
09/29/2026
1991 წლის შემოდგომით საქართველოში პოლიტიკური ვითარება უაღრესად გამწვავებული იყო - საზოგადოება 2 ბანაკად გაყოფილი, პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა კატასტროფას, რაც დეკემბრის ბოლოს დაიწყო და ქვეყანა განუკითხაობაში ჩაძირა. ამ პერიოდის პრესაში ვიპოვე წერილი ჟიული შარტავას ხელმოწერით. ურთიერთბრალდებების იმ ორომტრიალში ყოფილი პარტმუშაკისგან, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრისგან ხომ უნდა მოელოდე, რომ ღიად ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგე ბანაკის მხარეს დაიჭერდა? ორივე მხრიდან მზარდ რადიკალიზმში ამართლებს სტატუსს, რაც ბედისწერამ ორ წელიწადში მიანიჭა:

„ორივე მხარეს ჩემი საქართველოა, მე ორივე მხარე მტკივა! რაც ვარ ისა ვარ. ჩემი დადებითით და უარყოფითით, ცოდვებითა და უცოდველობით, მე ვდგავარ ერთ პოზიციაზე - რამე სარგებელი მოვუტანო ჩემს ერს! არა ვარ, ბატონო, არავისთვის საშიში. არც განსაკუთრებული ვარ, ერთი ჩვეულებრივი ქართველი კაცი ვარ და მინდა ვაკეთო ის, რაც მსურს, წესიერებისა და კანონის ფარგლებში. ხოლო თუ სიცოცხლის გაღება გახდა საჭირო, უყოყმანოდ ვიზამ ამას ერისთვის და ოჯახისთვის. მერწმუნეთ, ეს პათოსისთვის არ არის ნათქვამი!“
წარსული და ადამიანური ღირსებები
1991 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული წერილის ავტორი აშკარად გულნატკენია. „წლებია მიფრთხიან, მერიდებიან, არადა ქვეყნისთვის საქმის კეთება მინდაო“, - ჩივის. დრო იყო ასეთი, საბჭოთა კავშირი წარსულს ბარდებოდა თავისი კომუნისტური პარტიით, ჟიული შარტავა კი ჯერ საქართველოს კომკავშირში, შემდეგ კი კომპარტიაში დაწინაურებული და გამოცდილი კადრი იყო. საბჭოთა ხელმძღვანელის პოზიციებზეც კი მას ახასიათებდნენ პატიოსან, გულწრფელ, საქმის და დიდი ავტორიტეტის კაცად.

1978 წელს საბჭოთა საქართველოს ახალი კონსტიტუცია უნდა მიეღოთ. მისი 75-ე მუხლი ითვალისწინებდა ქართული ენის სახელმწიფო ენის სტატუსის შეზღუდვას რუსულის სასარგებლოდ. ცნობილია, რომ ამ ამბით აღშფოთებული სტუდენტები დაინტერესებულან საქართველოს კომკავშირის პირველი მდივნის პოზიციით. პასუხად სტუდენტებისთვის უთქვამს: „ნუ გგონიათ, თქვენზე ნაკლებად ვიცი ქვეყნისთვის თავგანწირვაო“.
ჟიული შარტავას ბიოგრაფიიდან ამ წერილში გახსენებულ ორ ეპიზოდს შორის დროის დიდი ინტერვალია, ათ წელზე მეტი, მაგრამ ეს ორი ეპიზოდიც საკმარისია იმის დასანახად, რამდენად გამორჩეული პიროვნება იყო თავისი პატრიოტიზმით და ადამიანური ღირსებებით.
გმირად დაბადება
1993 წლის 18 ივლისს ედუარდ შევარდნაძემ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. ეს იყო ყველაზე რთული და ტრაგიკულ დრო აფხაზეთის ომში.

