კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფიროსმანის სიყვარულის ლეგენდად ქცეული ისტორია, მუდამ გაინტერესებს. სევდას გგვრის, მაგრამ სულ გინდა, რომ ამ უიღბლო ისტორიაზე, ეგებ რამე დამატებით, კიდევ შეიტყო. ან რა სიახლეს ელოდები, მაგრამ მაინც. ჩვენ ხომ ლეგენდები გვიყვარს.
გენიოსი ქართველი, ღატაკი მხატვრისა და ქარაფშუტა ელზასელი, ფრანგი არტისტის შესახებ "ზმნა"კიდევ ერთხელ გაიხსენებს ისტორიას, რომელსაც ხავსი არასდროს ედება...
ისტორია მარგარიტასა და ნიკალაზე...

გასტონ ბუაჩიძე თავის ნოველაში "ვარდები მარგარიტასთვის" ისე ნატურალურად აღწერს სურათს, თუ როგორ მღეროდა და ფარფარტებდა მარგარიტა და როგორ მოინუსხა ნიკალა, რომ ლამის იქვე მჯდომად წარმოიდგენ თავს.
"ზუსტად 21 საათზე ფარდა იხდება, სიმებიანი საკრავების ორკესტრის თანხლებით, რომელსაც ცნობილი დირიჟორი ა. დალსიე უძღვება (რაც მისი მსმენელი ნ. ფიროსმანისთვის სულერთია). ვიწრო სცენაზე ახალგაზრდა და ტანწერწეტა მარგარიტა გამოდის. ცეკვა-ცეკვით. ასრულებს რამდენიმე პირუეტს და პეპელასავით დაფარფატებს… ჰაეროვანი მარგარიტა ოდნავ ეხება ოქროსფერი, რბილი მაშიებით უხეშ იატაკს და ხელახლა ცისკენ, წარმოსახვითი და საოცრად ხელშესახები ლაჟვარდისკენ მიფრინავს.
გვერდით იარუსზე ფიროსმანს სუნთქვა ეკვრის. ქალის მოალერსე, გულში ჩამწვდომი ხმა გულის სიღრმიდან ამოდის, ფიორიტურების ლაბირინთში ეხვევა, სადღაც, შორს თითქოს ორმაგდება აღტაცებული მსმენელის გასაკვირად…
მეორე დღეს პრესა ხოტბა-დიდებითაა აღსავსე. განსაზღვრება “ორმაგი ხმა” სამუდამოდ მიეკერება საგასტროლოდ ჩამოსულ ალზასელ ქალს. ფიროსმანზე მით უფრო ეფექტს ახდენს ღუღუნის და ჭიკჭიკის მსგავსი სიმღერის სიტყვები, რაც უფრო უჭირს მათი მნიშვნელობის გაგება.”

მარგარიტა დე სევრე - ფრანგი "აქტრისა" საქართველოში მაშინ ჩამოვიდა, როცა ნიკო ფიროსმანი უკვე 40 წლის იყო. გავიგოთ მეტი პოლონელი წარმოშობის ფრანგ ქალზე შუახნის ქართველ მხატვარს რომ თავბრუ დაახვია...
ფიროსმანის და მარგარიტას კიჩად ქცეულ, სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებულ მელოდრამაზე სტატია ნინო ხოფერიამ გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში"გამოაქვეყნა.
"მხატვარი, თავისი ჰაბიტუსით, მანერებით, ალბათ, მენტალიტეტითაც განსხვავდებოდა იმ მამაკაცებისგან, რომელიც “აქტრისამ” აღმოსავლეთში ნახა.
გადმოცემის მიხედვით, მუშტაიდის რესტორანში გამოსვლისას, ქალმა განსაკუთრებული მზერა და ყურადღება მიაპყრო ნიკო ფიროსმანს (იმ ფორმით, როგორც შანტანების მსახიობებს ახასიათებთ).
“ვარდები აქტრისა მარგარიტასთვის”: ამ თემის რამდენიმე ვარიაცია არსებობს. ა. ვოზნესენსკის ტექსტის მიხედვით დაწერილი სიმღერა მილიონ ალისფერ ვარდზე მოგვითხრობს, რომელიც ღარიბმა მხატვარმა მსახიობ ქალს უძღვნა.
ვიქტორ შკლოვსკი წერს, რომ ფიროსმანმა თავისი დუქანი გაყიდა და აღებული ფულით შეიძინა ყველა ყვავილი (არა მარტო ვარდი), რომელიც იმ დღეს თბილისში იყო. დაიქირავა მეურმე, ყვავილები იმ ქუჩაზე მოფინეს, სადაც მარგარიტა ცხოვრობდა… მისი სასტუმროს კიბეებიც სავსე იყო ყვავილებით…

