Logo

საზოგადოება

"ოთხ კაცს რატომ ხვრეტთ, მე დამხვრიტეთ. მე არაფერში გამოგადგებით" - მამა თეოდორე ჩიხლაძე "თვითმფრინავის ბიჭებიდან"

"ოთხ კაცს რატომ ხვრეტთ, მე დამხვრიტეთ. მე არაფერში გამოგადგებით" - მამა თეოდორე ჩიხლაძე "თვითმფრინავის ბიჭებიდან"

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

1983 წლის 18 ნოემბერს, საბჭოთა კავშირიდან თავის დასაღწევად, ახალგაზრდების ჯგუფმა, მგზავრებით სავსე თვითმფრინავის გატაცება სცადა.

მოგვიანებით ამ ახალგაზრდების ვინაობა გახდა ცნობილი: გეგა კობახიძე, თინა ფეტვიაშვილი, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე.

ფაქტი, რომელმაც მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა, გეგას და თინას ქორწილის მეორე დღეს მოხდა.

მთლიანობაში თვითმფრინავში 57 მგზავრი იმყოფებოდა. ის თბილისიდან ბათუმში მიფრინავდა. გამტაცებლებს თვითმფრინავის თურქეთში გატაცება ჰქონდათ გეგმაში. თუმცა გატაცება წარუმატებელი აღმოჩნდა. მასზე იერიში მიიტანეს. სპეცრაზმის მიერ თვითმფრინავის შტურმის შედეგად ტუ-134 გარედან დაცხრილეს. შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, აქედან ოთხი - ეკიპაჟის წევრი და მგზავრი, სამი კი გამტაცებელი: გია ტაბიძე, რომელიც ვლადიმერ გასოიანის ტყვიამ იმსხვერპლა, დათო მიქაბერიძემ თავი მოიკლა, სოსო წერეთელი კი სისხლისგან დაიცალა.

გატაცების მცდელობიდან არასრული ერთი წლის თავზე, 1984 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ განსასჯელებს კახა ივერიელს, პაატა ივერიელსა და გეგა (გერმანე) კობახიძეს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, ხოლო თინათინ ფეტვიაშვილს 14 წლით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ ასევე გაასამართლა და დახვრეტა მიუსაჯა პირს, რომელიც 18 ნოემბერს საერთოდ არ იმყოფებოდა თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადის რეისზე. თეიმურაზ ჩიხლაძეს (მამა თეოდორეს) ბრალი დასდეს ბანდის ხელმძღვანელობასა და დანაშაულის ორგანიზება-დაგეგმვაში, რაზეც „საბოლოო სიტყვაში“ განაცხადა:

მამა თეოდორე ჩიხლაძე

„ბატონო მოსამართლევ და სასამართლო შემადგენლობავ, მე თქვენ მიწოდეთ ბანდის ხელმძღვანელი. მე მინდა მოგახსენოთ, რომ არავითარი ბანდა მე არ შემიქმნია, ვარ ღვთისმსახური და როგორც ჩვენი სახარება გვასწავლის, მე მინდოდა რწმენა, კაცთმოყვარეობა, სიმართლე და ჭეშმარიტება შთამენერგა ხალხისთვის.

ყველა წყობა ცდილობს თავის სიძლიერეზე, თავისი რიგების გაზრდაზე. მეც, სახარების თანახმად, ვცდილობდი მორწმუნეები შემომეკავშირებინა და მათში რელიგიური მსოფლმხედველობა გამეძლიერებინა, რომელიც მე მგონი აკრძალული არ არის. მე, ბატონო მოსამართლევ, არაფერს არ ვთხოულობ, თავს დამნაშავედ არაფერში არ ვცნობ, საერთოდ არ ვიცი, აქ რას ვაკეთებ. ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, მე აქ საერთოდ არ უნდა ვიჯდე.

თუ სიცოცხლეს შემინარჩუნებთ, წავალ რომელიმე მონასტერში და იქ გავატარებ ჩემს გატანჯულ ცხოვრებას, რომელიც მაინც არ მინდა. თქვენ თუ მომკლავთ და ამით თუ სხვებს ეშველება რამე, მე უფრო სიამოვნებით წავალ ამ ქვეყნიდან და რახან სამაგალითო დასჯა გაქვთ დავალებული, ოთხი კაცის დახვრეტას, რომლებიც ისევ თქვენ გამოგადგებათ თავისი პროფესიონალიზმით, ისევ მე დამხვრიტეთ. ეს კია, რომ ეს ჩვენი საქმე დიდად გახმაურდება და ასე ადვილად ჩემი მოკვლა კარგს არაფერს არ მოგცემთ“.

