ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თამო ვაშალომიძეს საქმიანი ზაფხული ჰქონდა, სახლის რემონტიც დაასრულა. მონაკოში ვიზიტისას, ცნობისმოყვარეობამ კაზინო დაათვალიერებინა, თუმცა "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის, მსუყე თანხების ამგვარად არამიზნობრივი ხარჯვა, უსამართლობაა, როცა სამყაროში უამრავი მშიერი ადამიანი და მიუსაფარი ცხოველები არსებობენ.
აცხადებს, რომ პირადი ცხოვრება, ამ ეტაპზე, არ აქვს და რამდენიმე წელი, ამაზე კითხვა არ უნდა დაუსვათ. რომელიღაც სერიალის ქასთინგებს გადის, რომელსაც კონტრაქტით გათვალისწინებული შეზღუდვის გამო, ვერ ასახელებს.
ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე შვილის დიზაინით შექმნილი კაბით უნდა მოიწონოს თავი და უჩვეულოდ ღელავს.
- როგორი ზაფხული გქონდა?
თამო ვაშალომიძე: ზაფხული ვერ ვიგრძენით. არც ცხელოდა, მალეც გავიდა. ნახევარი უცხოეთში გავატარე, ღონისძებებსა და შეხვედრებში.
ჩემი გეგმები ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც ჩაფიქრებული მაქვს და მინდა. ამ ზაფხულითაც არ ვარ ბოლომდე კმაყოფილი, რადგან მაქსიმალისტი ვარ, თუმცა მადლიერი ვარ, ყველაფერი ნორმალურადაა. კარგი იქნებოდა, ტურისტული კუთხით, უკეთესი სეზონი ყოფილიყო. ჩემი ახლანდელი პროდუქცია ზაფხულის ხაზზეა მორგებული და ამიტომაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა უფრო აქტიური ზაფხული ყოფილიყო. მაგრამ არა უშავს. ბედის უმადური არ ვარ.
- ამასობაში მონაკო, კანი მოიარე. აბა, გაგვიზიარე შთაბეჭდილება.
- შეხვედრები იყო ჩემს ბრენდთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. კანის საქმიანმა შეხვედრამ უკმაყოფილო დამტოვა. როდესაც უცხოურ ბაზარზე 34 პროცენტიან წილს გთავაზობენ, თავმოყვარე ბიზნესი ამაზე არ წავა, უარს იტყვის. ეს შენი შრომის უპატივცემულობაა. თუმცა მე ამ შემთხვევამ ჭკუა მასწავლა. ერთი ნაბიჯით წინ წავედი. მე ბიზნესკოლა არ მაქვს გავლილი, შესაბამისად, ეტაპობრივად, პრაქტიკაში ვსწავლობ.
მონაკო კი მოეწონება მას, ვისაც ფული აქვს და კაზინო უყვარს. მათთვის იდეალური ადგილია. მე არ ვარ აზარტული მოთამაშე, ამიტომ კანი მირჩევნია, თავისი ულამაზესი სანაპიროებით.

