საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე ათი წელია ისრაელში ცხოვრობს. ახლა, საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში, დაძაბულ და სტრესულ გარემოში ცხოვრება, ცხადია, მისთვისაც დამთრგუნველია, თუმცა ამბობს, რომ ამას უკვე შეჩვეულია და თავს ამ წმინდა მიწაზე უსაფრთხოდ გრძნობს.
"ზმნასთან" იმ გადაფასებასაც აკეთებს, ომს რომ თავს ახლავს. ამბობს, რომ ადამიანები არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს და სინამდვილეში, საჭირო ნივთები, მხოლოდ ერთ ზურგჩანთაშიც ეტევა.
მიხეილ ხეცოიძე: ეს წმინდა მიწაა, ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ქვეყანა. მას აქვს ერთი მაგია - როცა მას მიიღებ ისეთს, როგორიც არის, ისიც ყველაფერს გაძლევს, რაც გჭირდება. აქ ომის დროსაც უსაფრთხოების განცდა გაქვს. ქართველი ემიგრანტები არ ცდილობენ აქედან წასვლას, რადგან აქ ყველაზე დაცულად გრძნობენ თავს. და მთავარი - ყველაზე ახლოს ხარ იერუსალიმთან და ღმერთთან... მე ავირჩიე, რომ სწორედ იერუალიმში არსებული სტუდიიდან გასულიყო ჩემი გადაცემა რადიოში. ახლა უსაფრთხოების სამსახურების მიერ დაკეტილია მაცხოვროს საფლავი, არავის უშვებენ იქ. ქრისტეს საფლავზე, ბოლოს, ერთი კვირის წინ გახლდით. ყოველთვის სხვადასხვა განწყობით ამოვდივარ. რას გრძნობ, ვერ იაზრებ ბოლომდე. თუმცა ემოციურად სულ გრძნობ, რომ ღმერთთან ყველაზე ახლოს ხარ...
- ცხადია, ომის რეჟიმში ცხოვრება და მუდმივად საგანგაშო სიგნალის ხმის მოსმენა, ძალიან სტრესულია. შიშთან ერთად თანაცხოვრებას მიეჩვიე?
- ისრაელში შიშთან ერთად ცხოვრებას სწავლობ. უბრალოდ პრაგმატულები ვხდებით. ვცხოვრობთ დღევანდელი დღით. ადამიანებს გვიჭირს დავაფასოთ ის, რაც გვაქვს, ვაგროვებთ ვმუშაობთ, ვყიდულობთ, ცხოვრებას ვაწყობთ. და უცებ, ირთვება საჰაერო განგაში, ვიღებთ შეტყობიენებას, რომ ომია! აღმოაჩენ, რომ ის, რაც მანამდე ცხოვრებისთვის აუცილებელი რამ გეგონა, თურმე ფუჭია. ყველაზე საჭირო ნივთები, ერთ ზურგჩანთაში შეიძლება ჩაატიო. ყველაზე საჭირო ნივთებს ხელის გულიც კი იტევს. იღებ ტელეფონს, ხელს კიდებ ძვირფას ადამიანს და გადადიხარ თავშესაფარში. იაზრებ, რომ ყველაზე ძვირფასი და საჭირო - ეს არის სიცოცხლე! ვცდილობთ ამ რეჟიმში გავაგრძელოთ ცხოვრება. ისრაელში მატერიალური ფასეულობები, ომის დროს, გაუფასურებულია. ერთადერთი სურვილი არის გადარჩენა! და კონტაქტი ძვირფას ადამიანებთან.
03/03/2026