Logo

საზოგადოება

პარფიუმერიის მაგნატის - პრინცი მაჩაბლის ისტორია, საკოლექციო სუნამოებით, ორი ქალითა და დიდებით

პარფიუმერიის მაგნატის - პრინცი მაჩაბლის ისტორია, საკოლექციო სუნამოებით, ორი ქალითა და დიდებით

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ეს პარფიუმერიის მაგნატის - პრინცი მაჩაბელის ისტორიაა. სუნამოების ქართველი შემქმნელის სახელი, მეოცე საუკუნის 30-იანი წლების ამერიკაში გამოშვებულ ფლაკონებზე სამუდამოდ დარჩა. მისი საფლავიც ამერიკაშია, სამშობლოდან შორს...

***

თითოეული წარმატებული ქართველი საზღვარგარეთ, სხვა ქართველებითვის, დღესაც იმედის შუქურასავითაა და განსაკუთრებით საიმედო და სანუგეშო იყო პირველი ემიგრაციის დროს, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ დაკარგა დამოუკიდებლობა და ქართველ არისტოკრატიას, საქართველოს მთავრობის მსგავსად ქვეყნის დატოვება და მთელს მსოფლიოში მიმოფანტვა მოუწია. ისინი ცდილობდნენ საქართველო ისევ დაეხსნათ ბოლშევიკებისგან, წარმატებული ქართველები ცდილობდნენ, ბიზნესიდან მიღებული მოგება ამ საქმისთვის მოეხმარათ. სწორედ ამიტომაც არის პრინცი მაჩაბელის სუნამოს თითოეული ფლაკონი ასეთი ძვირფასი საქართველოსთვის. ყველა გაყიდული ფლაკონიდან იდებოდა თანხა საქართველოს გათავისუფლებისთვის და ქართული ემიგრაციის გაძლიერებისთვის.

პარფიუმერები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ მაჩაბელი სუნამოების შესაზავებლად არაფერს ისეთს არ იყენებდა, რაც სხვა პარფიუმერებისთვის უცხო იყო, მაგრამ მისი წარმატების საიდუმლო, სწორედ კარგად შეფუთული მარკეტინგი გახლდათ.

სუნამოების ბოთლის ფორმა, განცდა რომ თითოეული სუნამო კლიენტზე ინდივიდუალურად იყო მორგებული, ის ფაქტი, რომ სუნამოებს თავად პრინცი ქმნიდა და სხვა არისტოკრატები მის ჩამოსხმასა და შეფუთვაზე მუშაბდნენ, სარეკლამო ვიდეო რგოლები, რეკლამა რადიოში, ჟურნალებში, მაღაზიები მეხუთე ავენიუზე - ეს ყველაფერი მაჩაბლის სუნამოებს ძვირფასს ხდიდა.

პრინცი მაჩაბელი

საკოლექციო სუნამოები

სუნამოს ბოთლების მოდელები გიორგი მაჩებელმა თანამემამულეს, ჯორჯ კობის დაამზადებინა და 1927 წელს დააპატენტა. 1931 წლამდე ბოთლები საფრანგეთში მზადდებოდა, ნახევრად ავტომატური წესით, ანუ ბოთლების ოქროსფრად დაფერვა კი ხელით ხდებოდა.

კოლექციებში შემორჩენილი ძველი ფლაკონები მოხუცი ქალებივით არიან, ისევ კეკლუცობენ, მაგრამ სამწუხაროდ სურნელის გარჩევა უკვე შეუძლებელია.

პრინცი მაჩაბელიპრინცი მაჩაბელი

მაჩაბლის სუნამოს ბოთლები ადვილი საცნობია, საგვარეულო გერბით და ჯვრის ფორმის თავსახურით. თუმცა მათგან მხოლოდ რამოდენიმეა, რომლებზეც კოლექციონერები განსაკუთრებულად ნადირობენ, მათგან ყველაზე იშვიათი პირამიდის ფორმის მოყავისფრო-მოყვითალო ბოთლებში ჩამოსხმული სუნამოებია. სწორედ ამ ბოთლებში უნდა ჩასხმულიყო 1924 წელს შექმნილი პირველი სუნამო Violets de la Reine de Matchabelli.