კონსტანტინე პაუსტოვსკიც აღწერს ქუჩას, ყვავილებით მოფენილს. აღწერს მარგარიტას, რომელმაც ჩაიცვა თავისი ყველაზე ლამაზი კაბა და გაიკეთა სამაჯურები. საღამო ხანს კი მხატვარი თავისთან მიიხმო (იმ დღეს ნიკალა ორთაჭალის ერთ-ერთ დუქანში ქეიფობდა). იგივე პაუსტოვსკი ფრანგ “აქტრისას” რატომღაც “შეუხედავ, წითურ და ხარბ ქალად” წარმოგვიდგენს. ამგვარ ეპითეტებს სხვა წყაროებში ვერ იხილავთ.
“მომღერალი და მოცეკვავე კაფე-შანტანიდან – ფრანგი მარგარიტა იყო ლამაზი და მოხდენილი… ფიროსმანმა ის შეიყვარა სამუდამოდ” – ასე ფიქრობს კირილე ზდანევიჩი.
ნიკო ფიროსმანის პარტნიორი დუქანში, მისივე ნათლიმამა, ვაჭარი დ. ალუგიშვილი ირწმუნებოდა: მთელი წლის შემოსავალი ნიკალამ გაფლანგა-გაანიავა, იმ აქტრისა ქალს დაახარჯაო.
იმ დაკარგულ ფულებზე სწუხდნენ და დაობდნენ ნიკალას აშენებულ სახლში, ნიკალასვე მოხატულ კედლებში მცხოვრები მისი და და სიძე. თითქოს ის ფულები ყოფილიყოს ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი.
ამ ადამიანებმა, ყველაზე ახლო ნათესავებმა, ვერც ბოლო ცხრა წლის უნახავი ნიკალას სიკვდილი გაიგეს და არც საფლავი უნახავთ.
იმავე დამ და სიძემ, რომლებმაც ფრანგი “აქტრისა” ძმის ხელგაშლილობის გამო შერისხეს, დაკარგეს და გაანიავეს ნიკალას რამდენიმე ნამუშევარი, მოხატული კედლები, პირადი წერილები, ფოტოები…
– “ასეთი “დაკარგვა” ადამიანისა ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ აუხსნელია”… უთქვამს გიორგი ლეონიძისთვის დალაქ გოგიტაშვილს…
და მაინც, როგორი იყო მარგარიტა.
“ნიკო მდიდარი კაცივით არ გამოიყურებოდა, მადმუაზელ მარგარიტას მისდამი ყურადღება ანგარებიანი არ იყო… – საუკუნის გადასახედიდან წერს მხატვარი თემო ჯაფარიძე.
– ხალხში მისი მარგარიტასთან ურთიერთობა იმდენად მითიზირებულია, რომ მისი არალამაზ ქალად წარმოდგენა შეუძლებელი ხდება. ფიროსმანმა იგი თავისი დეფორმაციის მეთოდით დახატა. ისინი, ვინც ფიროსმანის იერსახისგან ნატურალურ მომხიბლავობას ითხოვენ, ნახატში ლეგენდას ეძებენ და არა მხატვრობას. ფიროსმანის დახატული მარგარიტა თავისი დეფორმაციის სიუშნოვეშია ულამაზესი. ამ სიუშნოვეში დიდი ინტიმი და სიწმინდეა გამოსახული. ეს, პატარა გოგონასავით გამოწყობილი ქალი ისეთი ძლიერი მხატვრული ვნებით არის დახატული, რომ შეუძლებელია ამ ვნებით აღწერილი ქალი ლამაზი არ იყოს. სილამაზე, ალბათ, სახის სტრუქტურაში და ელასტიკურ აღნაგობაში კი არ უნდა ვეძიოთ, არამედ იმ ტემპერამენტში, რაც ფიროსმანის მხატვრულ ენას გააჩნია მარგარიტას იერსახის ჩამოყალიბებაში”.

