Logo

კულტურა

"პატრიარქთან ისე გულიანად ვმღეროდი, როგორც ჩემს სახლში, მარტო ყოფნისას" - ნანი ბრეგვაძე უწმინდესთან ურთიერთობაზე ყვება

"პატრიარქთან ისე გულიანად ვმღეროდი, როგორც ჩემს სახლში, მარტო ყოფნისას" - ნანი ბრეგვაძე უწმინდესთან ურთიერთობაზე ყვება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნანი ბრეგვაძე პატრიარქს, დღიდან უწმინდესის გარდაცვალებისა, ყოველდღე სანთელს უნთებს. ამბობს, რომ საწოლის გვერდით, მისგან ნაჩუქარი წმინდა გიორგის ხატი და თამარ მეფის ჯვარი უდევს. 89 წლის მომღერალს არ ტოვებს ნუგეშის განცდა, რომ უწმმინდესი, მთელ ქვეყანას, შემწეობას გაუწევს.

მომღერალმა, მიუხედავად არასათანადო განწყობისა, "ზმნასთან", ერის სულიერი წინამძღოლი, მაინც მოიგონა...

ნანი ბრეგვაძე: მე პატრიარქის წასვლას სხვანაირად ვუყურებ. მგონია, რომ აქ არის. ეს განცდა არ მტოვებს. მე მის აქ ყოფნას ნამდვილად ვგრძნობ. გარდაცვალების დღიდან მოყოლებული, სანთელს სულ ვუნთებ. იერუსალიმიდან, ორი წლის წინ, მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთლები წამოვიღე და პატრიარქის სახელზე, 40 დღე დავანთებ... შაბათობით ისედაც ვუნთებ სანთელს მიცვალებულებს. ახლა უკვე პირველ რიგში, მას დავუნთებ.

პატრიარქი

მჯერა, უწმინდესი იქიდან დაგვაყენებს სწორ გზაზე. მე ისეთი დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთვის ილოცებს, ზუსტად ვიცი, ასეც იქნება.

უნდოდა საქართველო გაერთიანებული ყოფილიყო. მისმა ამ ქვეყნიდან წასვლამ, მტერ-მოყვარე მართლაც გააერთიანა. მე პირველად დავინახე ხალხის ასეთი სიყვარული ერთმანეთის მიმართ და ცხადია, პატრიარქის მიმართ. სულიერ მამას ღირსეულად და მდუმარედ სცა პატივი. ეჭვი შეგეპარებოდათ მათ სიყვარულში? მე მგონია, რომ მსოფლიოში, არავინ გაუცილებიათ უკანასკნელ გზაზე ასეთი პატივით.

- როგორ გაიხსენებთ მასთან სტუმრობას?

- საპატრიარქოში ხშირად არ დავდიოდი. თუ თვითონ არ დამპატიჟებდა, ჩემი ინიციატივით არ ვაწუხებდი. არ მინდოდა, რომ გადაღლილიყო. ვიცი, რომ ძალიან იღლებოდა. მაგრამ როცა იქ ვიყავი, არ არსებობდა, რომ როიალზე არ დამეკრა და არ მემღერა. პატრიარქთან ისე გულიანად ვმღეროდი, როგორც ჩემს სახლში მარტო ყოფნისას. როცა სახლში არავინ მისმენს, რაღაც კონკრეტულს წარმოვიდგენ და ისე ვმღერი. უწმინდესისგან ისეთი მადლი და სიკეთე იფრქვეოდა, რომ ნამღერიც კარგი გამომდიოდა. თითქოს სხვანაირად ვმღეროდი. ისეთ სიყვარულს გამოხატავდა, ძალაუნებურად, შენც ასეთივე ხდებოდი. სხვათა შორის, ყველას ეგონა, რომ მხოლოდ ის უყვარდა ასე. ყველასთან ახერხებდა სითბოს განაწილებას. ამიტომაც იყო, რომ ყველამ თავისი პატრიარქი დაკარგა.

ნანი ბრეგვაძე

როგორი მდიდარი იყო მიმტევებლობის გრძნობით. გვპატიობდა, გვიტევებდა, გვლოცავდა და სწორ გზაზე გვაყენებდა. ხალხში სიყვარულს სთესდა. ეს დიდი ადამიანის ხვედრია. იმაზე უკეთესი რა უნდა იყოს, როდესაც გინდა, რომ ყველას ერთმანეთი უყვარდეს. გიყვარდეთ ერთმანეთი - ამაზე უკეთესი ლოცვა არც გამიგია. ასეთი სიმდიდრე იყო ჩვენთვის.

- მისი საჩუქრები განსაკუთრებით ძვირფასი იქნება თქვენთვის...

- აბა, რა... მისგან მაქვს პატარა ბრილიანტის ბეჭედი, არაჩვეულებრივი სამაჯური წარწერით - "უფალი, შენი ღმერთი, შენთან არის". მაჩუქა თამარ მეფის ჯვრის ანალოგი ოქროს ძეწკვით. წმინდა გიორგის ხატი, რომელსაც უკან აწერია - ილია მეორე. ეს ნივთები გვერდით მიდევს. მე ფანატიკოსი არ ვარ. ფანატიზმი არ მიყვარს. მაგრამ რწმენა ჩვენი მაცოცხლებელია, ჩვენი ორგანიზმია.

- უცნაურია ის, რომ ყველას ერთდროულად სევდის და იმედის განცდა აქვს. თქვენ როგორი განწყობით ხართ?

- ცოტა არეული. მძიმედ. ცხადია ახლა კარგად ვერ იქნები. ამას ვერ იტყვი. უწმინდესის წასვლამ, დიდი დაღი დაასვა ქვეყანას. გეგონებოდა, რომ სულ უნდა ყოფილიყო ჩვენთან. მაგრამ რახან ვფიქრობთ, რომ მაინც ჩვენთანაა, ესე იგი, ისედაც ასეა. ვისთანაც განსაკუთრებულად ახლოს იყო, ახლაც გვერდზე უდგას და გზაზე აყენებს, ალბათ. ასე გეგრძელდება ზეციდან.

უმისობა უნდა მოვითმინოთ... უწმინდესის ადგილზე, ვინც არ უნდა მოვიდეს, მისთვის ძალიან რთული იქნება. ამაზე ცოტას ვნერვიულობ. ვინც მოვა, ძლიერი მინდა იყოს. მართალია, იგივე ადგილს დაიკავებს, მაგრამ ილია მეორის გამეორება შეუძლებელი იქნება. იმედი მაქვს, ყველაფერი წყნარად და მშვიდად იქნება. ვილოცოთ, ყველაფერს უფალი დაალაგებს. მე ჩემი ქვეყნის სიმშვიდე მინდა. როცა შენს სამშობლოში სიწყნარეა, მაშინ შენც კარგად ხარ.

ავტორი: თამარ გონგაძე

03/25/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024