ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
კომედიანტები ცხოვრებაში დაღვრემილები არიან. არაფერი აქვთ საერთო მხიარულებასთან და დროსტარებასთან. ეს ცნობილი ამბავია. ამიტომაც იყო, რომ სულ არ გამკვირვებია, როდესაც თათია სულუაშვილმა, საკუთარი თავი, ჩვენთან ინტერვიუში, იგივე კონტექსტით დაახასიათა. უყვარს მარტოობა, სახლში არ იღიმება, ამბობს, უჟმური და პრობლემური ადამიანი ვარო. გული წყდება, რომ პროფესიით მსახიობი, თეატრის სცენისა და კინოს მიღმა გადის ცხოვრებას.
ხომ ვერ იფიქრებდით, რომ შინაგანად დრამის მსახიობია და კომედია მისი მოწოდება არ არის. ალბათ, ვერც იმას წარმოიდგენდით, როლზე მუშაობისას, ორ კვირას ფსიქიატრიულ კილინკაში თუ იცხოვრებდა.
გაიცანით სხვანაირი თათია სულუაშვილი, რომელიც სკეტჩების პერსონაჟებზე მუშაობისას, მათ დაავადებებზეც ფიქრობს, მათი ბავშვობაც წარმოდგენილი აქვს, ზოდიაქოს ნიშანიც და საერთოდ, თავისი პროფესიული შიმშილი რომ დაიკმაყოფილოს, ღრმად ჩადის გმირის შრეებში. ეს იუმორისტული ნომრის გასათამაშებლად, სულაც არ ევალება, მაგრამ... მოკლედ, მოგვყევით.

- 20 წელი კომედიური ჟანრი არ მოგბეზრდათ?
თათია სულუაშვილი: - ამ კითხვას მეც ვუსვამ საკუთარ თავს? როდემდე, თათია? 2006 წელს მოვედი და დავიწყე სკეტჩების კეთება, დღეს 2026 წელია. ისევ იგივეს ვაკეთებ და ისევ რეიტინგულად. გამოდის, რომ ჯერ კიდევ კარგად გამომდის. არ ვიღლები, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ბოლომდე იმ პერსონაჟებზე ვფიქრობ, რასაც ვაკეთებ. სიღრმისეულად. თუმცა ვფიქრობ, განვითარებაზე. მე პროფესიით მსახიობი ვარ, კინოსა და დრამის ფაკულტეტი დავამთავრე. მას შემდეგ „შაბათის შოუში“ ვარ. გული მწყდება, რომ როგორც მსახიობი, სატელევიზიო ფორმატს ვერ გავცდი. კინოში იმის გამო დავიბლოკე, რომ „შაბათის შოუს“ მსახიობი ვარ.
- რა ფილმზე დაგბლოკეს, გვეტყვით?
- ფილმ „შინდისის“ ქასთინგზე მივედი და პირდაპირ მითხრეს, რომ ვერ მიმიღებდნენ, რადგან მე „შაბათის შოუს“ კომიკოსი ვარ. ძალიან დამწყდა გული. გულახდილად გეტყვით - კომედია ჩემი არ არის. ჩემი არის დრამა.
ფსიქოლოგიურ როლებს შევასრულებდი, განადგურებული, ტრაგედია გადატანილი ქალის როლს ვითამაშებდი...
ახლა მოგიყვებით, რატომ ვფიქრობ, რომ მე დრამის მსახიობი ვარ. ამაზე საჯაროდ არ მისაუბრია.