- კაზინოს არ სტუმრობდი?
- კაზინოს ვსტუმრობდი, როგორ არა?! მაგრამ ერთადერთი კითხვა მქონდა, ამ აზარტულ თამაშებში, ამდენ ფულს რომ ყრიან, რატომ არ ეხმარებიან მათ, ვისაც საჭმლის ფული არ აქვს? პროტესტი გამიჩნდა ცხოვრების მიმართ. ამ მხრივ ცხოვრება ხანდახან უსამართლოა. ასე მეჩვენება.
შევედი დავათვალიერე, გამომწერებს გავუზიარე ჩემი პოზიცია და გამოვედი. მონაკოში კაზინოს ერთხელ მაინც ყველა ნახულობს. ძალიან ლამაზი ინტერიერები აქვს - ნახატები, ვიზუალი. საერთოდ, მე არ ვარ კაზინოში ნამყოფი, პირველად შევედი მონაკოში, მაგრამ ის რაც ვიცი, იქაური კაზინო ტრადიციული კაზინოებისგან განსხვავებულია - მაღალი ჭერი, დიდი ჭაღები, ვინტაჟური გარემო. მე მიყვარს ფრანგულ-იტალიური ძველებური სტილის სახლები და სასახლეები. მონაკოს კაზინოებიც ისეა მოწყობილი, რომ ვერ გრძნობ, რომ კაზინოში ხარ. ტურისტულ ვიზიტორებზეა გათვლილი.
არ ვფიქრობ, რომ ჩემი ნაშრომი ამ ადგილს უნდა დავახარჯო. თუ მაქვს იმდენი თანხა, რომ შემიძლია ხელგაშლილად დავხარჯო, მირჩევნია გაჭირვებულ ადამიანებს, ან ცხოველებს მოვახმარო. კარგია, რომ ყველა, ვინც ფულს უაზროდ ფლანგავს, ასე ფიქრობდეს.
- იქაურ მოთამაშეებზე რას იტყვი?
- მოთამაშეები მილიონერების იმიჯით იყვნენ. ყველას ეტყობოდა სტატუსი და ის, რომ არანაირ ფინანსურ პრობლემას არ უჩიოდნენ. მონაკოში 99 პროცენტი ასე გამოიყურება. იქ ხვდები, რომ ბევრი გაქვს სამუშაო, ხვდები, რომ არაფერი გაგიკეთებია ცხოვრებაში. კიდევ უნდა იშრომო, რომ მაქსიმუმ მათი ნახევრის ნახევარი მაინც შეძლო. კარგია ის, რომ მათი ცხოვრების სტილი (კაზინოს არ ვგულისხმობ) მოტივაციას გაძლევს - იშრომო და კიდევ მეტს მიაღწიო.
მე მაქვს პრინციპი, ვიმუშაო, ვიყო ის, რაც ვარ, ადამიანობა არ დავკარგო. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი. სულ ამას ვამბობ, რომ მოკვდები, არც სასახლე ჩაგყვება, არც მანქანა. მიგაქვს მხოლოდ სახელი და ადამიანობა.

- კანშიც არ დაისვენე?
- არა. მე ასეთი ვარ, როდესაც საქმეზე მივდივარ, იქ მხოლოდ საქმეზე ვარ ორიენტირებული. როცა ფეხზე ისე დავდგები, როგორც მე მინდა, შემდეგ უკვე დასვენებასაც ისე მოვასწრებ, როგორც მინდა. მუშაობის შანსი რომ გეძლევა, უნდა იმუშაო. ხან გამოდის, ხან - არა. თუ არ გარისკე, არ გამოდის. მერე ინანებ, უნდა გამერისკაო.

- როგორც განწყობით ვატყობ, ამ ზაფხულისგან უფრო მეტს ელოდი, ვიდრე მიიღე...
- კი... მალე გაიარა, სიცხეებს ველოდი, ახალ სახლში რემონტი მქონდა. დაკავებული ვიყავი. რამდენიმე დღეში შემოდგომა დგება.
- შარშან შემოდგომაზე მილანში მაღაზიის გახსნის თემით იყავი აღტაცებული, რა ხდება?
- მილანში მაღაზიის გახსნა საბუთების მოწესრიგების პროცედურებმა გაწელა. ავეჯსაც საქართველოში ვამზადებ, რადგან მილანში სოლიდური თანხა დამიფასეს. არ მეჩქარება, მიჯობს შედარებით ბიუჯეტურად გავთვალო. მაღაზია წელს გაიხსნება.
- წელს რას გეგმავ კიდევ?
- ვენეციის კინოფესტივალზე ვარ მიწვეული. ჩემს გუნდთან ერთად მივდივარ. ვემზადები და გამორჩეულია ეს მზადებაც, რადგან ჩემმა შვილმა, სოფიამ, რომელიც ძალიან კარგად ხატავს, კაბის ესკიზი შექმნა და წითელ ხალიჩაზე ამ კაბით გავივლი. ამჯერად სოფია იქნება ჩემი დიზაინერი. თან მიმყავს და ძალიან უხარია.
იქნებ ერთხელ ჩემი დახატული კაბაც ჩაიცვაო, მითხრა. ოთხი-ხუთი ვერსია დახატე და მე ავირჩევ-მეთქი, ვუთხარი. გაითვალისწინა ისიც, რომ ტანზე მომდგარი კაბა მინდოდა. ფერები ვუთხარი, რომელიც წითელ ხალიჩას მოუხდება.
ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური წითელი ხალიჩა იქნება. ბავშვი რომ გიყურებს, ასეთი რამ არ მქონია და მეც ვღელავ. თან მის შექმნილ კაბაში ვიქნები! დარწმუნებული ვარ საზოგადოებასაც მოეწონება.
სოფიაზე და მაქსიმეზე ძვირფასი, ამქვეყნად, არავინ და არაფერია.