მაჩაბელიპრინცი მაჩაბელიპრინცი მაჩაბელი

1931 წლამდე დამზადებული ბოთლები გამჭვირვალე იყო, 1930 წლიდან უკვე დაიწყო ფერადი ბოთლების დამზადება გერმანიაში. ამ ბოთლების დამზადება მეორე მსოფლიო ომის წინ შეწყდა. კოლექციონერებში ყველაზე ძვირად ფასობს სუნამოები, რომელიც 1935 წლამდე ანუ უშუალოდ პრინცის სიცოცხლეში დამზადდა princess nina ( შექმნილია დედის აპატივცემულოდ) Princess Norina ( შექმნილია მეუღლის საპატივცემულოდ), Queen of Georgia (შექმნილია თამარ მეფის საპატივცემულო), Ave Maria…

პრინცი მაჩაბელი

Ave Maria ს განსაკუთრებული ისტორია აქვს. 1914 წელს გიორგი მაჩაბელმა ბერლინში დააფუძნა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი. 1921 წლამდე მაჩაბელი იტალიაში საქართველოს ელჩი იყო, შვედეთში მოგზაურობისას ის დაესწრო სპექტაკლს The Miracle, სადაც მადონას როლს თამაშობდა მსახიობი ნორინა ჯილი, სასცენო სახელით მარია კარმი. გიორგი მაშინვე მოიხიბლა ქალით და ცოტა ხანში ცოლად შეირთო. ეს სუნამოც, ერთი ნახვით სიყვარულის საპატაივცემლოდ შექმნა.

პრინცი მაჩაბელი

ასევე საკოლექციო სუნამოებს შორის არის - Georgian Carnation, Duchess of York , Katherine the Great, Queen of Babylon, Queen of Egypt, Queen of the Nile, Empress of India… ამ სუნამოების ფასი $200 დოლარიდან 700-800 დოლარამდე მერყეობს, გააჩნია ზომას და იმას, სავსეა თუ ცარიელი.

თუმცა კომპანიაში მხოლოდ სუნამოები არ მზადდებოდა, მზადდებოდა საპონი, საცხები, პუდრები, პომადები, მოკლედ, სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებები. ამათაგან ასევე ყველაზე ძვირად ფასობს Abano - აბაზანის გელი, რომლის მოგრძო ბოთლიც დედოფალს წააგავს და თავის დროზე არაჩვეულებრივი სურნელი ჰქონია.

კომპანია „პრინცი მაჩაბელი“ ამერიკაში, კონექტიკუტის შტატში ოფიცალურად 2007 წლამდე ფუნქციონირებდა და ამ წლების განმავლობაში მილიონობით პარფიუმერია გამოვიდა პრინცი მაჩაბლის სახელით გაყიდვაში. კომპანია 1935 წლიდან 2007 წლამდე სამჯერ გაიყიდა და საბოლოო ჯამში, საკმაოდ იაფფასიან სუნამოდ იქცა, რომელსაც ძველ დიდებულებასთან საერთო არაფერი ქონდა.

წითელი და შავი

545 Medison Avenue, 1924 წელს ამერიკაში ჩამოსვლიდან ერთი წლის თავზე მაჩაბელმა აქ ანტიკვარების მაღაზია გახსნა სტენდალის გავლენით Rouge et Noire უწოდა . მეუღლესთან ერთად ის აქ სპარსულ ხალიჩებს, ავეჯს, იტალიურ და ესპანურ ტექსტილს, ასევე ანტიკურ სამკაულებსაც ყიდდა. შიგადაშიგ, მაღაზიის სარდაფში სუნამოებს აზავებდა და თავის განსაკუთრებულ კლიენტებს სთავაზობდა, ნელ-ნელა პრინცის სუნამოები უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე ის იშვიათი ნივთები, რომლითაც პრინცი ვაჭრობდა. ამიტომ ანტიკვარზე ხელი აიღო, პარიზში გაემგზავრა, სუნამოების ბიზნესი შეისწავლა და უკან დაბრუნებულმა პირველი საწარამო გახსნა.

პრინცს კარგად ესმოდა, რომ თუ მისი სუნამოები მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების გვერდით არ დაიდებდა ბინას, მაშინ წარმატებაც არ ექნებოდა. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობდა მისი სახელი მეხუთე ავენიუზე ყოფილყო.