სტუდენტობისას ვითამაშე სპექტაკლში „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, სადაც მთავარი მედდის როლი შევასრულე, რომელიც ფსიქიკური პრობლემის მქონე პაციენტებზე უფრო ცუდად არის. უფრო რთული პაციენტია.
ეს იყო ურთულესი როლი. სპექტაკლი რუსთავის თეატრში დაიდგა. მახსოვს, რობერტ სტურუაც ჩამოვიდა სანახავად და ძალიან ვნერვიულობდი.
როლზე მუშაობისას, ორი კვირა ასათიანზე (ფსიქიატრიულ კლინიკაში) ვიცხოვრე. ჩემი მეგობარი იქ მუშაობდა, რაღაცნაირად ჩამიწყო და ზუსტად ორი კვირა პაციენტებთან ერთად ვიცხოვრე. ახლოდან ვაკვირდებოდი, ვსწავლობდი ერთი კვირა ქალებს, მათ ფსიქოლოგიას, რომ ჩემი გმირი შემესწავლა. მეორე კვირა - მამაკაცებს. იმდენად ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი, საერთოდ არ მახსოვდა, რომ სახლში ვიყავი მისასვლელი.
ფსიქიატრიულ კლინიკაში ქორწილიც მქონდა, 60 წლამდე პაციენტმა ხელი მთხოვა. მაშინ 23 წლის ვიყავი. მის მეგობართაგან ერთ-ერთი მუსიკოსი იყო და საქორწილო მარშიც დაგვიკრა. დიდ ჰოლში გავიარეთ. ბეჭედიც დამახვედრა, შამპანურის მავთულისგან დამზადებული. ყველამ ტაში დაგვიკრა და გვილოცავდნენ. იმდენად შევედი აზარტში და ამას იმხელა „კაიფი“ აქვს, "შაბათის შოუდან" იმ სიამოვნებას ვერ ვიღებ.
- ასეთ მძიმე პაციენტებს შორის ცხოვრებისას რას განიცდიდით?
- ყველაფერში ავყევი, გავითავისე ის სიტუაცია, მათი სივრცე და მოვერგე. დავიჯერე, რომ რეალურად მისი ცოლი ვიყავი. ისიც მაბარებდა, სიგარეტი წამომიღე, შორტი მომიტანე, გამოცვლილი ტანსაცმელი წაიღეო და მეც ამ დრამაში ვყვებოდი.
- ანუ გარედან არ შეგიხედავთ, არც შეგშინებიათ, არც ემპათია ჩაგრთვიათ...
- არა, არანაირი ემპათია და შიში. ბოლომდე როლში ვიყავი. ერთხელ ქალებმა ოთახში ჩამკეტეს და მკითხეს - შენ ხომ მარინა ხარო? ავყევი - საიდან გახსოვარ-მეთქი, ვკითხე და მე და შენ ვაგზალზე ყავას ვყიდდითო. კი, გამახსენდი-მეთქი და მაკიაჟის გაკეთება შემომთავა. წითელი პომადა წამისვეს. ჩემი მეგობარი ოთახიდან გააგდეს, სქელი წარბები გაქვსო. იქიდან რომ გამოვედი, ვინ ვიყავი არ ვიცი, მარინა თუ ჟანა... ტელეფონის ნომერი მთხოვეს, მივეცი და მირეკავდნენ. თუ გაუძალიანდები, მათგან დიდი წინააღმდეგობა მოდის. უნდა აჰყვე. მისიანი უნდა გახდე.

- ამ ადამიანებისგან რა ისწავლეთ?
- სიმართლე. ჩვენს პროფესიაში მთავარი სიმართლეა, რისიც გჯერა, იმას აკეთებ. შენ თუ არ დაიჯერე, სხვას ვერ დააჯერებ. ის ორი კვირა იმ სიმართლეში ვიცხოვრე და ძალიან საინტერესო იყო. ამ ადამიანებს უაზროდ ღრმა და დიდი ფანტაზია აქვთ. ძალიან რომ მოვინდომო, მათ მსგავსად ვერ წარმოვისახავ, ვერ განვავრცობ. მოკლედ, ავყევი და როლიც იდეალურად შევასრულე. ადგა რობერტ სტურუა ტაში დამიკრა და მსახიობისთვის ეს არის ჯილდო, აპლოდისმენტები. სტუდენტობის დროს მარჯანიშვილის, ახმეტელის, რუსთავის თეატრების სცენაზე ვთამაშობდი. იმ დროს მოვედი "შაბათის შოუში" და რეჟისორებისგან ნეგატიური დამოკიდებულება წამოვიდა.
- თეატრიდან წამოსვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?
- სამ თვიანი თამაშის შემდეგ, მარჯანიშვილში 77 ლარი ავიღე, მივხვდი, რომ ძალიან დიდი დაუფასებლობა იყო. როცა ამხელა ენერგიას დებ, გიყვარს შენი საქმე და ამ დროს არ გაფასებენ, ცოტა შეურაცხყოფილად ხარ. მერე იაზრებ, რომ ოჯახი რომ გეყოლება, ეს თანხა არაფერში გეყოფა და მხოლოდ სულიერ საზრდოს ვერ იკმარებ. წამოვედი, მაგრამ დიდი გულისწყვეტა მაქვს, სიცარიელე მაქვს, ვერ ვიკმაყოფილებ. რაღაცის დეფიციტი მაქვს. იცით, როგორი შეგრძნებაა, ადამიანი მუდმივად დიეტაზე რომ არის და შოკოლადი რომ უნდა, მუდმივად დაუკმაყოფილებელი რომ არის. პროფესიული შიმშილი მაქვს, რომელსაც ვერ ვივსებ. ამ დროს ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს არის ჩემი საქმე. ჩემი კი თეატრის სცენა და კინოა. სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რაღაცებში ვიბლოკებით. ეს არის ჩემი გზა, თუმცა ეს ჩემი არჩევანი არ არის.