- სულ ფორმაში როგორ ხარ?
- ღამით არ ვჭამ, ვაკონტროლებ. საკვები დანამატის კორეული ბრენდის პარტნიორი ვარ საქართველოში. პროტეინ-შეიკია, დაბალკალორიული, რომელიც რკინას და ცილას შეიცავს. ღამის ათ საათზე ვსვამ და მანაყრებს. ბოლო კვებას კარგად მიცვლის. გაზიანს, ალკოჰოლს არ ვსვამ, ცომეულს არ გეახლებით. ორ კილოს თუ მოვიმატებ, მარტივად ვიკლებ და ასე... სახლში სარბენი ბილიკი მაქვს და იმაზეც იშვიათად დავდივარ. ადრე უფრო ვვარჯიშობდი.
- პირად ცხვოვრებაში რა სიახლეა?
- პირადი ცხოვრება არ მაქვს და არც მექნება. ბევრი წელი ეს კითხვა არ უნდა დამისვათ. არაფერი შეიცვლება. მე ვიცნობ საკუთარ თავს და ვიცი, რასაც ვამბობ.

- ახალი სახლი როგორი გამოვიდა?
- ისეთია, როგორც მინდოდა. ბავშვებმა თავიანთი ოთახები თავის სტილში მოაწყვეს. გვაქვს ბუხარი და ახალი წელი ძალიან ზღაპრული და ლამაზი გვექნება. მინდა ჩემს შვილებს ისეთი ცხოვრება მოვუწყო, როგორიც მე არ მქონია - მშვიდი, ბედნიერი, სიყვარულით სავსე. ყველანაირად ვეცდები, რომ ასე იყოს.
- თავს გზადაგზა როგორ იძლიერებ? ცხოვრება არც ისეთი გლამურულია, როგორც ეს სოციალურ ქსელებში ჩანს.
- იმდენი რამ გამოვიარე და იმხელა ვალდებულებები მაქვს, ვერ დავნებდები. თანამშრომელთა 45 კაციანი ჯგუფი მყავს, მათთვის საყრდენი კედელი ვარ. აქეთ - საზოგადოება მაკვირდება, მგულშემატკივრობს, მაძლიერებს, რთულ დღეებში გვერდში მიდგას. სისუსტის უფლება ზუსტად ამ ადამიანების გამო არ მაქვს.

დეპრესიული ფონი და მხრებჩამოშვებული პერიოდი ყველას გვაქვს, ცხადია. ბედნიერი დღეები ერთმანეთს არ მისდევს. ასეთ დროს უნდა გავაძლიეროთ თავი. მე მიყვარს ქალები და მათ გასაძლიერებლად და გასამხნევებლად თუ სტიმული ვიქნები, გამიხარდება.

- სოციალური აქტიურობა არ გბეზრდება?
- მე გადაცემებში მონაწილეობაზე უარს ვაცხადებ. არც პრესას ვაძლევ ინტერვიუს, გამონაკლისების გარდა. ჩემს ცხოვრებაში სულ რაღაც ხდება და ჩემზე, ჩემგან დამოუკიდებლადაც წერენ. თუ ჟურნალისტს მომწონს და ვენდობი, მასთან ვთანამშრომლობ. მხოლოდ "ნახვების" დაგროვების გამო რომ არ გამოაქვთ ჩემი ფრაზები, მათ დროს ვუთმობ. ძირითადად, ინტერვიუს არ ვაძლევ. ასე მირჩევნია. ისედაც დატვირთული ვარ, ზედმეტად ატეხილი ხმაური არაფერს მაძლევს. ახლა ქასთინგებს გავდივარ სერიალისთვის. მაგრამ ბევრს ვერაფერს გეტყვით, კონტრაქტით ამის უფლება არ მაქვს.
- აბა, აბა, რა ქასთინგიო?
- უცხოეთში, რამდენიმე თვის წინ, პირველი ქასთინგი წარმატებით გავიარე, მეორე ქასთინგზე ოქტომბერში ვარ დაბარებული. მომავალ ზაფხულში ერთ-ერთი სერიალის მეოთხე სეზონის გადაღებას აპირებენ.
ეს არ არის მთავარი როლისთვის განკუთვნილი ქასთინგი, მაგრამ ჩემთვის კარგია.

08/25/2026