იმათ, რომელთაც ალბათ ევროპაში “კურტიზან ქალებს” უწოდებდნენ, ფიროსმანმა “ავლაბრის ტურფები” დაარქვა. თვით სახელდებაც სითბოს და თანაგრძნობას გამოხატავს.
“ზემოდან ამ ბედშავებს თეთრ ზეწარს ვაფარებ. თეთრი ფერით ცოდვებს მივუტევებო”… – ასე უბრალოდ და გასაოცრად განმარტავს თავის ფერწერულ ამოცანას ნიკო ფიროსმანი.
ეს მიზანია თავის თავში, რომლითაც ადამიანს ამაღლებს ყოველივე იმაზე, რაც მას ამარცხებს. თითქოს მხატვრობა უპირველესად თანაგრძნობაა… და ეს ნიჭი მხოლოდ დახატვისთვის არ არის მოწოდებული და ბოძებული…
“გრაფ”! ასე მიმართავდნენ თურმე მას თბილისელი ღვინის ვაჭრები. “გრაფ”! – ოდნავი ირონიით წარმოთქვამდნენ და ალბათ თვით ისინიც კი, რაღაც შინაგანი ფლუიდებით ხვდებოდნენ, რომ ეს სიტყვა სინამდვილის არსს გამოხატავდა: თავმოყვარე, კეთილშობილი, ფაქიზი, ბრბოსგან დისტანცირებული ადამიანის რაობას.

მელოდრამის ფინალი
1969 წელი, მარტი. “პარიზის დეკორატიული მუზეუმის დარბაზები ფიროსმანის ტილოებს მასპინძლობს. თბილისის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, რომელსაც პარიზის ამ გამოფენის ორგანიზება აქვს დავალებული, ხედავს დარბაზში შემოსულ ოთხმოციოდე წლის ქალბატონს, რომელსაც, ასაკი, მაინცდამაინც არ ეტყობა. ქალს მღელვარე ღიმილი დასთამაშებს და გამოფენის კომისარს სთხოვს სურათი გადაიღოს “აქტრისა მარგარიტასთან” ახლოს, ანუ თავის თავთან ახლოს”… (ფრაგმენტი გასტონ ბუაჩიძის ესედან).

ამ გამოფენას თავისი პრეისტორია ახლავს, რის შესახებაც ცნობილმა ტელეჟურნალისტმა, ფრანგული ენის სპეციალისტმა, ქალბატონმა ვალენტინა ხაზალიამ გვიამბო. მაშინ, ცნობილი “რკინის ფარდის” ეპოქაში, ქალბატონი ვალია, თავის მეუღლესთან გივი მელაძესთან ერთად, დიპლომატიური მისიით გახლდათ ბელგიაში, ბრიუსელში. ბატონი გივი ჯერ სსრკ-ს საელჩოში იყო. შემდგომ იუნესკოს წარმომადგენლობაში. იქვე, საკონსულოში, მუშაობდა ქალბატონი ვალია ხაზალიაც.
იუნესკოში ხშირად იმართებოდა საინტერესო შეხვედრები, საღამოები, კონფერენციები… ერთ-ერთ ამგვარ ღონისძიებაზე ქალბატონ ვალიას გააცნეს ხელოვნების კრიტიკის საერთაშორისო ასოციაციის წევრი ჟან ა. კეიმი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, არც საქართველოში იყო ნამყოფი და არც ფიროსმანის შემოქმედებას იცნობდა.
“ის ერთხანს შეჩერდა, დამაკვირდა და მოკრძალებით მთხოვა, თუ ძალიან არ დაიღლებით, მომიყევით რაც კი იცით ფიროსმანზეო… მეც ვეცადე არ დამეკლო რა ნიკალასთვის, მისი, როგორც ხელოვანის, პირველი აღმომჩენებიდან – ფრანგი მიშელ ლე დანტიუს და ძმები ზდანევიჩებიდან დაწყებული… რაკი დაინტერესდა, იქვე დავპირდი, რომ ის უზრუნველყოფილი იქნებოდა საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის, აკადემიკოს შ. ამირანაშვილის ინფორმაციითა და ფიროსმანის ნამუშევრების ფოტორეპროდუქციებით”…