- ვერ ვივსებო ამბობთ, თუმცა თქვენი პერსონაჟები, მგონია, რომ იმ გაუთამაშებელი სასცენო როლების ეკრანული სახეებია.
- როცა პერსონაჟზე ვმუშაობ, მსუყედ ვქმნი, ვეძებ წინაპირობას, დეტალებში ვუღრმავდები. პერსონაჟ სოფიკოში ჩემი ახლობელი ვითამაშე. იცით, როგორ ვიმუშავე ამ როლზე, გავთვალე, რა დაავადებები აქვს, ვენების პრობლემა აქვს, როგორ გაიზარდა, ღრმად ჩავედი. პერსონაჟი ასე იქმნება. ყველა ჩემ პერსონაჟზე მოგიყვებით, ვინ როგორ მოვიდა. ასეთი დეტალებით ვივსებ იმ დანაკლისს, ამით ვიკვებები, მაგრამ არ მყოფნის.
- თათია, კომიკოსებს მძიმე ხასიათი აქვთ. ეს თქვენზეც ვრცელდება?
- მე ვფიქრობ, სახლში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ადამიანი ვარ. გარეთ რომ გამოდიხარ, გინდა არ გინდა, ნიღაბს ირგებ, პროფესია გაქვს ასეთი. სახლში უჟმური და უხასიათო ვარ, მიყვარს მარტოობა. ხმა რომ არ ისმის. არ ვიცი გართობა. მეგობრებს რომ უთქვამთ, წამოდი, გავერთოთო. როგორ გავერთო, რა გავაკეთო? ერთადერთი, რითიც ვერთობი მოგზაურობაა. ეს ჩემთვის სულიერი საზრდოა. თვითმფრინავმა, სადაც გინდა, იქ დამსვას, ჩამოვალ და ბედნიერი ვარ. გარემო უნდა შევიცვალო. ძალიან უხასიათო ვარ. არადა, ჩემი საზრუნავია ადამიანი კარგ განწყობაზე მოვიყვანო. სადაც შევდივარ, ყველა გართობას ელოდება. შენგან ელიან რაღაც ისეთის მოყოლას, რომ მთელი სამეგობრო ახალისო. მე ვინ გამართობს? ხომ შეიძლება, რომ ერთხელ მეც მაცინოთ? როცა ვიწყენ, რატომ ხარ მოწყენილიო? არ ვარ მოწყენილი, ეს ჩემი ჩვეულებრივი ხასიათია. ჩემ ქმარსაც უთქვამს, ყველგან ბედნიერი ხარ და ხომ შეიძლება სახლშიც გაიღიმო და ბედნიერი იყოო. ბედნიერი ვარ, მაგრამ ვისვენებ. შვილებსაც ამის დეფიციტი აქვთ. მოკლედ, პრობლემური ადამიანი ვარ.

- დეპრესიულიც?
- დეპრესიისკენ მიდრეკილი ვარ. ნევროლოგმა დიაგნოზი დამისვა - შფოთვითი აშლილობა.
- უარყოფით გამოხმაურებას და კომენტარებს როგორ იღებთ?
- მუხასავით მაგრად ვდგავარ. ჩემზე არ მოქმედებს. საერთოდ, დაწყევლილები ვართ, სად შეიკრიბა ამდენი უარყოფითი ენერგეტიკის ადამიანი, არ ვიცი. რატომ უნდა გინდოდეს სხვას დაუწერო ცუდი კომენტარი. მით უფრო, რომ არ იცნობ. მივხვდი, რომ ჩვენ სხვისი წარმატება არ გვიხარია, სხვისი სიხარულის გაზიარება გვიჭირს. თუ ხარ დავრდომილი, ეტლში ზიხარ, ფულს ჩაგირიცხავს და ამით კმაყოფილდება, ბედნიერია, რომ დაგეხმარა. მაგრამ თუ არ ხარ დასახმარებელი, არ გგულშემატკივრობს. მწყინს, რომ ასეთები ვართ. უცხოეთში რომ ჩავდივარ, ქართველებისგან გაფრთხილებაა - ქართველებს არ გაეკაროთ! ყველა ქართველი ამას გაფრთხილებს და ის ქართველი ვინ, არის, მაჩვენეთ, ვისაც არ უნდა გავეკარო-მეთქი, ვამბობ. არ ვართ ქართველებთან ურთიერთობაშიო... ეს საწყენია.

07/02/2026