Logo

ჯანმრთელობა

"პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ კონდიციონერთან გაცივდნენ" - დამნაშავეა თუ არა კონდიციონერი სინამდვილეში?

"პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ კონდიციონერთან გაცივდნენ" - დამნაშავეა თუ არა კონდიციონერი სინამდვილეში?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ზაფხულის დადგომასთან ერთად, ჩვენს ცხოვრებაში ორი მთავარი სტიქია აქტიურდება - აუტანელი სიცხე და გაცხარებული ომი კონდიციონერის პულტისთვის.
ერთი მხრივ, ეს მოწყობილობა თანამედროვეობის უდიდესი საჩუქარია, რომელიც კაცობრიობას ივლის-აგვისტოს პაპანაქების გადატანაში ეხმარება, მეორე მხრივ კი, მას ე.წ.გაციებასთან დაკავშირებულ უამრავ დაავადებას "აბრალებენ" - ყელის ტკივილიდან დაწყებული, წელისა და კისრის გაკავებით დამთავრებული. საზოგადოებაში მყარად არის ფესვგადგმული აზრი, რომ ზაფხულის გაციებების მთავარი დამნაშავე სწორედ ხელოვნური გრილი ჰაერია.
შეუძლია თუ არა ტემპერატურის ცვლილებას დამოუკიდებლად დაგვაავადოს და არის თუ არა სინამდვილეში "დამნაშავე" კონდიციონერი? ამ მარადიულ დილემას ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ექიმი დეტალურად განმარტავს, თუ რატომ ვუკავშირებთ სიმპტომებს ასე მარტივად კონდიციონერს და რა ხდება სინამდვილეში ჩვენს ორგანიზმში.

"დაიწყო ზაფხულის სიცხეები და შესაბამისად, სახლებსა თუ ოფისებში კონდიციონერის პულტით შერკინების სეზონი. ზოგს სცხელა და უნდა რომ ჩართული იყოს, ზოგსაც ეშინია, რომ კონდიციონერთან „გაცივდება“.
ამ სეზონზე სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომების მქონე პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ კონდიციონერთან გაცივდნენ.

კონდიციონერი არ იწვევს სასუნთქი გზების ინფექციებს, მათ იწვევს ვირუსები და ბაქტერიები, რომლებიც გადამდებია და ასეთი სიმპტომების შემთხვევაში სხვებს უნდა მოვერიდოთ. კონდიციონერს ძირითადად იმიტომ ბრალდება, რომ თითქმის ყველა ადამიანს აქვს მასთან შეხება და ამიტომ ადვილად უკავშირებენ თავიანთ სიმპტომებს. აი დაახლოებით ისე, ადრე საზამთროთი მოწამვლაზე რომ ვწერდი - ზაფხულში ღებინებას და დიარეას ხშირად უკავშირებენ საზამთროს, არადა ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექცია აქვთ. ამ სრულიად უწყინარ საკვებს კი იმიტომ ბრალდება, რომ თითქმის ყველა ჭამს საზამთროს და მასზე სიმპტომების „გადაბრალება“ ადვილია.

გარდა ამისა, ზაფხულში ადამიანები ნაკლებად მოელიან სასუნთქი გზების ინფექციებს, რომლებიც, ცხადია, ზამთარში უფრო ხშირია, მაგრამ ზაფხულშიც შეიძლება გავრცელდეს.

თუმცა, კონდიციონერის პირდაპირმა, ხანგრძლივმა დაბერვამ შეიძლება ლორწოვანი გარსების გამოშრობა და შესაბამისად, ცოტა ხნით თვალების და ყელის წვა გამოიწვიოს, ზოგჯერ თავის და კისრის ტკივილიც.
გარდა ამისა, თუ კონდიციონერის ფილტრები პერიოდულად არ გაიწმინდა, სხვადასხვა მიკროორგანიზმები შეიძლება დაგროვდეს.

ასევე, რადგან კონდიციონერი ძირითადად შიდა ჰაერის გაცივებას და რეცირკულაციას ახდენს, კონდიცირებული შენობა სასურველია პერიოდულად განიავდეს, რადგან ხანგრძლივად დახშულ შენობაში ნახშირორჟანგის მზარდმა კონცენტრაციამ შეიძლება ძილიანობა და თავბრუსხვევა გამოიწვიოს,"- განმარტავს ექიმი.

ავტორი: ზმნა

06/23/2026

გაციებავირუსიინფექციონისტიკონდიციონერიმაია ბუწაშვილი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024