ჟურნალში “ქართული მწერლობა” (#22) დეტალურადაა მოთხრობილი ამ შეხვედრის შემდგომი განვითარების ისტორია: ჟან ა. კეიმის და შალვა ამირანაშვილის წერილები, იუნესკოს “კურიერის” მასალები, მზადება გამოფენისთვის და ა. შ.
მივუახლოვდეთ ფინალს, მელოდრამის საკვანძო ნაწილს. “ექსპოზიციას მნახველთ თავად აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი და მხატვარი გიორგი მაქაცარია აცნობდნენ და მოხდა, შეიძლება ითქვას, არც თუ მოულოდნელი, მაგრამ საოცარი რამ: გამოფენის ერთ-ერთ გამორჩეულ ექსპონატს, რომელმაც ფიროსმანმა "აქტრისა მარგარიტა" დაარქვა, გამოეცხადა თავად მარგარიტა დე სევრი, ორი მანდილოსნის თანხლებით… და იდგა დიდხანს მდუმარედ, მისი ფიგურული კომპოზიციის წინ. შემდეგ ბატონ შალვასთვის მოუხსენებია, რომ მას მარგარიტა ჰქვია, ნამყოფია თბილისში. თან საჭიროდ ჩათვალა ეთქვა ეს ფრაზაც: “არ იფიქროთ, თითქოს ფიროსმანი მარგარიტას ქარაფშუტულად ექცეოდა, მას მარგარიტა რაინდულად უყვარდაო”…
სხვა წყაროებში ვკითხულობთ: “მე ფიროსმანი რაინდულად მექცეოდაო”.
ეს ფოტოდოკუმენტი კი ინახებოდა აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის ოჯახში. ბატონ ჯ. ამირანაშვილის ინფორმაციით, ფოტოები გადაუღია მარგარიტა დე სევრის მეგობარს, პროფესიონალ ფოტოგრაფს ელენ ადამსს, რაღა თქმა უნდა, სათანადო ნებართვით. სხვაგვარად ლუვრში ფოტოაპარატით ერთი კადრის დაფიქსირებაც გამორიცხულია.
მარგარიტა დე სევრი ამ ე. წ. ფოტოსესიის შემდეგ სწრაფად გასულა დარბაზიდან. არც ავტოგრაფები დაუტოვებია და არც მისამართი. არც მოარულ ლეგენდებზე მიუცია განმარტება და ამ დღემდე დაუზუსტებელ კითხვებზე: რამდენი ხანი დაჰყო თბილისში, როგორი იყო მისი და ნიკალას ურთიერთობა…
ეპილოგის მაგიერ
“ფრანცუზები მოვიდნენ, – იგონებს ღვინის ვაჭარი ბეგო, ფიროსმანის კეთილისმყოფელი: – იმ ფრანცუზებმა უთხრეს ნიკალას: გინდა, საფრანგეთში წაგიყვანთო.
ნიკალამ მოახსენა: “ჩემს საქართველოდან არსად არ წავალო!”…
და მაინც, მადლობა საფრანგეთს. უპირველესად ფრანგ მხატვარს და ჯარისკაცს მიშელ ლე დანტიუს, რომლიც თავისი სამშობლოს, საფრანგეთის გადარჩენისთვის ომში დაიღუპა სრულიად ახალგაზრდა… იქამდე კი, ჩვენს სამშობლოში მხატვარი ნიკო ფიროსმანი აღიარა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გადაარჩინა. საფრანგეთის გაზეთებშიც გამოაქვეყნა წერილები უცნობი ქვეყნის უცნობ დიდ მხატვარზე… დიდი მადლობა ფრანგ ჯარისკაცს!..

მადლობას ვუძღვნით ფრანგ მსახიობ ქალსაც – მარგარიტა დე სევრის იმისთვის, რომ შთაგონება და თუნდაც მცირეხნიანი სიხარული მიანიჭა ნიკო ფიროსმანს… იმისთვისაც, რომ ავტოგრაფის და მისამართის დაუტოვებლად გაუჩინარდა. ანუ: არ ისურვა მისთვის ძალიან პირადული სხვათა ინტერპრეტაციების საგნად ექცია… არც უეცარი პოპულარობა ისურვა, არც ჟურნალისტების შოუებში მონაწილეობა და გენიალური მხატვრის მუზად საჯარო აღიარება. მან უძვირფასეს მოგონებებთან ერთად ჩრდილში ყოფნა არჩია, მართალია, ფიროსმანის “აქტრისა მარგარიტა” მიხეილ ბულგაკოვის მარგარიტასავით ოსტატის ცხოვრების დრამაში არ მონაწილეობდა, მაგრამ იგი განუმეორებელ ლეგენდარულ პერსონაჟად იქცა. ის იყო მიზეზი, რის შედეგადაც ნიკო ფიროსმანმა თავის ხელოვნებასთან ერთად კიდევ ერთი თემა თუ საიდუმლო დაგვიტოვა: როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ქალის გამარგარიტება ანუ საყვარელი ქალის გამარგარიტების მისტერია..."
07/27/2026