მამა თეოდორე ჩიხლაძე

***

სასულიერო პირის სიტყვის მეორე ვერსია ასეთია.

“უფალო, მომეცი ძალა, ვილაპარაკო სიმართლე… სიტყვითა შენითა და არა სიტყვითა ჩემითა და თუ ღირსი ვარ, დამიცავი… უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ მე, როგორც მსჯავრდადებული, აქ არ უნდა ვიყო, არც ერთ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანს არ სჯიან, მით უფრო - არ ხვრეტენ. თქვენ იცით, რომ მე ღვთისმსახური ვარ და სწორედ ამის გამო მასამართლებთ… ვიცი, რომ აქ დამსწრე საზოგადოების 80%-ს ვეზიზღები, როგორც მღვდელი, და ჩემს ჩვენებას სიგიჟედ მიიჩნევს… მე არაფერს ვთხოულობ, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ… სასამართლო ბრალად ბანდის ხელმძღვანელობას მდებს… დიახ, მე ვიყავი ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც თეოლოგიას ვასწავლიდი, მაგრამ ბანდის ორგანიზატორი არასოდეს ვყოფილვარ… აქ მყოფ ბრალდადებულებთან მქონდა მხოლოდ სარწმუნოებრივი კავშირი, ისეთი, როგორიც ერთ მორწმუნეს მეორის მიმართ აქვს. მე კარგად ვიცნობ ამ ახალგაზრდებს, თითოეული მათგანი ნიჭიერი და ღრმად განათლებულია. თავადაც დამიდასტურებენ, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებისა და პატიოსნებისკენ მოვუწოდებდი მათ…

მამა თეოდორე ჩიხლაძე

ხალხო! გულებში ჩაიხედეთ, თქვენსავე გულებში მაინც თქვით, რომ ისეთი არაფერი ჩამიდენია, დახვრეტის მუხლი დავიმსახურო. მე სახარებით ვცდილობდი მორწმუნეთა და ურწმუნოთა შემოერთებას… თავს დამნაშავედ არაფერში ვცნობ… თუ თქვენ სიცოცხლეს შემინარჩუნებთ, სახლში მაქვს ერთი ძველი ქართული რუკა, სადაც აღნიშნულია საქართველოს ყველა ტაძარი და მონასტერი… სადაც ხელს დამიდებთ, მთლად გადაკარგულ მთებშიც რომ იყოს, წავალ და იქ განვლევ ჩემს გატანჯულ ცხოვრებას… და თუ მაინც მომკლავთ და ამ ხალხს ჩემი სიკვდილით რამე ეშველება, მზად ვარ, სიამოვნებით მივიღო თქვენი განაჩენი… ოთხ კაცს რატომ ხვრეტთ, მე დამხვრიტეთ, მე არაფერში გამოგადგებით, ამათ კი სიცოცხლე შეუნარჩუნეთ. ამათ მაინც გამოიყენებთ… ეს კია, რომ ჩვენი საქმე დიდად გახმაურდა და ასე ადვილად ჩემი მოკვლა კარგს არაფერს მოგიტანთ…“

მამა თეოდორე ჩიხლაძე

ეს სიტყვა მამა თეოდორეს დედამ ჩაიწერა და ამ სიტყვის მხოლოდ ნაწილის ჩაწერა მოასწრო – ამის გამო დარბაზიდან გამოაძევეს.

1984 წლის 23 აგვისტოს, როცა საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა და განსასჯელებს მიმართა, ესარგებლათ ბოლო სიტყვის უფლებით, მღვდელმა თეოდორემ იხუმრა, „როგორ, ახლავე ხომ არ მხვრეტთ, რა დროს საბოლოო სიტყვააო?!“

ცხადია, მაშინვე, იმ დღესვე არ დაუხვრეტიათ, მაგრამ არც დიდი ხნით გადაუდიათ გამოტანილი განაჩენის - დახვრეტის აღსრულება. 1984 წლის 3 ოქტომბერს, 17:05 სთ-ზე ისე, რომ გასაჩივრების ყველა პროცედურა დასრულებული არ იყო, განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.

***

საბჭოთა მართლმსაჯულებამ სულ რაღაც 40 დღეში აღასრულა განაჩენი, ასევე უგულებელყო კანონის სხვა მოთხოვნაც - განაჩენის აღსრულების ცნობა არ გამოაქვეყნა პრესაში. შესაბამისად, დახვრეტილთა ოჯახის წევრები მრავალი წლის განმავლობაში უსაფუძვლოდ იმედოვნებდნენ, რომ მათი შვილები ცოცხლები იყვნენ.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1985-1989 წწ.) ჯუმბერ პატიაშვილი მოგონებების წიგნში „ოცდასამი წლის შემდეგ“ ამბობს:

„განაჩენი იყო არა მხოლოდ მკაცრი და არაჰუმანური, არამედ აბსურდამდე უსამართლოც, რადგან დახვრეტა მიესაჯა მღვდელმსახურს, რომელიც ყველამ იცოდა, რომ თვითმფრინავის გატაცების მომენტში თვითმფრინავში არ იმყოფებოდა“.

