ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ორსულობის დროს წამლის მიღება ბევრ ქალს აშინებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ტკივილს, სიცხეს და პარაცეტამოლს ეხება.
ბოლო წლებში სოციალურ ქსელებსა და მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ორსულობისას პარაცეტამოლის მიღება, ბავშვის აუტიზმის ან ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD-ის) რისკს ზრდის.

თუმცა JAMA Internal Medicine-ში გამოქვეყნებულმა ახალმა, მასშტაბურმა კვლევამ ეს შიში მნიშვნელოვნად შეამცირა.
კვლევისას, რომელიც 2001-2023 წლების ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერებს ეყრდნობოდა, მკვლევრებმა ერთმანეთს ერთსა და იმავე ოჯახში დაბადებული ბავშვებიც შეადარეს. განიხილეს შემთხვევები, როცა ერთ ორსულობაში დედამ პარაცეტამოლი მიიღო, მეორეში კი არა.
708 000-ზე მეტი დედა-შვილის წყვილისა და დედმამიშვილების მონაცემთა ანალიზმა დაამტკიცა, რომ წინა კვლევებში დაფიქსირებული მცირე კავშირები გენეტიკური და ოჯახური ფაქტორებით იყო განპირობებული და არა თავად პრეპარატით.
კვლევამ აჩვენა, რომ ორსულობისას პარაცეტამოლის მიღება, ბავშვში აუტიზმის ან ADHD-ის მომატებულ რისკთან დაკავშირებული არ არის.
იგივე შედეგი მიიღეს მაშინაც, როცა მეცნიერებმა წამლის მიღების დრო, დოზა და გამოყენების სიხშირე ცალ-ცალკე შეაფასეს.

ეს არ ნიშნავს, რომ ორსულმა წამალი თვითნებურად ან დიდი დოზით უნდა მიიღოს. ნებისმიერი მედიკამენტი ორსულობის დროს ექიმთან შეთანხმებით უნდა გამოიყენებოდეს. მაგრამ კვლევის მთავარი გზავნილი დამამშვიდებელია - საჭიროების შემთხვევაში, სიცხისა და ტკივილის მართვაზე უარის თქმა ყოველთვის უკეთესი არჩევანი არ არის.
ექიმები ხშირად ხაზს უსვამენ, რომ მაღალი სიცხე და ძლიერი ტკივილი ორსულობისას თავადაც შეიძლება გახდეს საფრთხე დედისა და ნაყოფისთვის. ამიტომ შიშისა და თვითნებური გადაწყვეტილების ნაცვლად, მომავალ დედებს, ექიმთან კონსულტაციას და პრეპარატის სწორად გამოყენებას ურჩევენ.
07/03/2026