მისმა სალონებმა მდებარეობა რამდენიმეჯერ შეიცვალა, პირველი პარტნიორი Bergdorf Goodman გახლდათ, სავაჭრო ცენტრი, რომელიც დღესაც იგივე მისამართზე ფუნქციონირებს, აქ მაჩაბელს დაეთმო სოციალური ვიტრინა სუნამოების გამოსაფენად. ვიტრინა ისეთი ლამაზი იყო, რომ მაშინვე ყველას ყურადღება მიიქცია და პირველმა პუბლიკაციებმაც არ დააყოვნა. სხვათა შორის, უშუალოდ სავაჭრო ცენტრში კლიენტების ყურადღების მისაქცევად პრინცი თავის საფირმო ზარს იყენებდა, რომელსაც ასევე მისი საგვარეულო გერბი ჰქონდა ამოტვიფრული. წარმატება თავბრუდამხვევი იყო, 1929 წელს, პარიზში, პირდაპირ შანელის ბუტიკის პირდაპირ გახსნა პატარა სალონი, ასევე საწარმო, სადაც სუნამოები მზადდებოდა. 1930 წელს სააგენტო გაიხსნა ლონდონში. სუნამოები პოპულარულობის ზენიტში იმყოფებოდა.

პრინცი მაჩაბელი

მაჩაბელს, როგორც ამერიკაში მოღვაწე ბიზნესმენს, სურდა ამერიკის მოქალაქე გამხდარიყო, თუმცა მისი სტატუსი - პრინცი ამის საშუალებას არ იძლეოდა. ამიტომ გიორგიმ გადაწყვიტა სახელი შეეცვალა და დაირქვა - პრინცი. ამ გზით მან 1934 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.

პარალელურად მაღაზიები იხსნებოდა ნიუ-იორკში, 1935 წელს, მეხუთე ავენიუზე 711 ნომერში დაგეგმილი იყო, პრინც მაჩაბელის სადემონსტარციო დარბაზის, ე.წ. Show Room ის გახსნა, რომლისთვისაც „Crown Room“ უნდა ეწოდებინათ. სამწუხაროდ, გიორგი მაჩაბელი მოულოდნელად დაიღუპა, შოურუმი კი მოგვიანებით ნორინა მაჩაბელმა გახსნა.

მაჩაბელი

ბედის დაცინვაა, ყველაფერს მიაღწიო, კარიერის ზენიტში იყო, უცებ გაცივდე და მოკვდე.

ამბავი ბანალურია, კომპანიის გასაფართოებლად მივლინებაში გაემგზავრა, ფილტვების ანთება დაემართა… ან იქნებ არც დაემართა? ყველაფერში საბჭოთა უშიშროების ხელი ერია, თუმცა ამის დადასტურება ახლა ძნელია.

ნორინა მაჩაბელმა პრინცის ავადმყოფობა რომ შეიტყო, სასწრაფოდ დატოვა კალიფორნია და ნიუ-იორკში გამოემგზავრა. სიკვდილამდე მის სასთუმალთან იყო.

პრინცი მაჩაბელი

მის სასთუმალთან იყო სხვა ქალიც, როგორც ერთმა ამერიკელმა ბლოგერმა უწოდა, შავ-თმიანი ეგზოტიკური პრინცესა ქეთო მიქელაძე, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პრინცზე დაინიშნა. ქეთო მიქელაძე დირიჟორ ევგენი მიქელაძის და გახლდათ.

მშვენიერი ქეთო პარიზიდან ახალი ჩამოსული იყო და მოდელად მუშაობდა Bergdorf Goodman-ში, სადაც პრინცი მაჩაბლის სუნამოების პირველი წარმატება და მისი და გიორგის პირველი შეხვედრა შედგა. ასევე ის გახლდათ პრინც გურიელის მეუღლის - ელენა რუბენშტეინის ახლო მეგობარი.

ქეთო მიქელაძე

მოგვიანებით ქეთო ელიზაბეტ არდენის ქალის თეთრეულის ერთ-ერთი დიზაინერი გახდა. რაღაც პერიოდის შემდეგ კი საკუთარი მაღაზიაც გახსნა, რომელსაც „ketto“ უწოდა.

ავადმყოფი პრინცის სასთუმალთან ქეთოს ნახვამ ნორინას ქალური ეჭვიანობა გაუღვიძა, ამიტომ ის ბევრს საუბრობდა იმაზე, რომ მისი და პრინცის დაშორება, მხოლოდ ფორმალობა იყო და სინამდვილეში ისინი არასდროს დაშორებიან ერთმანეთს. რადგან ქეთო პრინცის ოფიციალური მეუღლე არ იყო, კომპანია სამართავად ნორინას გადაეცა.

მაჩაბელი

ავტორი: ლილიანა ფალიანი

04/22/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024