მამა თეოდორე ჩიხლაძე

***

მღვდელმონაზონი თეოდორე ჩიხლაძე უზიარებლად დახვრიტეს. არც ბოლო თხოვნა შეუსრულეს - შვილი უკანასკნელად მაჩვენეთო... განაჩენი 1984 წლის 3 ოქტომბერს აღასრულეს.

"თვითმფრინავის ბიჭებიდან" გამთენიისას დასახვრეტად ჯერ კახა ივერიელი გაიყვანეს, ნახევარ საათში - პაატა ივერიელი, მერე - გეგა კობახიძე და ბოლოს - ამ "ბანდის მეთაურად" მონათლული - ბერი თეოდორე...

სანამ მოასწრო, ლოცვითა და პირჯვრის წერით მიდიოდა, მაგრამ როდესაც განაჩენის აღსრულების ადგილას, სასაკლაოზე, ერთმანეთზე მიყრილ-მიხვრეტილი მეგობრები დაინახა, ამოიყვირა და მათთვის წესის აგება სცადა, თუმცა პირჯვრის გადასაწერად მხოლოდ ხელის აწევაღა მოასწრო...

***

თემურ ჩიხლაძე მეექვსე კლასში იყო, რომ თქვა, - სჯობს, სკოლიდან გამომიყვანოთ და შინ თავად ვიმეცადინებო... მერე მუსიკალური სკოლაც მიატოვა და თავად იწყო მუსიკის შექმნა...

უცნაური და გულჩათხრობილი იყო, ძალიან დახვეწილი იუმორი ჰქონდა...

16 წლისა მიხეილ კალატოზიშვილმა თავის ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლში გადაიღო, მოგვიანებით სხვა რეჟისორებმაც მიიწვიეს, ერთ-ერთი გადაღებიდან კი დაჰკრა ფეხი და ჯიხეთის მონასტერს მიაშურა. მალე ბერად აღიკვეცა...

თემური იმ იშვიათთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომელთან სულ მცირე ხნის ურთიერთობის შემდეგაც ადამიანებს შინაგანი ცვლილების სურვილი უჩნდებათ.

გულიკო ერისთავი, მამა თეოდორე ჩიხლაძის ყოფილი მეუღლე: - ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით... მაშინ კინოსტუდიაში მხატვრის ასისტენტად ვმუშაობდი... ხშირად საუბრობდნენ ხოლმე ერთ ძალიან უცნაურ, სიმპათიურ, მწვანეთვალება, წვეროსან და ჯინსიან ახალგაზრდა კაცზე, - გიჟია, ამბობს, საბჭოთა კავშირი დაიშლებაო...

ერთ დღეს, კინოსტუდიის ეზოში მარტო იჯდა, მივედი... დღემდე არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი... საუბარი რომ დაიწყო, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მთელი სიცოცხლე ვიცნობდი.

სულ მალე დავქორწინდით.

განსაკუთრებულად უყვარდა უბრალო ადამიანები, გლეხებს ეფერებოდა, თანაუგრძნობდა... ყველა სულიერს უფრთხილდებოდა... მას ყოველი ჩვენგანის გადარჩენა უნდოდა... მშობლები, სამწუხაროდ, ვერ უგებდნენ და ვერც მოსთხოვდი... მისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი ჩვენი პატრიარქი ილია მეორე იყო, უზომოდ უყვარდა და ეთაყვანებოდა.

ბევრი დღემდე შეცდომით მღვდლად მოიხსენიებს, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ ერთმანეთს არ დავშორდებოდით. თეოდორე მღვდელმონაზონი გახლდათ.

სამწუხაროდ, ჩვენი ქალიშვილი ეკა სამუდამოდ წავიდა საქართველოდან, მე კი აქაურობას ვერ ვტოვებ, - მისი ანაფორაც აქ არის, მისი ფოტოებიც, რომლებიც ეკამ თავად შეამკო და თავისი ხელით გააკრა კედლებზე... მისი სულიც თითქოს აქ ტრიალებს. როცა მიჭირდა, ხშირად მიგრძნია თემურის სიახლოვე და რაც დრო გადის, უფრო მეტად ვხვდები, რამხელა ადამიანი იყო ჩვენს გვერდით... საფლავიც არ არსებობს...

ავტორი: ლილიანა ფალიანი

01/28/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024