სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ინტერნეტისა და სოციალური ქსელებისა ეპოქაში, ესთეტიკური პროცედურების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომია. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი, ექიმთან კონკრეტული პროცედურის მოთხოვნით მიდის - სურს ბიორევიტალიზაცია, ფილერი, ბოტოქსი ან სხვა პოპულარული პროცედურა, რომლის ჩატარებაც მეგობრის ან კოლეგის რჩევით, ან სულაც ინტერნეტში ნანახი შედეგების საფუძველზე გადაწყვიტა.
თუმცა ესთეტიკური მედიცინა, მხოლოდ ინექციურ პროცედურებს არ ნიშნავს და ის პირველ რიგში დიაგნოსტიკასა და კანის მდგომარეობის შესწავლას მოითხოვს.
ექიმი-კოსმეტოლოგი მარიამ (ოთოსი) მიხელიძე იმ შეცდომებზე საუბრობს, რომლებსაც პაციენტები გადაწყვეტილების მიღებისას უშვებენ.
"თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე მხოლოდ ასაკობრივი ცვლილებების კორექცია ან გარეგნული იერის გაუმჯობესება. მისი მთავარი ამოცანაა კანის ბიოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნება, დაბერების პროცესის შენელება და პაციენტის ინდივიდუალური ანატომიური მახასიათებლების ჰარმონიული შენარჩუნება.

ხშირად პაციენტები ესთეტიკურ მედიცინას მხოლოდ ინექციურ პროცედურებთან აიგივებენ, თუმცა რეალურად წარმატებული შედეგის საფუძველი სწორ დიაგნოსტიკასა და კანის მდგომარეობის შეფასებაზე გადის.
კანის ხარისხი განისაზღვრება არა მხოლოდ მისი ვიზუალური იერით, არამედ ჰიდრატაციის დონით, კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების მდგომარეობით, მიკროცირკულაციითა და ბარიერული ფუნქციის ეფექტურობით.
დაბერება ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი მართვა. სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ კანის ნაადრევი დაბერების დაახლოებით 80%-ზე პასუხისმგებელია გარემო ფაქტორები, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივება. სწორედ ამიტომ, ყოველდღიური ფოტოპროტექცია წარმოადგენს დაბერების პრევენციის ყველაზე ეფექტურ და მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდს.

ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვხედავ, რომ პაციენტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ კონკრეტულ პროცედურაზე, მაშინ როდესაც პირველ რიგში საჭიროა კანის ბაზისური ჯანმრთელობის აღდგენა.
არასაკმარისი დატენიანება, დაზიანებული ბარიერული ფუნქცია, ქრონიკული ანთებითი პროცესები და ფოტოდაზიანება ხშირად წარმოადგენს იმ მიზეზებს, რომლებიც კანის ნაადრევ დაბერებას და ესთეტიკურ პრობლემებს განაპირობებს,"-ამბობს მარიამ ოთოსი.
ექიმი zmna.ge-ს მკითხველს რამდენიმე კონკრეტული რჩევას უზიარებს.
"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის მიზანი არ არის სახის ბუნებრივი მახასიათებლების შეცვლა. პირიქით, საერთაშორისო ტენდენციები სულ უფრო მეტად ორიენტირებულია „Healthy Aging“-ის კონცეფციაზე, რაც გულისხმობს ასაკობრივი ცვლილებების ბუნებრივ, დაბალანსებულ და ინდივიდუალურად მორგებულ მართვას.

პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ, ესთეტიკური პროცედურის არჩევამდე ყურადღება გაამახვილონ ოთხ ძირითად ფაქტორზე:
• ყოველდღიური მზისგან დაცვა (SPF 30-50);
• კანის ტიპის შესაბამისი მოვლის რუტინა;
• ჯანსაღი ცხოვრების წესი და სრულფასოვანი ძილი;
• კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაცია.
ესთეტიკური მედიცინის მომავალი ბუნებრიობას, პრევენციასა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომას ეკუთვნის. საუკეთესო შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც სილამაზე ეფუძნება ჯანმრთელ კანს, სწორ დიაგნოზსა და ინდივიდუალურად შერჩეულ მკურნალობის გეგმას,"- ამბობს ექიმი-კოსმეტოლოგი.
06/07/2026