სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ტორონტოს MBO ფილდზე სენსაცია მწიფდებოდა. კოტ დ’ივუარი - აფრიკული სახელმწიდოს ნაკრები - რომელიც ადრე სპილოს ძვლის ნაპირის სახელით იყო ცნობილი, თვით გერმანიის ნაკრებს ამარცხებდა. „ბუნდესმანშაფტი“ უტევდა, რაღაცას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
იულიან ნაგელსმანმა, გერმანელების მწვრთნელმა, თამაშის გადასარჩენად შეცვლა მოამზადა: „ბაიერნის“ სუპერვარსკვლავის, ჯამალ მუსიალიას ნაცვლად მოედანზე შტუტგარტელი თავდამსხმელი დენიზ უნდავი შეუშვა. მატჩის მე-60 წუთი მიდიოდა... და რა მოხდა მერე? 68-ე წუთი: დენიზ უნდავი ანგარიშს ათანაბრებს. 90+4 წუთი: დენიზ უნდავი გამარჯვების გოლს იტანს, რომლის წყალობითაც გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში გადის.
გერდ და ტომას მიულერების, იურგენ კლინსმანის, მიროსლავ კლოზეს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს, რუდი ფიოლერის და სხვათა და სხვათა სამშობლოს ნაკრებს უეცრად მხსნელად დენიზ უნდავი მოევლინა... და ამბავი მხოლოდ ეს არ არის.

ვინ არის დენიზ უნდავი? ეთნიკური იეზიდი, რომელიც თავის ბიოგრაფიას ასე აღწერს: „როდესაც 14 წლისას „ვერდერში“ მითხრეს, რომ მეტისმეტად დაბალი ვიყავი და მომავალი არ მქონდა, გული მეტკინა, მაგრამ იმედი არ გადამიწურავს. 17 წლისამ ოჯახი დავტოვე და „ჰაველსეში“ თამაშს ქარხანაში ლაზერული ჩარხის ოპერატორად დღეში 8-საათიან მუშაობას ვუთავსებდი. დილით 4 საათზე ვიღვიძებდი, ქარხანაში მივდიოდი, რის მერეც ვარჯიშზე მიმეჩქარებოდა და შინ საღამოს 8 საათზე ვბრუნდებოდი. მარტო ფეხბურთით მიღებული ფული ცხოვრებისთვის არ მყოფნიდა.“
ცხადია, ნახევრად პროფესიონალი ფეხბურთელის სტატუსის მქონე ახალაგზრდა კვირაში 120-ევროიანი ხელფასით შორს ვერ წავიდოდა და ამიტომაც უწევდა ქარხანაში მუშაობა. დღეს უნდავის ხელფასი დაახლოებით 80 ათასი ევროა კვირაში...
ფეხბურთი სავსეა ასეთი ისტორიებით, რომლებიც ერთდროულად გვაოცებს და ამასთანავე სამოტივაციოდაც გამოდგება.
აი, მაგალითად, მიროსლავ კლოზე - სანამ სამოყვარულო გუნდებში თამაშობდა, დურგლობას სწავლობდა. ჯეიმი ვარდი პროთეზების საამქოში მუშაობდა და პარალელურად სამოყვარულო „სკოტბრიჯში“ თამაშობდა. „არსენალის“ ლეგენდა იან რაიტიც შავი მუშა იყო, სანამ ფეხბურთელის ხელფასით ცხოვრებას შეძლებდა.
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზეც არიან არასაფეხბურთო პროფესიის მქომე მოთამაშეები. თუნდაც, კაბო ვერდეს ნაკრების ცენტრალური მცველი რობერტო ლოპესი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ირლანდიის ერთ-ერთ ბანკში ჩვეულებრივ ოფისის თანამშრომლად მუშაობდა და ფეხბურთს ნახევარ განაკვეთზე თამაშობდა.

კაბო -ვერდეს ნაკრების მწვრთნელმა მაშინ ის სოციალურ ქსელ LinkedIn-ის მეშვეობით აღმოაჩინა და მიწვევა გაუგზავნა. თავიდან ფეხბურთელს ეს შეტყობინება სპამი ეგონა და ყურადღება არ მიაქცია, თუმცა მერე მიხვდა, რომ ეს ვიღაცის ბოროტი ხუმრობა არ იყო და დღეს ხედავთ, სადაც იმყოფება.
06/21/2026