Logo

პანიკურ შეტევასთან ერთად ცხოვრება - რუსკა ქარქაშაძე თავისი ისტორიით

პანიკურ შეტევასთან ერთად ცხოვრება - რუსკა ქარქაშაძე თავისი ისტორიით

09/14/2026

ტექსტის ზომა

რუსკა ქარქაშაძე, რომელიც მაყურებელს "ხელოვნური სუნთქვიდან" პატარა მელანოს როლით ახსოვს, დღეს, 23 წლის ასაკში, უკვე ორი შვილის დედაა. თინათინი ორი თვის წინ გაუჩნდა, ზუკა ორი წლინახევრისაა. "მეხუთე ელემენტში" სტუმრობისას მსახიობმა შვილებსა და პოპულარობასთან თანმდევ ამბებზე ისაუბრა.

რუსკა ქარქაშაძე: სულ მინდოდა შვილები მყოლოდა. ორივეს მიმართ განსხვავებული ვარ. თინის უფრო ნაზად ვექცევი, ვიდრე ზუკას ვექცეოდი. ამაში თავს ვიჭერ.

მშობიარობის წინ არ ვღელავდი. ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ჩემი გასაკეთებელი იყო. ამიტომ განწყობა დამეხმარა და გამიადვილა. თუ პანიკაში არ ჩავარდები, ყველაფერი კარგად გამოვა.

მეუღლე ორივე მშობიარობას დაესწრო. ეს ლაშას სურვილი იყო, პირველივე წამებში ერთად დავინახოთ ჩვენი შვილიო.

პირველი სიხარული და პირველი ემოციები ერთად გავიზიარეთ.

მადლობა ღმერთს, ლაშა გადასარევი მამაა. ზუკა ახლა მას ჰყავს ძირითადად. მთლიანადაა მის აღზრდაშია ჩართული.

რუსკა ქარქაშაძე

ზუკას გაჩენის შემდეგ ცუდად ვიყავი, სახლში ყოფნა მინდოდა, არსად გასვლა არ მსურდა. სანამ ფორმაში არ დავბრუნდებოდი, არაფრის ხალისი არ მქონდა. იყო პატარა ტრავმები. რვა თვე დამჭირდა, რომ გარეთ გამოვსულიყავი. ახლაც არ ვარ ფორმაში, ორი თვის წინ ვიმშობიარე, მაგრამ უკვე ვიცი, რომ დრო სჭირდება ყველაფერს და მოთმინება უფრო მეტი მაქვს, ვიდრე ზუკას შემთხვევაში მქონდა. ვცდილობ თავი ნაკლებად დავისტრესო. ჩემს თავს ვაძლევ დროს.

- პოპულარობა როგორი აღმოჩნდა შენთვის?

- 13 წლის ვიყავი, გადასაღებ მოედანზე დიდ დროს რომ ვატარებდი. გადაბმულად იქ ყოფნა მიწევდა. მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობრები სადმე რომ მიდიოდნენ, აღარ მეუბნებოდნენ და რომ ვიკითხე, რა შეიცვალა, რატომ აღარ ვართ ერთად-მეთქი, მეუბნებოდნენ, გვეგონა არ მოგინდებოდა წამოსვლაო. ამის გამო რამდენჯერ მიტირია, რატომ? ჩემთვის ხომ არაფერი შეცვლილა-მეთქი? ისევ მინდოდა თამაში და დროის გატარება. მეწყინა და მახსოვს, ვესაუბრე მათ, ისევ ისე გავაგრძელოთ-მეთქი. ეს დიდი სტრესი იყო და ძალიან განვიცადე.

რუსკა ქარქაშაძე

- ფიქრობდნენ თავში აუვარდაო?

- შეიძლება ასეც ფიქრობდნენ, ან არ ექნება დრო, მაინც ვერ წამოვაო. მე ყველაფერს ვაკეთებდი დრო რომ გამეტარებინა.

- როგორ გაუმკლავდი წარმატებას?

- პატარა ვიყავი და ჩემს მიმართ დადებითი განწყობა ჰქონდათ. სულ მეფერებოდნენ. ნეგატიური კომენტარი არ დაწერილა. მერე, როცა უკვე სხვადასხვა სფეროში მოვსინჯე თავი - ტელე წამყვანი გავხდი, თეატრში ვითამაშე, წამოვიდა კომენტარები - ეს ყველგან რატომ არის? სხვა რამეებს რატომ აკეთებსო? მაშინ მწყინდა. ახლა ვცდილობ, მსგავსი რამ გულთან არ მივიტანო.

რუსკა ქარქაშაძე

- პატარა ასაკში პანიკური შეტევებიც კი გქონია...

- "ხელოვნური სუნთქვის" გადაღებებზე, ყველა ღამე რომ გავათენე, დიდმა სტრესმა პანიკური შეტევა გამოიწვია. გადაღების დროს, რეჟისორმა რომ დაიძახა - წავიდაო, უნდა ვითამაშო, მაგრამ თვალებში ფოკუსს ვერ ვასწორებდი, ყველაფერი ტრიალებდა. პანიკური შეტევა რა იყო, არ ვიცოდი. მეგონა, ცუდად ვიყავი, რაღაც მჭირდა. გავთეთრდი. დამსვეს, დავისვენეთ.

გადაღება რომ უნდა დავიწყოთ, მე ისევ თავბრუსხვევა მაქვს, ვერაფერს ვაკეთებ. სასწრაფო გამოიძახეს. ყველაფერი ნორმაში მქონდა. მეორე დღეს ანალიზები გავიკეთე, იქაც ნორმაში იყო.

რუსკა ქარქაშაძე

ადრე დედას ჰქონდა გამოვლილი მსგავსი რამ და ფსიქოლოგთან წამიყვანა. მან რამდენიმე სეანსში მასწავლა მართვა. მივედი გადაღებაზე, უნდა შევიდე, მაგრამ ვხვდები, რომ ვერ შევდივარ. ვიცი, შევალ და ცუდად გავხდები. დედას დავურეკე, წამიყვანე-მეთქი. მაგრამ დედამ მითრა, ახლა რომ წამოგიყვანო, მაგ საქმეს მერე ვეღარასდროს გააკეთებო და გამითიშა ტელეფონი. დღემდე მადლობას ვუხდი, შეტევასთან მარტო რომ დამტოვა. დამეწყო პანიკური შეტევა, მაგრამ ვიცოდი, როგორ უნდა მემართა. ნელ-ნელა გადავაგორე. რაღაც მომენტში რომ ჩნდება, ვუსწორდები. მოკლედ, ტრიგერი აღმოჩნდა ღამეების თეთრად თენება.

- ბავშებთანაც ხომ გიწევს ღამეების თენება?

- ახლა დილით მაინც მაქვს ძილის დრო. მაქვს მეთოდები, რომელიც გადალახვაში მეხმარება. პანიკური შეტევა არსად მიდის, მთავარი მასთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026