყველაზე საშინელი 20 წუთი იყო ჩემს ცხოვრებაშიო.

მეორედ მურთაზ ხურცილავა 1972 წელს იყო ნომინირებული და მე-11 პოზიცია დაიკავა, რაც იმ დროს ქართველების საუკეთესო მაჩვენებელიც იყო ამ ნომინაციაში. გამარჯვება იმ წელს ფრანც ბეკენბაუერს მიანიჭეს.

1981 წლამდე ევროპა აღარ შეგვიწუხებია. იმ წელს კი ერთბაშად სამი ქართველი იყო ნომინირებული. დავით ყიფიანი (მე-11 ადგილი), ალექსანდრე ჩივაძე (მე-8 ადგილი) და რამაზ შენგელია - მე-7 ადგილი. გამარჯვებულად კარლ ჰაინც რუმენიგე გამოაცხადეს.

ყიფიანი ჩივაძე შენგელია

იმ ლეგენდარული „დინამოდან“ უფრო მაღლა ვერავინ აღზევდა და კიდევ უფრო ცუდი ის იყო, რომ მთელი 42 წელი ქართველები „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში არავის გახსენებია, სანამ ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა და 2023 წელს, იმ დროს „ნაპოლის“ ფეხბურთელმა, მე-16 ადგილი გაიყო ქარიმ ბენზემასთან ერთად. შარშან კი კვარაცხელია უკვე მე-12 იყო ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის.

ხვიჩა

ისტორია ასეთია და რამაზ შენგელია ამ დრომდე რჩება „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში საუკეთესო შედეგის მქონე ქართველად. თუმცა უკვე სრულიად აშკარაა, რომ მის შედეგს მალე ემუქრება გაუმჯობესება და წესითა და რიგით, ეს წელსვე უნდა მოხდეს: 26 ოქტომბერს, ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთის“ 70-ე დაჯილდოებაზე, ლონდოინში.

ლონდონი, ალბათ, ყურში უცნაურად მოგხვდათ, რაკი აქამდე გალა-დაჯილდოება არასდროს გასცდენია პარიზს. და რატომ ლონდონი? ამით ორგანიზატორები პატივს მიაგებენ „ოქროს ბურთის“ პირველი გამარჯვებულს, სერ სტენლი მეტიუზს, ამ მთავარი ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს პირველ მფლობელს.

ავტორი: გიორგი დარჯანია

06/01/2026

დინამოკვარაცხელიაოქროს ბურთისაქართველოფეხბურთი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024