საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
„ისედაც კი გასაგები იყო, ვინც ორი გრამი მედიცინა იცის, მაგრამ ხალხის დამპანიკებელ "ტვინიკოსებს" კიდევ ერთი მეტაანალიზი მივაწოდოთ რომელიც ადასტურებს, რომ პარაცეტამოლის გამოყენება ორსულობისას არანაირ კავშირში არ არის არც აუტიზმთან და არც ნეიროგანვითარების დარღვევებთან.
არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებს კი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. ორსულობისას, საჭიროების დროს პარაცეტამოლს ალტერნატივა არ აქვს. მეტიც, უმკურნალებელი მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ტკივილები ვნებს როგორც ნაყოფს, ისე ორსულს, და ეს არის კავშირში აუტიზმთან და არა პარაცეტამოლი,“- წერს სოციალურ ქსელში ექიმი არჩილ მარშანია.
ექიმი არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, საინტერესო და სარწმუნო სამეცნიერო ჟურნალის სტატიის ლინკს უზიარებს და იქვე აუტიზმის სტატისტიკის ზრდის სავარაუდო მიზეზებსაც განმარტავს.
„აუტიზმის რაოდენობის ზრდა, მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით ზრდას არ ნიშნავს. სტატისტიკა იზრდება იმიტომ რომ:
1) დიაგნოსტიკური კრიტერიუმები გაფართოვდა (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადრე ვისაც "თავისებური ბავშვია"-ს ვეძახდით, ახლა სტატისტიკაში ხვდება)
2) რეანიმაცია გაუმჯობესდა, დღენაკლი ბავშვების უფრო დიდი წილის გადარჩენა შეგვიძლია, ხოლო დღენაკლობა აუტიზმის რისკთან არის დაკავშირებული
3) უფრო გაიზარდა მშობლობის ასაკი, მაღალ ასაკში გაჩენილ ბავშვებს კი შესაძლოა აუტიზმის მაღალი რისკი ჰქონდეთ
4) გაზრდილი ცნობიერება, სკრინინგი და ხელმისაწვდომობა, ახლა გაცილებით მეტ ადამიანს მიუწვდება ხელი სკრინინგზე და ექიმზე, ვიდრე ადრე
5) მშობლების ჯანმრთელობა და გენეტიკური წინასწარგანწყობა (როგორც ზოგადი მიზეზი)
6) რაც არ ვიცით (შესაძლოა სხვა მიზეზიც იყოს რამე, თუმცა ჯერ არ ვიცით. ხოლო რაც არ ვიცით, ის არ ნიშნავს რომ ყველანაირი ნონსენსით შევავსოთ).
ეს ამბავია,“- წერს არჩილ მარშანია.
01/26/2026