მაშინ სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ ჯორბენაძე იხსენებდა: „მე ბატონ ედუარდს თავიდან ბოლომდე ათი დღის განმავლობაში ვახლდი სოხუმში, ქალაქი ბოლოებმა დავტოვეთ. 27 სექტემბერს სახელმწიფო მეთაური 20-25 წუთის გამოსული იყო მინისტრთა საბჭოს შენობიდან, როდესაც იქიდან შტაბში დაგვიკავშირდა ჟიული შარტავა და შეგვატყობინა, რომ ალყაშემორტმული იყო და დახმარება გვთხოვა.

მის გამოსაყვანად ტანკითა და „ბტრ“-ით წავიდა ბრიგადის მეთაური დავით თევზაძე, მაგრამ ვერ შეძლო ალყის გარღვევა. მინისტრთა საბჭოს შენობაში დარჩნენ ბატონი ჟიული, რამდენიმე მინისტრი, აპარატის თანამშრომლები, დაცვა და „ავღანელთა“ რაზმი.“
ალყაში დარჩა სხვებთან ერთად. მერე ქვევით ჩავიდა. ჩასვეს მანქანაში და სადღაც წაიყვანეს, გზაში დახვდნენ, გადმოიყვანეს და დახვრიტეს. აფხაზეთში მაშინ ჩადენილ შემზარავ დანაშაულებზე, მათ შორის ჟიული შარტავას დახვრეტაზე საქართველოს პროკურატურაში აღიძრა საქმე, თუმცა ვერც მკვლელობის დამკვეთი და ვერც შემსრულებელი ვერ დაადგინეს. ეს იყო, რომ ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს მალევე გადმოსცეს. დათვალიერებისას გაჩნდა ვერსია, რომ აწამეს. დაკრძალეს თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ჯანსუღ ჩარკვიანი, 1 ოქტომბერი, 1993 წელი

„მას უაღრესად რთულ პირობებში მოუწია აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება, მაგრამ ერთხელ არ დაუჩივლია. პირიქით, თავისი დაუღალავი შრომით და ბრძოლით სიმტკიცეს მატებდა მოსახლეობას, მებრძოლებს, კოლეგებს. უკანასკნელ წუთამდე მედგრად იდგა. მტრებისგან ალყაშემორტყმული და უკვე განწირული, თანამებრძოლებს ლაღი ხუმრობით გულს უკეთებდა თურმე.
შენ გაჭირვებულის იმედი იყავი და, რაღა თქმა უნდა, ახლაც გეგონა, რომ ძმათა შესარიგებლად მიდიოდი, საომრად ხომ არ წასულხარ, შესარიგებლად წახვედი. ნეტა ტელეფონით შენი ლაპარაკი არ მომესმინა იმ საბედისწერო დღეს, ნეტა არ მეყურებინა, როგორ იწვოდი საქართველოსთვის და როგორ იკარგებოდა სივრცეში შენი ამაო ხვეწნა-მუდარა.“

სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. ჟიული შარტავას მშობლიურ ქალაქ სენაკში მოეწყო მისი მოედანი, მისი სახელი მიენიჭა ქუჩებს, სკვერებს, გამზირებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში.
ეროვნული გმირის პოლიტიკური ანდერძი (1992 წელი)

„არ უნდა დავუტოვოთ მემკვიდრეობად ჩვენს შემდგომ თაობებს დახლეჩილი საქართველო, დახლეჩილი კუთხეებად, მტრად გადაკიდებულ ოჯახებად, დაპირისპირებულ მამებად და შვილებად, ორად, სამად გაყოფილი, ძმათა მიერ ძმათა კვლის არენად ქცეული. ვუმკურნალოთ ისეთ მძიმე დაავადებებს, როგორიცაა: ეგოიზმი, ამბიციები, ღვარძლი, ურთიერთანგარიშსწორება. ნუ ჩავტეხავთ ხიდს ერთმანეთს შორის. ამ ხიდზე ჩვენთან ერთად ჩვენი შთამომავლობა და საქართველოს ხვალინდელი დღე დგას.“
გააზიარე სტატია