
10/05/2026
გაზაფხულის ხვატით გათანგულ საღამოსპირზე, მოსკოვში, პატრიარქთა ტბორებთან, როდესაც ორი მოქალაქე უცნაურ უცნობს დაელაპარაკა, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე მისტიკური და სახიფათო თამაში დაიწყო. მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ არ არის უბრალო სატირული თუ ფილოსოფიური რომანი. ეს არის წიგნი-ლაბირინთი, რომლის შექმნასაც ავტორმა 12 წელი და საკუთარი სიცოცხლე შეწირა, და რომლის მისტიკური ექოც ათწლეულების შემდეგ, გადასაღებ მოედნებსა თუ თეატრალურ კულუარებში, ნამდვილ ფატალურ წყევლად მატერიალიზდა.
სად გადის ზღვარი გენიალურ ლიტერატურულ ალეგორიასა და იმქვეყნიურ ძალებთან სახიფათო თამაშს შორის? მივყვეთ კულუარებს.
ბულგაკოვმა რომანზე მუშაობა 1920-იანი წლების მიწურულს დაიწყო. თავდაპირველ ვერსიებში არც ოსტატი ფიგურირებდა და არც მარგარიტა - მთავარი აქცენტი ეშმაკის მოსკოვში ვიზიტზე კეთდებოდა, ხოლო წიგნს „შავბნელი მაგი“ ან „ინჟინრის ჩლიქი“ ერქვა.

1930 წელს, როდესაც საბჭოთა ცენზურამ მწერლის ყველა პიესა აკრძალა და მას ტოტალური იზოლაცია გამოუცხადა, სასოწარკვეთილმა ბულგაკოვმა რომანის პირველი რედაქციის ხელნაწერი ღუმელში ჩააგდო და ფერფლად აქცია. თუმცა, წლების შემდეგ, მან კვლავ დაიწყო მუშაობა და სწორედ მაშინ დაწერა თავისი წინასწარმეტყველური ფრაზა: „ხელნაწერები არ იწვის“.
ბულგაკოვი რომანს სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ტკივილებისგან დაბრმავებული ასწორებდა. უკანასკნელი შესწორება მან 1940 წლის თებერვალში, გარდაცვალებამდე ოთხი კვირით ადრე შეიტანა - ეს იყო ეპიზოდი, სადაც მარგარიტა ბერლიოზის დაკრძალვას უყურებს და ამბობს" „მაშასადამე, ამ კუბოს ლიტერატორები მიჰყვებოდნენ?“ ეს სიტყვები თავად ავტორის წინათგრძნობა აღმოჩნდა. რომანი მისმა ერთგულმა მეუღლემ, ელენამ (რომელიც მარგარიტას პროტოტიპი იყო), გადაარჩინა, თუმცა წიგნმა დღის სინათლე მხოლოდ 26 წლის შემდეგ, 1966 წელს იხილა.

მკვლევართა ნაწილი მიირჩევს, რომ ვოლანდის, იგივე სატანის სახის მიღმა ბულგაკოვმა იოსებ სტალინი დამალა. ტოტალიტარულ მოსკოვში სტალინი ზუსტად ის ძალა იყო, რომელიც ერთი ხელის მოსმით წყვეტდა ადამიანების ბედს, სჯიდა ლიტერატურულ ელიტას (მასოლიტს), გზავნიდა მათ გადასახლებაში ან საგიჟეთში და, ამავდროულად, მისტიკურად მფარველობდა თავად ბულგაკოვს, ისევე როგორც ვოლანდი მფარველობდა ოსტატს.

ბულგაკოვმა იცოდა, რომ ეშმაკისა და იეშუას (იესოს) შესახებ ასეთი თამამი სახარებისეული ალეგორიის შექმნა საბჭოთა ათეისტურ რეჟიმში სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო. შესაძლოა, სწორედ ამ შიშმა და შემოქმედებითმა ექსტაზმა შვა ის უცნაური ენერგეტიკა, რომელიც წიგნს დღემდე დაჰყვება.

თუ წიგნის წერის ისტორია დრამატულია, ნამდვილი მისტიკური საშინელება მაშინ იწყება, როდესაც რეჟისორებმა ამ რომანის ეკრანზე გაცოცხლება სცადეს. ყველაზე თვალსაჩინო და შემაძრწუნებელი მაგალითი რეჟისორ ვლადიმირ ბორტკოს 2005 წლის საკულტო სერიალია.

გადაღებების დაწყებისთანავე, მოედანზე უცნაური მოვლენები ხდებოდა: აპარატურა უმიზეზოდ ფუჭდებოდა, მსახიობებს მისტიკური ხმები ესმოდათ, ხოლო ალექსანდრ გალიბინმა (ოსტატის როლის შემსრულებელმა) მძიმე ავტოკატასტროფა განიცადა. თუმცა, ნამდვილი ქრონიკა სერიალის გამოსვლიდან მომდევნო 9 წლის განმავლობაში დაიწერა - ამ დროში პროექტში მონაწილე 18 მსახიობი გარდაიცვალა.
აი, რამდენიმე მათგანი, ვინც „ვოლანდის წყევლამ“ პირველად შეიწირა:
ალექსანდრ ჩაბანი (47 წლის): მსახიობი, რომელიც სერიალში ვოლანდის საქმის გამომძიებელს თამაშობდა, პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - სიკვდილის მიზეზი დღემდე უცნობია.

კირილ ლავროვი (პონტიუს პილატე): ეკრანზე პროკურატორის გენიალური სახის შექმნიდან მალევე, 2007 წელს, ლეიკემიით გარდაიცვალა.

ევგენი მერკურიევი: ბუღალტრის როლის შემსრულებელი, ზუსტად იმავე დღეს, როდესაც კირილ ლავროვი გარდაიცვალა, ზამთარში, თევზაობისას ყინულქვეშ ჩავარდა და დაიხრჩო.

ალექსანდრ აბდულოვი (54 წლის): ვოლანდის ამალის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული წევრის, კოროვიევის როლის შემსრულებელი, ფილმის გამოსვლიდან მალევე ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

ვლადისლავ გალკინი (38 წლის): ივან ბეზდომნის (უსახლკაროს) როლის შემსრულებელი, რომლის პერსონაჟიც საგიჟეთში ხვდება, 2010 წელს საკუთარ ბინაში გულის გაჩერებით, სრულად გამოფიტული იპოვეს.

ვალერი ზოლოტუხინი (ბოსოი): 2013 წელს თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. მისი ტრაგედია კიდევ უფრო ადრე დაიწყო, როდესაც მისმა ვაჟმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დამთხვევაა ეს თუ მისტიკური კანონზომიერება? ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როდესაც მსახიობები ასეთი მძიმე, დემონური და მისტიკური ენერგეტიკის მქონე პერსონაჟების როლში შედიან, მათი ფსიქიკა და იმუნური სისტემა უდიდეს დარტყმას იღებს, რაც ხშირად ფატალურ შედეგებს აჩქარებს.
მიუხედავად ყველაფრისა, ვოლანდის მეჯლისი, ოსტატის ტრაგედია და მარგარიტას თავგანწირვა კვლავ რჩება ლიტერატურის უკვდავ შედევრად. ბულგაკოვის რომანმა დაამტკიცა, რომ ხელნაწერები მართლაც არ იწვის, თუმცა მათ მიღმა დამალული ფასი ზოგჯერ ძალიან მაღალია.
გააზიარე სტატია