საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თეა დარჩიამ მეოთხე შვილი 42 წლის ასაკში გააჩინა. მუცლადმყოფ გაბრიელზე უთხრეს, რომ ის დაუნის სინდრომით დაიბადება. მოცეკვავეს, მის მოშორებაზე, არც უფიქრია. დადიოდა მამა გაბრიელის საფლავზე და მას შემწეობას სთხოვდა...
სუხიშვილებიდან მისი წამოსვლაზეც მეოთხე შვილს უკავშირდება. "პირველ სტუდიაში" თეამ ამ თემაზე ისაუბრა.
თეა დარჩია: სუხიშვილებიდან წამოვედი, რადგან აღთქმა დავდე. არ შემეძლო, რომ დამერღვია. მეოთხე შვილზე რომ დავფეხმძიმდი, მეთორმეტე კვირაზე მითხრეს, რომ დაუნის სინდრომი აქვს ბავშვსო. ერთი კვირა გავშეშდი. ნამდვილი გაძეგლება დამემართა, არც ცრემლი მდიოდა, არ ვიცოდი, რა მექნა, ერთი ის კი ვიცოდი, რომ ეს ბავშვი უნდა გაჩენილიყო. ცხრა თვე გარშემო ყველა მეუბნებოდა, რად გინდოდა, სამი ჯანმრთელი შვილი გყავს, ეს პრობლემა რატომ აიკიდე ძალითო?
ტესტები, ანალიზები, გერმანიაშიც გაგზავნით ამბობდა, რომ 80 პროცენტი დაუნის სინდრომია. 20 პროცენტზე ვერაფერს ვიტყვითო, ყველა ამას მეუბნებოდა.
გულში რომ იტყვი, ღმერთო, ოღონდ ყველაფერი კარგად იყოს და რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ცხოვრებაში, იმას დავთმობ. ნება შენი იყოს, მაგრამ ჩემგან მსხვერპლს გავიღებ-მეთქი.
ძალიან დამეხმარა მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი, გვერდში დამიდგა. მითხრა, თეა, პრობლემა გექნება, მე გაგიზრდიო. და იღუმენია სიდონია დარჩია, რომელთანაც გავზარდე იოანაც და გაბრიელიც. სიმშვიდეში, სიყვარულში და ბედნიერებაში ვიყავი სულ.
გაბრიელი გაჩნდა 15 წუთში 4 და 600, აბსოლუტურად ჯანმრთელი, ათიდან ათი ქულა აიღო.
გაბრიელი რომ დამაწვინეს, შემოვიდა პედიატრი. ბავშვს რომ ათვალიერებდა, ისტერიკული ტირილი აუტყდა. ზუსტად იგივე დიაგნოზი მქონდა, რაც შენ, მე ვერ გავუძელი და აბორტი გავიკეთეო, მითხრა და ისე ტიროდა, აქეთ მე ვამშვიდებდი. მასთან ერთად მეც ძალიან განვიცადე. ჯანმრთელი ბავშვი მომიკლიაო, ასე მითხრა.
როგორც კი გაბრიელი წამოვჩიტე, გავიქეცი იმ ექიმთან, ვინც პირველმა მითხრა, ეს საშიშროება არისო. კლინიკის რესეფშენში მითხრეს, ეს ექოსკოპისტი გარდაიცვალაო. ახალგაზრდა ბიჭმა დაიძინა და აღარ გაიღვიძაო. იქ მივხვდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ყოველ დილით თვალს რომ გაახელ და ცოცხალი ხარ. ყოველ დილით ვიწყებ - მადლობა ღმერთო-მეთქი, თვალი გავახილე და უკვე ბედნიერი ვარ.
არ ვიცი, იქნებ ექიმის შეცდომაც არ იყო. მთავარია, მე ამ გამოცდილებას, ამ სტრესს, ნერვიულობას გავუძელი მხოლოდ ღმერთის რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მივენდე ბოლომდე. მადლობა ღმერთს ამისთვის.
ყველაფერი უფლის ნებაა...
ღმერთმა შეიწირა. მან იცოდა, მე როგორ მიყვარდა ის საქმე, რასაც სუხიშვილების აკადემიურ ანსამბლში ცეკვა ჰქვია.
ღმერთთან ერთად შეუძლებელს შეძლებ. მარტო ადამიანი არაფრის მაქნისი არ არის.
05/18/2026